Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კვებითი ალერგია ბავშვების უმეტესობას სიცოცხლის პირველ ან მეორე წელს უვითარდება, პიკს კი 1 წლის ასაკში აღწევს. ექიმი-ალერგოლოგი თამთა კორინთელი ბავშვებში გავრცელებული კვებითი ალერგიების შესახებ გვესაუბრება.

რამდენად ხშირად გვხვდება კვებითი ალერგია ბავშვთა ასაკში? 

საკვებზე გვერდითი რეაქცია ფართო ცნებაა, რომელიც კონკრეტული საკვების მიღების შემდეგ მოულოდნელად გამოვლინდება. ის ორი  კომპონენტისაგან  შედგება –  1. კვებითი ალერგია, რომელიც იმუნოლოგიური მექანიზმებით არის განპირობებული და 2.  სხვა დანარჩენი, რომელშიც იმუნური სისტემა არ მონაწილეობს.  საკვებით გამოწვეული ყოველგვარი რეაქციის ალერგიად მიჩნევა საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, თუმცა  ამათგან ვერიფიცირებული/ დამტკიცებული კვებითი ალერგია ძალიან მცირეა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კვებითი ალერგიისა და საკვების აუტანლობის ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან მათ განსხვავებული მიდგომა და მართვა სჭირდება.  მცირეწლოვანი ბავშვების დაახლოებით 5- 10 %-ს  საკვების მიმართ სენსიბილიზაცია ანუ მგრძნობელობის მომატება და/ ან კვებითი ალერგია უვითარდებათ. უმეტესობა სიცოცხლის პირველ ან მეორე წელს გამოვლინდება,  პიკს კი  1 წლის ასაკში აღწევს.  კვებითი ალერგიის სიხშირე თანდათან იკლებს და სტაბილური მხოლოდ 3-4 %-ში რჩება. 

რა განაპირობებს კვებით ალერგიას? 

კუჭ-ნაწლავის სისტემა სხეულის უდიდესი ლორწოვანი ორგანოა, რომელიც იმუნური სისტემის მუდმივობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.  კუჭ-ნაწლავის სისტემას ყოველდღიურად უამრავ პათოგენურ  მიკრო ორგანიზმთან და  რაციონში შემავალ სხვადასხვა კომპონენტთან აქვს  შეხება. ნაწლავში და მის გარშემო არსებული იმუნური სისტემის ფუნქცია კი    მტრისა (პათოგენური) და კეთილი (არაპათოგენური)  ცილის გარჩევაა, რასაც ტოლერანტობა ეწოდება.  სწორედ მისი დარღვევა იწვევს ალერგიის განვითარებას. ეს არის ორგანიზმის შეცდომა, მცდარი რეაქცია უვნებელი  საკვების კომპონენტის მიმართ, რომელიც პაციენტმა  იმ მომენტში მიიღო. 

მემკვიდრეობითი განწყობის შემთხვევაში იმატებს თუ არა ალერგიულობის რიცხვი? 

კვებითი ალერგიის განვითარებაში გენეტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალშობილი ალერგიის მაღალი რისკის მატარებელია იმ შემთხვევაში, თუ  მინიმუმ ერთ პირველი რიგის ნათესავს მაინც (მშობლები, და/ძმა) რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული დაავადება აქვს დადასტურებული:

  • ატოპიური დერმატიტი
  • ასთმა
  • ალერგიული რინიტი
  • კვებითი ალერგია. 

ეს კავშირი განსაკუთრებით ძლიერად  და-ძმებს შორისაა გამახატული. ბავშვში, რომლის  დას ან ძმას კვებითი ალერგია აქვს, მისი გამოვლენის  რისკი 2.5-ჯერ იმატებს.  აღსანიშნავია, რომ მემკვიდრულად გადაცემული,  კონკრეტულად რომელიმე საკვების მიმართ ალერგია მხოლოდ არაქისის შემთხვევაშია დადასტურებული.

ახალშობილებს, რომელთაც ატოპიური *ალერგიული დაავადებები განუვითარდათ, მაგალითად ატოპიური დერმატიტი და/ ან კვერცხის ალერგია, დამატებითი ალერგიული დაავადებების, მაგალითად ასთმისა და  სხვა საკვების მიმართ ალერგიის განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ.

რომელი პროდუქტებია ყველაზე მეტად ალერგიული? 

კვებითი ალერგია, ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში, ყველაზე ხშირად ძროხის რძის მიმართ ვითარდება, რომელიც გვიანი ბავშვობისა და მოზრდილობის პერიოდში თანდათან გაივლის.  სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ის 2 წლამდე ასაკის ბავშვების 2.5 %-ში გამოვლინდება.  ძროხის რძეში შემავალი ცილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ალფა-ლაქტალბუმინი, ბეტა-ლაქტალბუმინი და კაზეინია. პაციენტთა უმეტესობას კი სენსიბილიზაცია, ანუ მგრძნობელობის მომატება, სამივე ცილის მიმართ უვლინდებათ. ალერგიის კლინიკური ნიშნები მალევე, სიცოცხლის პირველსავე თვეებში გამოვლინდება.  

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ რძის თერმული დამუშავება შრატის ცილების ალერგიულობას ამცირებს. რამდენიმე კვლევის თანახმად,  ცხობაში გამოყენებული რძის მიღება  მათ მიმართ ამტანობას უფრო მალე აყალიბებს და  გამოჯანმრთელების პროცესს დაუმუშავებელი პროდუქტის მიმართ აჩქარებს.

ძროხის რძის ალერგიის მქონე ბავშვებს ხშირად სოიოს პროდუქტებს უნიშნავენ, მაგრამ ბავშვთა 30-40% მის მიმართაც უვითარდება ალერგიული რეაქცია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში სოიოს მიმართ  ალერგიის   მატების ტენდენცია შეინიშნება. 

კვერცხის ცილის ალერგიაც საკმაოდ გავრცელებულია. აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში განვითარებული კვერცხის ცილის ალერგია მოგვიანებით აეროალერგენების მიმართ ალერგიისა და ასთმის განვითარების მარკერია. 

მიწის თხილისა და თხილეულობის ალერგია ბავშვთა 0.5-3%-ს აწუხებს და შესაძლოა დროთა განმავლობაში პროგრესირდეს. მათ მიმართ ამტანობა და ალერგიის გაქრობა, მხოლოდ 20-25%-ში აღინიშნება.

ხორბლის ალერგია ასევე ხშირად გამოვლენილ ალერგიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელის ინტენსივობაც დროთა განმავლობაში მცირდება.  ხშირად ის ატოპიურ დერმატიტთან და სხვა საკვებისმიერ ალერგიებთანაა ასოცირებული.

იწვევს თუ არა ალერგიულ რეაქციებს ფერად-ფერადი ტკბილეული? 

კვების ინდუსტრიაში გამოყენებული დანამატების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ათასობით ბუნებრივ და სინთეზურ ნივთიერებას მოიცავს, როგორებიცაა არომატიზატორები,  საღებავები, კონსერვანტები, დამატკბობლები, გამასქელებლები, ანტიოქსიდანტები და ა.შ. საკვები დანამატების მიმართ განვითარებული ალერგია საკმაოდ იშვიათია. ყველაზე მეტად შესწავლილი საღებავია  ტარტრაზინი (ყვითელი), რომელიც საკვებისა და მედიკამენტებისთვის ფერის მისაცემად გამოიყენება, აღწერილია, ასთმის გამწვავების რამდენიმე შემთხვევა და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან თანადროული გამოყენებისას ალერგიული დაავადებების გამოვლინება, თუმცა მისი ალერგიულობის დასამტკიცებლად ბევრი, სანდო კვლევის ჩატარებაა საჭირო. 

ანატო, ასევე ყვითელი საღებავი, დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქცია.

კარმინი, საკვების წითელი საღებავი ხშირად იხმარება კანფეტების, ნაყინების, იოგურტების, ნამცხვრების, ჯემების ხიზილალის შესაღებად – ასევე, დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქცია. 

რა სიმპტომებით ვლინდება კვებითი ალერგია? 

კვებითი ალერგია იმუნური სისტემის არაადეკვატური რეაქციაა კონკრეტულ საკვებზე და სიმპტომების ხასიათი გააქტიურებული იმუნური უჯრედების ტიპზეა დამოკიდებული.  სიმპტომთა სიმწვავე  შესაძლოა იყოს მსუბუქიც, საშუალოც და სიცოცხლისთვის საშიშიც.

ყველაზე გავრცელებული  სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციაა, რომელში ალერგიის საწინააღმდეგო ცილები, იგივე ანტისხეულები (E ანტისხეულები) იღებენ მონაწილეობას და ის საკვების მიღებიდან მალევე, ძირითადად რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ 2 საათში ერთი ან რამდენიმე ორგანოს სიმპტომებით გამოვლინდება.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომები კანისმიერია: კანის ზედაპირიდან ამოწეული გამონაყარი, ე.წ ურტიკარია (ჭინჭრის ციება), შეშუპება,  ქავილი, სიწითლე საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოვლინდება. 

თვალის სიმპტომები: ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება, ქავილი, თვალის სიწითლე. 

სასუნთქი გზების სიმპტომები  შესაძლოა იზოლირებულად, ერთი სიმპტომის სახით გამოვლინდეს, როგორიცაა ცემინება, წყლისებური გამონადენი ცხვირიდან, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, პირის ღრუს ქავილი რაც მსუბუქი ალერგიული რეაქციის მაჩვენებელია,  ან  სისტემური რეაქციის სახით, სხვა სიმპტომებთან ერთად, რაც მძიმე ალერგიული რეაქციის მაჩვენებელია და დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს.  მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნებია ხორხის შეშუპება, მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი, გულისცემის გახშირება და წნევის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გულის წასვლა გამოიწვიოს. 

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა .

საკვებმა ასევე, შესაძლოა კონტაქტური ალერგია გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში ურტიკარია მხოლოდ შეხების ადგილას ვითარდება. ამ ტიპის რეაქციაში, გარდა ძირითადი დამნაშავე აგენტებისა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ,  უმი ხორცი, ზღვის პროდუქტი, უმი ბოსტნეული და ხილი იღებს მონაწილეობას. 

ამ მექანიზმით მიმდინარე საინტერესო ალერგიაა  ორალური ანუ პირის ღრუს, კონტაქტური ალერგიის სინდრომი. ამ დროს უმი ხილის ან ბოსტნეულის მიღებისას აღინიშნება პირის ღრუსა და ხორხის ქავილი. ასეთ პაციენტებს ანამნეზში მცენარეული მტვრის მიმართ სეზონური ალერგია აღენიშნებათ, რაც მცენარეებს ხილსა და ბოსტნეულს შორის ჯვარედინ რეაქტიულობას (რეაქციას) უკავშირდება. მაგალითად, ამბროზიის მიმართ სენსიბილიზებულ პაციენტს ორალური სინდრომი ბანანისა და ნესვის მიმართ შეიძლება გამოუვლინდეს.   ამ პროდუქტების თერმული დამუშავებისას  შემაწუხებელი სიმპტომები ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება.

არა  ანტისხეულ E-ით განპირობებულ ალერგიულ რეაქციას კი  ქვემწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომებით, იშვიათად კი კანის სიმპტომებითაც  გამოვლინდება. სიმპტომთა სიხშირე კი საკვების მიღების ინტენსივობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, საკვების ცილასთან ასოცირებული პროქტოკოლიტი, რაც მსხვილი და სწორი ნაწლავის ალერგიულ ანთებას გულისხმობს, ხშირად, სხვა მხრივ ჯანმრთელ ახალშობილებში, სისხლიანი განავლით გამოვლინდება. მას  ხშირად ძროხის რძე, იშვიათად კი დედის რძეშიც გამოყოფილი სოიოს ან სხვა საკვების ცილა ან  ახალშობილის სტანდარტული ფორმულა იწვევს. ამ ჯგუფს ასევე მიეკუთვნება  საკვების ცილით გამოწვეული ენტეროკოლიტი, ანუ წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთება,  რომელიც ღებინებითა და დიარეით გამოვლინდება, რასაც გაუწყლოებამდე, სისუსტემდე და წონის კლებამდე მივყავართ. ასევე კუჭ-საყლაპავის რეფლუქსი, ჩვილ ბავშვთა კოლიკა (ე.წ ჭვალი) და შეკრულობა.

ორივე მექანიზმით  მიმდინარე ალერგიულ დაავადებებს მიეკუთვნება ატიპიური დერმატიტი და ეოზინოფილური ეზოფაგიტი. პატარა ბავშვებში კვებითმა ალერგიებმა შეიძლება გაამწვავოს ატოპიური დერმატიტი.  რადგანაც ამაში ორივე მექანიზმი მონაწილეობს, დამნაშავე აგენტის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან დღეში შეიძლება გამწვავდეს ატოპიური დერმატიტის ეპიზოდი. 

შესაძლოა თუ არა კვებითმა ალერგიამ გაიაროს დროთა განმავლობაში? 

ბავშვთა კვებით ალერგიის უმეტესობა, დროთა განმავლობაში გაივლის/იკარგება, თუმცა აღსანიშნავია, რომ  ეს პროცესი საკვების ტიპსა  და პაციენტზეა დამოკიდებული. კვებითი ალერგიის გადაჭრის მექანიზმები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, მის  დამარცხების მიზეზი,  დროთა განმავლობაში, იმუნურ სისტემაში მომხდარი ცვლილებებია. მაგალითად, როგორიცაა საკვებსპეციფიკური ანტისხეულების შემცირება,  მარეგულირებელი უჯრედების მომატება და ა.შ 

კვებითი ალერგიის მქონე ბავშვები პედიატრისა და ალერგოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმოფებოდნენ, კვებისა და ზრდის შესაფასებლად.  ალერგოლოგმა  ალერგენთან ყველა შემთხვევითი  შეხების შემდეგ უნდა შეაფასოს რამდენად ზუსტადაა ალერგენის მოცილების, სიმპტომების გამოვლენისა და  მათი მართვის  რეკომენდაციები დაცული. თუ ალერგენთან შემთხვევით კონტაქტს ალერგიული რეაქციები არ მოყვა, შეგვიძლია იმედიანად ვივარაუდოთ, რომ ალერგიის პრობლემა გადაჭრილია.

ბავშვის ალერგიულობის შესაფასებლად თანაბარი ინტერვალებით ალერგიული ტესტების ჩატარებაა საჭირო. აღნიშნული დრო  1 წლის პერიოდში მერყეობს, რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, მცირეწლოვან ბავშვს, რომელსაც ხილის მიმართ გამოუვლინდა რეაქცია, გამოკვლევების ჩატარება ყოველ 6 თვეშია საჭირო, რადგან ამ ასაკში, როგორც წესი, ჭეშმარიტი ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. განსხვავებით, მაგალითად 10 წლის ბავშვისგან არაქისის მიმართ ალერგიით, რომლესაც სასურველია ალერგიული ტესტები რამდენიმე წელიწადში 1-ხელ ჩაუტარდეს, რადგან აღნიშნული კვებითი ალერგია, როგორც წელი, მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

 სამწუხაროდ, არ არსებობს იდელური გამოკვლევის მეთოდი, რომელიც 100%-ით ზუსტად გვაჩვენებდა დასრულდა თუ არა ალერგია. ალერგიულ ტესტებზე უარყოფითი პასუხი არ ნიშნავს, რომ ალერგიის პრობლემა მოგვარდა, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი კლინიკური გამოჯანმრთელება და სიმპტომების გაქრობა გამორიცხული არ არის.  ამიტომ დამნაშავე საკვების ალერგოლოგის ზედამხედველობის ქვეშ მიღება, რასაც ორალურ პროვოკაციურ ტესტსაც უწოდებენ,  ყველაზე უპრიანია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5