“დედამიცის”-ს ესაუბრება პედიატრი ლელა ზანგურაშვილი.
ორსულები და ახლად ნამშობიარები ქალები ინფექციების თვალსაზრისით რისკჯგუფს წარმოადგენენ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დაცვა კოვიდის პირობებში. “დედამიცის” დაინტერესდა, როგორ მოქმედებს ვაქცინაცია ორსულებზე, გადადის თუ არა ანტისხეულები დედის რძეში, რომელი ტრიმესტრია უსაფრთხო ვაქცინაციისთვის და იცავს თუ არა ბავშვს დედის ანტისხეულები საკმარისად კოვიდით დაინფიცირებისგან.
გვესაუბრეთ, რატომ უნდა აიცრან ორსულები, რომელი ტრიმესტრი ითვლება უსაფრთხოდ ვაქცინაციისთვის და გადადის თუ არა ანტისხეულები დედის რძეში?
ორსულები და ახლად ნამშობიარები ქალები რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, როგორც ბევრი სხვა ინფექციის, ასევე კოვიდ-19-ის თვალსაზრისით. მათ კოვიდ-19-ის მძიმედ მიმდინარეობის და გართულების რისკი მეტი აქვთ, ვიდრე სხვა, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებს. გარდა ამისა, კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ორსულს ნაადრევი მშობიარობის და ორსულობის სხვა გართულებების რისკიც მეტი აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის ჯანმრთელობა ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების და ორგანოთა სისტემების ჩამოყალიბება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც კი დაიწყო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება, მუდმივად იწერებოდა, რომ ის განსაკუთრებით საჭიროა ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის, როგორც რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებისთვის. თუმცა პირველ ეტაპებზე აცრის რეკომენდაციის გაცემისთვის საკმარისი ინფორმაცია არ გვქონდა.
ინფორმაციას საკმარისს და ამომწურავს ახლაც ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ახლა გაცილებით მეტი ვიცით როგორც თავად ვირუსზე, ასევე ვაქცინების გვერდით მოვლენებზე.
პირველ რიგში, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა: ცხოველებს, რომელთაც უკეთდებოდა Moderna-ს, Pfizer-BioNTech-ის, j&j/janssen-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის ვაქცინა ორსულობამდე და ორსულობის დროს, პრობლემები არ შეჰქმნიათ არც დედის და არც ნაყოფის მხრივ.
რაც შეეხება ადამიანებს, დღეისთვის არსებული კვლევები (რომლებიც ჯერ კიდევ გრძელდება) ძალიან კეთილსაიმედო შედეგებს გვიჩვენებს. რაიმე განსაკუთრებული პრობლემები ორსულებში ვაქცინაციის შემდეგ არ გამოვლენილა. ასევე არ გამოვლენილა უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინებიდან არცერთია ე.წ. ცოცხალი ვაქცინა. ანუ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოიწვევენ დაავადებას. ალბათ აქვე უნდა ვახსენოთ, რომ mRNA ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ვერაფრით შეცვლის ორგანიზმის დნმ-ს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დნმ უჯრედის ბირთვშია, სადაც mRNA -ს შეღწევა ფიზიკურად არ შეუძლია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამერიკული CDC მოუწოდებს ორსულებს, მათ შორის პირველ ტრიმესტრში მყოფებს, აწონ-დაწონონ ყველა რისკი და გადაწყვეტილება აცრის სასარგებლოდ მიიღონ.
გადაწყვეტილების მიღებაში ალბათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაგვეხმარება. ეს არის საფრანგეთის პრეპარატების ტერატოგენული, ანუ ნაყოფის სიმახინჯის გამომწვევი, ეფექტის ცენტრის დასკვნა, რომელიც 2021 წლის 30 ივლისითაა დათარიღებული (CRAT – Centre de Référence sur les Agents Tératogènes). ამ ძალიან სერიოზული ორგანიზაციის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საფრანგეთში დღეისთვის გამოყენებულ რნმ (Pfizer, Moderna) და ვექტორულ ვირუსულ (AstraZeneca) ვაქცინებს არ გააჩნია ორგანიზმში გამრავლების და დაავადების უნარი. შესაბამისად, დედის აცრის გამო ნაყოფის დაავადების რისკი არ არსებობს. ამ ვაქცინებს არ გააჩნია არც ტერატოგენული (სიმახინჯეების გამომწვევი), არც ფეტოტოქსიკური (ნაყოფზე ტოქსიკური) ზემოქმედება.
დღეისთვის გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც 4000 აცრილი ორსული მონაწილებოდა (25% აცრილია პირველ ტრიმესტრში, 50% მეორეში და 25% მესამეში), უკვე დაიბადა 700 სრულიად ჯანმრთელი ახალშობილი. პირველ და მეორე ტრიმესტრში აცრილ ორსულებს ჯერ არ უმშობიარიათ. თუმცა ჩატარებული გამოკვლევებით მათი ნაყოფების ჯანმრთელობას ასევე არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება თავად ორსულებს, იგივე დასკვნის მიხედვით, მათთან ვაქცინის ტოლერანტობა (გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე) ზუსტად ისეთივეა, როგორც არაორსულ ქალებში.
რომ შევაჯამოთ, მონაცემები და მტკიცებულებები არ არის ჯერჯერობით ძალიან ბევრი, იქიდან გამომდინარე, რომ თავად დაავადებაა ახალი. მაგრამ დღეისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სრულად გვაძლევს იმის უფლებას, რომ ორსულ ქალებს თამამად ვურჩიოთ ვაქცინაცია როგორც საკუთარი, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.
რაც შეეხება მეძუძურ ქალებს: ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, თავიდანვე არ იყო მოსალოდნელი, რომ ვაქცინის კომპონენტები აღმოჩნდებოდა ქალის რძეში. ის მცირე მასშტაბის კვლევები, რაც დღემდე უკვე ჩატარებულია, ადასტურებს, რომ ვაქცინის კომპონენტები რძეში ნამდვილად არ ხვდება. სამაგიეროდ რძეში ხვდება ანტისხეულები, რომელსაც დედა გამოიმუშავებს ვაქცინაციის შედეგად. სამწუხაროდ ჯერ არ ვიცით, რამდენად საკმარისია ეს ანტისხეულები ბავშვის დასაცავად; ან თუ იცავს, რამდენი ხანი გრძელდება ეს დაცვა. ამ კითხვებზე პასუხს მომავალი კვლევები გასცემს. თუმცა, რაც დღეისთვის უნდა ითქვას, არის ის, რომ მეძუძური ქალის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ აცრა უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის, დიდი სარგებლის მომტანია დედისთვის და, შესაძლოა, გარკვეული სარგებელი მოჰქონდეს ბავშვისთვისაც.
წყაროები:
https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/vaccines/recommendations/pregnancy.html