“დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი ანა მაღრაძე.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ბავშვთა ასაკში ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკით ან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში. თუმცა, შემდგომ პერიოდში შესაძლებელია გარკვეული გართულებები შეგხვდეს. სიმპტომების დაწყება შეიძლება გამოიხატოს ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, უმადობით, უხასიათობით. რაც უფრო მცირე ასაკში არის ბავშვი, მაგალითად, წლამდე ასაკში, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია, რადგან მცირე ასაკში გართულებების რისკი უფრო მეტია. მოზრდილ ასაკში პაციენტის მეთვალყურეობა შესაძლებელია ბინაზე, ექიმთან ყოველდღიური კონტაქტით და კონტროლით, რათა ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის შემთხვევაში ბავშვი გადავიდეს მკურნალობის მეორე დონეზე – ანუ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება სიმპტომებს, ეს არის: სიცხე, სახსრების ტკივილი, სისუსტე, უმადობა, პირის სიმშრალეს უჩივიან ხშირად ცოტა მოზრდილი ბავშვები 5-8 წლამდე, ვერ აღწერენ ზუსტად გემოს დაკარგვას და ფიქრობენ, რომ პირი გაუშრათ. ანუ ვერ გადმოსცემენ ყველაფერ იმას, რასაც დიდები სახელს არქმევენ – გემოს და ყნოსვის დაკარგვა. პატარა ასაკში ეს ჩივილები ფაქტობრივად არ გვხვდება, იმიტომ, რომ ვერ გადმოგვცემენ ამ ჩივილებს. თუ მძიმე მიმდინარეობაა, შეიძლება დაერთოს ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა, მივარდნილობა, მოთენთილობა, ძილიანობა და ა.შ. რაც, სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. საბედნიეროდ, ბავშვებში ეს ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს და 3-5 დღის მერე კლინიკური ნიშნები აღარც გვხვდება.
რა არის კოვიდის შემდგომი გართულებები?
რაც ბავშვებში გამოიხატა და შარშან ინგლისში, აპრილის თვეში დაფიქსირდა, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში, რომელიც ხასიათდება გახანგრძლივებული ცხელებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მინიმუმ 2 სისტემის ჩართვა – მუცლის ტკივილი, დიარეა, ტაქიკარდია, სახსრების ტკივილი, გამონაყარი კანზე, ძლიერი საერთო სისუსტე და ა.შ. ეს სინდრომი საკმაოდ მძიმე კლინიკური მიმდინარეობით გამოიხატება და უმეტეს შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციით სრულდება, უფრო მძიმე შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეთ რეანიმაცია. თუ სიცხესთან ერთად გვხვდება მინიმუმ ორი ნიშანი – სახსრების ტკივილთან და ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებთან ერთად, შეიძლება ეჭვი მივიტანოთ მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე, თუ კოვიდის გადატანიდან არის გასული ორ კვირაზე მეტი. 4-8 კვირიდან 12-16 კვირამდე ვითარდება ეს სინდრომი. კოვიდის გადატანის შემდგომ, რაც მოზრდილებშიც გვხვდება და ბავშვებშიც, ეს არის საერთო სისუსტე. ამ ნიშანს ბავშვებთან ვერ ვამჩნევთ მკაფიოდ, რადგან ან ვერ გადმოგვცემენ ან ვერ ამჩნევს მშობელი, რადგან ბავშვები ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან. უფრო არიან უხასიათოდ, უენერგიოდ, მალე იღლებიან, აღნიშნავენ მეხსიერების პრობლემებს, რომ უჭირთ დასწავლა და უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ ახალი ინფორმაციის დასამახსოვრებლად, ვიდრე აქამდე. აქვთ ასევე უმადობის პრობლემა, ოფლიანობის პრობლემა და ასევე, რაც კოვიდის გადატანის შემდეგ შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ეს არის გახანგრძლივებული სუფებრილიტეტი, ტემპერატურული რეაქცია 37.5-მდე. როდესაც ბავშვი მოიწყენს, მოითენთება და მშობელი გაუზომავს ტემპერატურას და არის 37.2, ესეც დამახასიათებელია და ვუხსნით მშობლებს, რომ შეიძლება სიცხე რამდენიმე კვირა ან თვეც გაგრძელდეს. როდესაც ბავშვს ვუკეთებთ კოვიდის შემდგომ ანალიზებს და ყველაფერი წესრიგშია, მშობლებს ვეუბნებით, რომ საერთოდაც არ გაზომონ ტემპერატურა, თუ არ ამჩნევენ, რომ ბავშვს რამე არ აწუხებს. ხშირად მშობელი ინტერესის გამო უზომავს ბავშვს და ფიქსირდება დაბალი სიცხე. ეს საგანგაშო სიმპტომად არ ითვლება.
რა სამედიცინო კვლევები არის საჭირო ბავშვებში კოვიდის გადატანის შემდგომ?
დაავადების იზოლაციის პერიოდის დასრულებიდან დაახლოებით 7-14 დღეში ვუნიშნავთ ბავშვებს სისხლის საერთო ანალიზს, ასევე ფერიტინს, რომ ვნახოთ გახანგრძლივებული უმადობის ფონზე, ხომ არ წამოვიდა ანემიის პრობლემა; ვაკეთებთ D ვიტამინის ანალიზს, რადგან უმეტესობას აღენიშნება D ვიტამინის დეფიციტი, ვინაიდან, მინიმუმ ორი კვირა არიან სახლში და მზის სხივებით დატვირთვა ნაკლებია, ვაკეთებთ შარდის ანალიზსაც, თუ რაიმე სიმპტომი გვაქვს ამაზე.
რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის, როგორ უნდა იზრუნონ კოვიდის გადატანის შემდგომ ბავშვების ჯანმრთელობაზე?
მშობლებს ძალიან უყვართ ეს გამოთქმა “იმუნიტეტის გაძლიერება” და აინტერესებთ, რა უნდა გავაკეთოთ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ზოგადად, ბავშვთა ასაკში ავადობის სიხშირე მეტია, ვიდრე მოზრდილებში. ეს არის ევოლუციურად თუ ფიზიკურად სწორი და რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მისი იმუნური სისტემა უფრო ლაბილურია, ნაკლებად ჰქონია იქამდე შეხება ინფექციებთან. რაც უფრო ხშირად მოხდება ინფექციებთან მისი კონტაქტი, უფრო მეტად “გაკაჟდება” მისი იმუნური სისტემა და მოზრდილ ასაკში ავადობები ხშირი აღარ იქნება. თუნდაც 4 წლამდე ბავშვი წელიწადში ათჯერ რომ ავადობდეს, ეს არის ნორმა. რაც შეეხება “გაკაჟებას” , ამისთვის კარგი გზა არის: სწორი კვება, რასაც სამწუხაროდ ბევრი მშობელი ვერ უზრუნველყოფს და ვერ ახერხებს, არა მხოლოდ სოციალური მდგომარეობის გამო, არამედ მოუცლელი სამუშაო რეჟიმის გამოც და არასწორი კვება, ერთ-ერთი ფაქტორია ჩვენი სტრესული და სწრაფი ცხოვრების რიტმში და მეორე მთავარი ფაქტორია, ბავშვების ნაკლები ფიზიკური აქტივობა. ბავშვი მინიმუმ ორჯერ, თითო საათი უნდა გადიოდეს ჰაერზე და ეს აუცილებლად უნდა იყოს დილით, რომ მოხდეს ამომავალი მზის სხივებით დატვირთვა ე.წ. აისის პერიოდში და მეორე, მშობელი როცა დაბრუნდება სამსახურიდან და თუ არის საშუალება ბავშვი იყოს ეზოში, აუცილებელია გაიყვანოს ჰაერზე. არ უნდა გვყავდეს ბავშვები მუდმივად მჯდომარე პოზაში და მუდმივად გამოკეტილი სახლში, რაც პანდემიის პერიოდში უფრო მეტად გახშირდა. ამიტომ, მშობლები ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ პირველ რიგში. ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე სწორი მეთოდიც ეს გახლავთ: სწორი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური დატვირთვა. ახლა, როდესაც აღარ არის სპორტზე სიარულის საშუალება, მშობლებმა ეზოში უნდა გაუშვან ბავშვები, სადაც ითამაშებენ, ირბენენ და ველოსიპედით ისეირნებენ.