ყველაზე მარტივი კუბების ნაკრებიც კი ბავშვებში წარმოსახვას და შემოქმედებითობას ავითარებს. თქვენი პატარა სიამოვნებით ააშენებს ყველაზე გრძელ კოშკს და დააკვირდება, რა მოუვა მისი დანგრევის შემდეგ კუბებს. ეს შესანიშნავი გზაა წვრილი მოტორიკის გასავარჯიშებლად და ასევე მათემატიკის, გეომეტრიის, პრობლემის გადაჭრის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოსაჩენად.
როგორ ვითამაშოთ კუბებით?
2 წლის ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობების შექმნის უნარი, თუმცა მას შეუძლია ერთად მოაგროვოს კუბები ან ატაროს ისინი აქეთ-იქით, რაც აძლევს მას ინფორმაციას სიმძიმისა და წონასწორობის შესახებ. პატარები სწრაფად იგებენ მიზიდულობის არსს, როცა ხელს კრავენ კუბებისგან აშენებულ კოშკს.
15-17 თვისთვის თქვენი პატარა შეძლებს 2 კუბი დაადოს ერთმანეთს, 24-29 თვისთვის – 8 სართულიან კოშკს ააშენებს, 30-36 თვისთვის კი – 10 სართულიანს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ კუბებით ხიდის მსგავსი ნაგებობის შექმნა. წინა მეთოდების მსგავსად, ის ასწავლის წონასწორობას. ასევე შემოაქვს სიმეტრია და ორგანიზებულობა.
კუბები შეგიძლიათ შეინახოთ დიდ კონტეინერში ან თაროებზე. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო პატარავდება მისი სათამაშო კუბები და თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, ისე გადაიქცევა უპაწაწინეს „ლეგოებად“, რომლებიც მთელს სახლშია გაფანტული და მტკივნეულია ტერფებისთვის. ამიტომ, თავიდანვე წაახალისეთ ბავშვი, თამაშის დასრულებისთანავე შეაგროვოს კუბები და შეინახოს მისთვის გამოყოფილ ადგილას. თუ ის აღფრთოვანებულია საკუთარი ნამუშევრით და ენანება დაშლა, მიეცით ნება, დადოს უსაფრთხო, გამოსაჩენ ადგილას.
დარწმუნდით, რომ თქვენი პატარა არ დგება კუბებით შექმნილ არასტაბილურ „კოშკზე“ და ასწავლეთ, რომ არ ისროლოს ისინი აქეთ-იქით. მიეცით საშუალება, დაანგრიოს საკუთარი ნამუშევარი (ეს სწავლის ნაწილია), მაგრამ ასევე ელაპარაკეთ სხვისი შემოქმედების პატივისცემის მნიშვნელობაზე. მოუყევით, რომ შესაძლოა სხვას ეწყინოს ნამუშევრის დანგრევა და თუ ამას აპირებს, წინასწარ შეუთანხმოს მეგობარს.
წყარო: www.verywellfamily.com