Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პარტნიორთა შორის კრიზისულ ურთიერთობაზე და მისი დაძლევის გზებზე გვესაუბრება ფსიქოთერაპევტი, წყვილების ურთიერთობის კონსულტანტი – ეკა პავერმანი.

როდის და რატომ ჩნდება კრიზისული პერიოდი პარტნიორთა ურთიერთობაში და ურთიერთობების დასაბალანსებლად რა გზები შეიძლება მოიძებნოს?

ალბათ ჯობს პირველ რიგში აღვნიშნო, რომ კრიზისები ყველა ურთიერთობას ახასიათებს და ეს ყოველთვის ცუდი სულაც არ არის. კრიზისი შეიძლება დაგვეხმაროს გადაფასებაში, გადახალისებაში და უკეთესი ურთიერთობის შექმნაში. ის, თუ როგორ გაუმკლავდებიან პარტნიორები კრიზისს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსები აქვთ ურთიერთობაში: ნდობა, ღიაობა, ლოიალობა და ა.შ.

კრიზისი შეიძლება მაშინვე არ დადგეს, მისი პირველწყარო შეიძლება წარსულში იყოს და უბრალოდ დროში გადავადდეს. თავისთავად კრიზისული მოვლენა არ არის საკმარისი ურთიერთობებში კრიზისის წარმოსაქმნელად. ურთიერთობებში კრიზისი არასაკმარისი თანადგომის, არასაკმარისი ურთიერთგაგების და უნდობლობის გამო ჩნდება.

პარტნიორთა ურთიერთობაში კრიზისის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები შეიძლება არსებობდეს:

მნიშვნელოვანი ცვლილება პარტნიორთა ცხოვრებაში. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ბავშვის დაბადება, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა, ფინანსური პრობლემები, და სხვა. ამ დროს პარტნიორთა ცხოვრებაში მატულობს სტრესი და გაღიზიანება. ერთმანეთის მიმართ მოლოდინები იცვლება, შეიძლება გაჩნდეს იმედგაცრუება.

ერთ-ერთი პარტნიორის პირადი პრობლემა, ან/და სირთულე. სამსახურში პრობლემებით დაწყებული, ეგზისტენციალური კრიზისით დამთავრებული. მართალია, ძირითადი საკითხის მოგვარება ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ადამიანს აკისრია, მაგრამ მსგავსი პირადი/პიროვნული კრიზისები ურთიერთობებზეც აისახება და ურთიერთობას ახალ რეალობასთან უწევს მორგება, თუნდაც დროებით.

ღალატი, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური. ნდობის აღდგენა დიდ ემოციურ შრომას მოითხოვს, ორივე პარტნიორის მხრიდან და პირველ რიგში მოტივაციას. 

ინტიმურობის კრიზისი – როდესაც პარტნიორებს აღარ აქვთ ისეთივე ფიზიკური სიახლოვე, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში ჰქონდათ. იმედგაცრუება, თავდაუჯერებლობა, შიში იმისა, რომ რაღაც რიგზე არ არის – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ემოციებისა, რომელიც ამ დროს შეიძლება გაუჩნდეთ პარტნიორებს, ან ერთ-ერთ პარტნიორს.

გაუცხოება. როდესაც პარტნიორები სხვადასხვა ტემპით, ან/და მიმართულებით ვითარდებიან. იცვლება მათი ინტერესები, სოციალური კავშირები, მისწრაფებები, შეიძლება ღირებულებებიც. ამ დროს იზრდება დისტანცია, თითქოს საზიარო აღარაფერი რჩება ყოველდღიური საკითხების გარდა. 

კომუნიკაციის პრობლემას ურთიერთობაში, ალბათ ცალკე დიდი ადგილი უნდა დაეთმოს, რადგან არასაკმარისი, არასათანადო კომუნიკაცია ხელს უწყობს სხვა პრობლემების გამწვავებას. წყენა რჩება გამოუთქმელი, პრობლემები მოუგვარებელი.  არ არის საკმარისი უსაფრთხოება და რაღაც ეტაპზე, თითქოს უკვე ძალიან ძნელი მოსაძებნია მინიმალური რესურსი და მოტივაცია რამის შესაცვლელად.


რა ხერხებს უნდა მიმართონ პარტნიორებმა კრიზისის გადასალახად

ნებისმიერი კრიზისი ცვლილებას გულისხმობს და როგორი იქნება ეს ცვლილება, უმეტეს შემთხვევაში, პარტნიორების სწორად მიმართულ ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

პირველი ნაბიჯი კრიზისის დანახვა და აღიარებაა. პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ,  რომ მათი ურთიერთობა ახალი გამოწვევის წინაშე დგას და რომ ორივეს აქვს სურვილი, რომ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. მაშინაც კი, როდესაც კრიზისს მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორი ხედავს, ამ საკითხზე სწორი კომუნიკაცია და მეორე ადამიანის მხრიდან ინტერესი და მზაობა, რომ მოუსმინოს და გაიზიაროს პარტნიორის წუხილი – კრიზისის დასაძლევად გადადგმული დიდი ნაბიჯია. 

მართალია, ურთიერთობებში კრიზისის შექმნაც და გადალახვაც ჯგუფური ამოცანაა და არა ინდივიდუალური, ნამდვილად არის რაღაც რისი გაკეთებაც ინდივიდუალურად არის შესაძლებელი და ძალიან სასურველიც კი. მაგალითად,  საკუთარ თავისთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმა:

  • რა მაწუხებს ამ ურთიერთობებში და რას ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით? პატარა ბავშვი, რომელსაც ეძინება და არ იცის ეს როგორ გამოხატოს – ჭინჭყლობს; ზრდასრული, რომელიც ხვდება რომ მიზეზობს, იცის რომ რაღაც აწუხებს.  
  • რად მიღირს ეს ურთიერთობა და რამდენი ძალისხმევის ჩასადებად ვარ მზად, ამ კრიზისის დასაძლევად? ამის გააზრება, საკუთარი საზღვრების და ასევე, მოტივაციის შესახებ მოგვცემს უკეთეს წარმოდგენას; და ასევე, იმის გაცნობიერებაში გვეხმარება, რომ ეს შრომაა, მინიმუმ ემოციური. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პარტნიორებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ სულაც აღარ უღირთ ამ ურთიერთობის რეანიმაცია. 
  • რა არის ჩემი წვლილი, ჩემი წილი პასუხისმგებლობა ამ კრიზისის შექმნაში? იმის გაცნობიერება, რომ ამ ურთიერთობებში/კრიზისში მიგვიძღვის წვლილი, საუკეთესო „წამალია“ უძლურების და მსხვერპლად ყოფნის საწინააღმდეგოდ. თუ მე მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა ამ კრიზისის შექმნაში, ესე იგი იმის ძალაუფლებაც გამაჩნია, რომ რაღაც შევცვალო. 

საკუთარ თავთან გასაუბრების მერე, უკვე შესაძლებელია პარტნიორთან გულწრფელი საუბარი. ამ კომუნიკაციასაც აქვს სპეციფიკური სვეტები, რომელზეც არის შესაძლებელი უსაფრთხო და გამძლე ურთიერთობის დაშენება. ესენია, მაგალითად: 

  • პარტნიორთან საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში, ბოდიშის მოხდა;
  • პარტნიორის შეხედულების, განცდების მიმართ ინტერესის გამოხატვა, მისი მოსმენა და თანაგრძნობა; 
  • კომპრომისისადმი მზაობა;
  • ურთიერთობებში ყოფნის სურვილის და პარტნიორისადმი სიყვარულის გამოხატვა. 

თუ პარტნიორები ახერხებენ მათი ურთიერთობის კრიზისთან ბრძოლასაც პარტნიორულად მიუდგნენ, როგორც თანამებრძოლები, დანარჩენი მეტწილად ლოგისტიკური საკითხია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5