პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი მელანია ჩარგაზია.
რა წინაპირობები და მიზეზები აქვს კვებით დარღვევებს?
მოზარდობის ასაკი რთული პერიოდია. ეს ის დროა, როდესაც მოზარდი ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას და ასევე მასში ხდება ბევრი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილება. შესაბამისად, ეს ის ასაკია, როდესაც სხეული იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს საკუთარი თავის აღქმაზე, როგორია მისი სხეული, როგორ უნდა აღიქვას ის. ამ დროს მნიშვნელოვანია, თუ როგორ ინფორმაციას და უკუკავშირს იღებს გარემოსგან მოზარდი. გარემოში იგულისხმება მასმედია, მეგობრები, ოჯახის წევრები. ხშირად აქედან ყალიბდება სასურველი გარეგნობის შესახებ შეხედულებები, რომლებიც სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის ჯანსაღი. მოცემულმა განწყობებმა შესაძლოა სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობოს კვებითი დარღვევების განვითარება.
როგორ გამოიხატება კვებითი დარღვევა?
კვებითი დარღვევები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა შეგვიძლია ძირითადი საყურადღებო მახასიათებლების გამოყოფა:
- წონის მნიშვნელოვანი მატება/კლება (განსაკუთრებით დროის მოკლე მონაკვეთში);
- წონის ხშირი ცვალებადობა;
- საკვების თემით გადამეტებული დაინტერესება;
- საკუთარ გარეგნობაზე, სხეულის ფორმაზე განსაკუთრებული აქცენტი/უკმაყოფილება;
- მომატების ძლიერი შიში;
- სხვებთან ერთად კვებისთვის თავის არიდება;
- საკვების მიღების შემდგომ გადამეტებული ვარჯიში, გულისრევა, საპირფარეშოს გამოყენება;
- გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობა (განსაკუთრებით კვების შემდგომ);
- საკვების რაოდენობის განსაზღვრის სირთულე.
როგორ მოვიქცეთ, როდესაც მოზარდი ამჟღავნებს მსგავს სიმპტომებს?
როდესაც მოზარდი იწყებს სხვადასხვა კითხვების დასმას ან უკმაყოფილების გამოხატვას, რომ რაღაცები საკუთარ თავში არ მოსწონს, აუცილებელია, გავუწიოთ სათანადო თანადგომა. მოზარდს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ცვლილებები სავსებით ბუნებრივია, რომ თითოეული ადამიანი გადიოდა/გადის ამ პერიოდს, რომ მისი სხეული ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და შესაძლოა არ მოსწონდეს მისი გარკვეული ნაწილები. მშობლების, მეგობრების და სხვა ადამიანების მხრიდან ნაკლოვან მხარეებზე მითითება, წონის შეხსენება ან სხეულის კონკრეტული ნაწილის ნაკლოვანებაზე მინიშნება ყოველთვის ძლიერ უარყოფით ზეგავლენას ახდენს თვითაღქმასა და თვითშეფასებაზე. დადებითი აღნიშვნები კი ძალზედ მნიშვნელოვანია. მშობლის მხრიდან თანადგომა შესაძლოა გამოიხატოს იმაში, რომ აღნიშნოს მოზარდის ღირებულება გარეგნობისა და წონის მიუხედავად, ჰკითხოს, თუ რა სახის დახმარება იქნებოდა მისთვის მნიშვნელოვანი, ხშირად ესაუბროს მის აზრებზე, ემოციებსა და განცდებზე, ხაზი გაუსვას იმას, რომ კვებითი სირთულე ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს, შესთავაზოს საერთო აქტივობები, რომლებიც არ არის კვებასთან დაკავშირებული. თუ პრობლემა სტაბილურად ვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში და განსაკუთრებით, თუ იქმნება ფიზიკური ჯანმრთელობის სირთულეები აუცილებელია ოჯახმა მიმართოს სპეციალისტს.