იცოდით, რომ მსოფლიოს ცნობილი სკოლების კურიკულუმებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას დიდი ადგილი უჭირავს? ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მხოლოდ კითხვის, წერის ან კონკრეტული საგნის ცოდნა არ არის საკმარისი, ბავშვებს ასევე სჭირდებათ ისწავლონ კრიტიკულად აზროვნება, თუ მათ უნდათ, რომ იყვნენ წარმატებულები დღევანდელ კომპლექსურ სამყაროში. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, სადაც ყველანაირი ფაქტობრივი ცოდნის მიღება შეიძლება ისე, რომ არც დაგჭირდეს რაიმე დაიმახსოვრო, რადგან ამას “გუგლი” უსწრაფესად შეგახსენებს. 21-ე საუკუნეში ფაქტობრივ ცოდნაზე რელევანტურად კრიტიკული აზროვნება მიიჩნევა.
უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია გვიზიარებს რამდენიმე რჩევას კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად საჭირო თამაშებს.
რა არის კრიტიკული აზროვნება?
როცა არსებული ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით შეგიძლია:
შედარება და განსხვავების აღმოჩენა;
მოვლენათა მიზეზობრიობის ახსნა;
იდეების ჩამოყალიბება და მოსაზრებების ფორმულირება;
სხვა ადამიანთა ხედვების გაგება;
მომავლის პროგნოზირება;
ორიგინალურ გადაწყვეტილებებზე ფიქრი.
რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი?
ამ დროს ენობრივი/ვერბალური და წერითი უნარები ვითარდება. ენა და კრიტიკული აზროვნება ერთად თანაარსებობენ და ვითარდებიან. როდესაც ბავშვი იწყებს აზროვნებას, მისი ენობრივი უნარები ფართოვდება, რადგან ის იყენებს კომპლექსურ ენის გამოყენებას.
ვერბალური უნარები (წიგნიერება) – იმისთვის, რომ ბავშვმა გაიგოს წიგნის მნიშვნელობა სრულყოფილად, მხოლოდ ბგერების თუ სიტყვების ამოცნობა არ კმარა, მას უნდა შეეძლოს კონტექსტის გააზრება და მიხვდეს ირიბად დაწერილი ფრაზების მნიშვნელობასაც, ამ დროს გამოიყენება კრიტიკული აზროვნება – პრობლემის გადაჭრის, მოვლენების წინასწარგანსაზღვრის და ახსნის უნარი. ამ ტიპის აზროვნების წახალისებით, ჩვენ ბავშვებს დავეხმარებით იმაში, რომ მომავალში კარგ მკითხველებად ჩამოყალიბდნენ.
საგანმანათლებლო თამაშები საუკეთესო გზაა ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის. თუ ხართ მშობელი ან მასწავლებელი, თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ წარმოდგენილი აქტივობებით დაეხმაროთ ბავშვს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, რომელიც იწყება 2 წლის ასაკიდან, როცა ბავშვი იწყებს კომუნიკაციას, იძენს უნარს საგნების ამოცნობისა და მათ შორის განსხვავებების პოვნის. კრიტიკული აზროვნება უამრავი სხვა უნარის კომბინაციას წარმოადგენს, მათ შორისაა: ანალიზი, ანგარიში, შეფასება, პრობლემის გადაჭრა და ა.შ. მისი განვითარება ხდება პრაქტიკით.
არააკადემიურ გარემოშიც, სახლში ყოფნისას თქვენი დახმარებით თქვენს შვილს შეუძლია განავითაროს კრიტიკული აზროვნება, მაგალითად, თუნდაც სამზარეულოში ყოფნისას შესთავაზეთ მას რამდენიმე ინგრედიენტი საუზმისთვის და მიეცით საშუალება მოიფიქროს, თუ რა შეიძლება მომზადდეს შეთავაზებული პროდუქტებისგან. არასდროს დატოვოთ მისი ცნობისმოყვარეობა გულგრილად, მიეცით საშუალება კითხვების დასმის, მოუსმინეთ და მასთან ერთად იმსჯელეთ. თქვენდა გასაკვირად, შესაძლოა ძალიან მარტივმა აქტივობამაც განავითაროს ეს უნარი, თუკი ამას ყურადღებას მივაქცევთ და მიზნობრივად გამოვიყენებთ. მაგალითად, 3 ან 4 წლის ბავშვებს შეგვიძლია ასეთი თამაში შევთავაზოთ:
- გამოიცანი სათამაშო
მოათავსეთ თქვენი შვილის რომელიმე სათამაშო ან სათამაშოები ზურგს უკან და სთხოვეთ გამოიცნოს თუ რომელ მათგანს მალავთ, ამისთვის მიეცით სააზროვნო მინიშნებები, მაგალითად ფერი, ზომა, მასა და ა.შ. როცა თამაშის არსს კარგად გაიგებს, როლები გაცვალეთ და ახლა მიეცით საშუალება თავად დამალოს საგანი, მოგცეთ გამოცნობისთვის საჭირო მინიშნებები.
- საოჯახო ფოტოალბომი
ფოტოების დათვალიერება კარგი გზაა კითხვების დასმისთვის, ყველა ფოტოს უკან რაღაც ამბავი იმალება, ასე რომ შეგიძლიათ მოკალათდეთ თქვენი შვილის გვერდით და იმსჯელოთ თუ რა ხდება თითოეულ ფოტოზე. ის აუცილებლად გამოხატავს ცნობისმოყვარეობას, რასაც მზად უნდა შეხვდეთ.
- თამაში-საგნების კლასიფიკაცია/სორტირება
ლოგიკურად აზროვნების სწავლებისთვის კარგი აქტივობაა საგნების დაჯგუფება. მაგალითად, შეგვიძლია ბავშვს ვთხოვოთ ამოარჩიოს ერთნაირი ფერის, ზომის ან ფორმის ცხოველები და დაალაგოს ისინი ერთი ნიშნის მიხედვით. შეიძლება ასევე ცხოველების ისეთ კატეგორიებად დაჯგუფება, როგორიცაა: შინაურია და გარეული, მტაცებელი და არამტაცებელი;

კვლევამ დაამტკიცა, რომ კრიტიკული აზროვნება ბუნებრივად არ ვითარდება და რომ მას სჭირდება სისტემატური პრაქტიკული მუშაობა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბაღსა თუ სკოლაში გონების განსავითარებელი სათამაშოების არსებობა, მასწავლებლის მიერ ისეთი აქტივობების მოფიქრება, რომელიც საგნის სწავლებასთან ერთად ამ უნარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი სათამაშო, რომელიც ამ მიზნით შეგვიძლია შევთავაზოთ ბავშვებს, არის ფაზლი, რომლის დახმარებით. ბავშვი სწავლობს სტრატეგიების შემუშავებას და ეცნობა თამაშის თეორიის საფუძვლებს.
არსებობს ფაზლის ასაწყობი საბავშვო ვიდეო თამაშებიც, ასევე ამოსაბეჭდი ვერსიები, რომელსაც ამ ბმულზე გადასვლით ნახავთ, https://empoweredparents.co/printable-puzzles-for-kids/ ხის, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის ფაზლები, მუყაოს და ა.შ. შეგიძლიათ თქვენ თავად დახატოთ, დაჭრათ და შემდეგ სთხოვოთ ბავშვს სწორად ააწყოს.

სუდოკუ
ეს არის კიდევ ერთი თამაში, რომელიც
ავითარებს მეხსიერებას;
აუმჯობესებს აბსტრაქტულ აზროვნებას;
აყალიბებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: ნებისყოფა, სიმშვიდე და კონცენტრაცია;
ამარცხებს ეკრანდამოკიდებულებას ბავშვებში;
ასწავლის დეტალებზე ორიენტირებას;
ხდის სწავლის პროცესს სახალისოს;
აყალიბებს ჯანსაღ კონკურენციას;
აუმჯობესებს ინტელექტის მაჩვენებელს (IQ).
კემბრიჯის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ სუდოკუ ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს – რიცხვების, სიმბოლოების სწრაფად დამახსოვრების უნარს. განსაკუთრებით 7-11 წლის ბავშვებში.
როდესაც ბავშვებს ვასწავლით სუდოკუს თამაშს მნიშვნელოვანია ავუხსნათ მათ, რომ საჭიროა ორი ძირითადი კითხვის დასმა არ დაავიწყდეთ – ეს კითხვებია რა და როგორ. ცოდნა იმისა, თუ რა რიცხვი/გამოსახულება სად და როგორ უნდა მოათავსონ არის გარანტი ამოცანის სწორად ამოხსნის, ეს წარმოადგენს აბსტრაქტული აზროვნების შესავალს, რასაც ეს თამაში ითხოვს. როდესაც ბავშვები იწყებენ კითხვის დასმას, ისინი ამ დროს ღრმად აზროვნებასაც სწავლობენ, რაც ასევე ყოველდღიური ცხოვრებისთვისაა მნიშვნელოვანი.

არსებობს ბევრი კარგი აპლიკაცია ბავშვებისთვის, სადაც მოცემულია თამაშები 4 წლიდან ბავშვებისთვის, რომლებიც ავითარებენ კოგნიტურ უნარებს, მეხსიერებას, ანალიზის უნარს და ა.შ მსგავს ონლაინ თამაშებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ბმულზე.
https://www.mentalup.co/blog/learning-games-for-4-year-olds
გამოცანები
რა სარგებლობა მოაქვს გამოცანებს ბავშვებისთვის?
- პირველ რიგში ეს არს გზა მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი კომუნიკაციისა და მათ შორის მეგობრული კავშირის დამყარებისთვის.
- ეხმარება ბავშვს ადრეული ასაკიდანვე პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
- ზრდის ლექსიკურ მარაგს.
- ასწავლის დეტალებზე ორიენტირებას, კონტექსტის გაგებას.
- აყალიბებს ინტელექტუალურ იუმორს, ამარცხებს სტრესს.
შეგიძლიათ შესთავაზოთ როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური სახის გამოცანები.
მაგალითები:
ავტორი გ.ჭიჭინაძე
- კ– დახტის ალთა-ბალთას, მუცელზე აქვს ჩანთა (კენგურუ)
- ბ -კედელში ერთი ფუღურო, შიგ ცეცხლი დავაგუგუნო (ბუხარი)
- ა- ოჩოფეხა, აყლაყუდა, ზურგზე ადევს ქონის გუდა (აქლემი)
კითხვა
კითხვის პროცესის დროს ხშირად შეჩერდით და ჰკითხეთ აზრი ამბის შესაძლო განვითარების შესახებ, შეეკითხეთ თუ როგორ წარმოუდგენია ამ ისტორიის დასასრული და ა.შ. ეს კითხვები დაეხმარება მას ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში. აუცილებელია მისცეთ დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ასევე, შეგიძლიათ ყოველდღიური ცხოვრებისეული სიტუაციებიდან დაუსვათ მათ შეკითხვები, თუნდაც საცობში ყოფნისას, დაეკითხეთ აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესახება მას ამ პრობლემის მოგვარება, რაში ხედავს გამოსავალს.
წიგნის კითხვის ან ფილმის ყურების შემდგომ კარგი იქნება, თუ ასევე დაეკითხებით:
„რა მოგეწონა ყველაზე მეტად ან არ მოგეწონა?“
„გასწავლა რამე ამ წიგნმა/ფილმმა?“
„დაგეხმარება ეს წიგნი/ფილმი ყოველდღიურ ცხოვრებაში?“
„დასასრული იყო თუ არა დამაკმაყოფილებელი? სხვანაირ დასასრულს ხომ არ ელოდი?“
ასეთი კითხვები ხელს უწყობს საგნებისა და მოვლენების სხვა პერსპექტივით დანახვასა და შესაბამისად კრიტიკულ აზროვნებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.mentalup.co/
https://www.hanen.org/