Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას  “დედამ იცის” ესაუბრება  ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი ლიკა მალანია.

რა ნიშნებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ მშობლებმა, რომ ბავშვს კვებითი თერაპია სჭირდება?

კვებითი თერაპიის საჭიროება დგება მაშინ, როცა ბავშვი საკვების გასინჯვის გარეშე უარს ამბობს ახალ საკვებზე, კვების რაციონი არის მწირი (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, თითოეული კვების ჯგუფიდან ბავშვი იღებს 3 საკვებზე ნაკლებს), იკვებება მხოლოდ ერთი და იმავე საკვებით, კვება არის ასაკის შეუსაბამო (მაგ: 3 წლის ბავშვი კვლავ დაბლენდერებულ საკვებს მიირთმევს). 

როგორ  შეიძლება გამოიხატებოდეს კვებითი ქცევის დარღვევის სირთულე? როგორია ბავშვის ქცევა ასეთ დროს

კვებითი სირთულეები ყველა ბავშვთან ინდივიდუალურია, შესაბამისად ქცევებიც ყველა ბავშვთან ინდივიდუალურად ვლინდება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სამედიცინო პრობლემები, ორალურ-მოტორული უნარების დარღვევები (ყლაპვის, ღეჭვის, კბეჩის განუვითარებლობა). ქცევითი პრობლემები, რაც გამოიხატება ბავშვის მიერ მანიპულატორული, ასოციალური ქცევებით (ტირილი, ყვირილი, ფეხების ბაკუნი და ა.შ.) სასურველის მიღებით ან არასასურველის თავიდან აცილებით. ბავშვმა შესაძლოა უარი თქვას საკვებზე ტირილით, ყვირილით და საბოლოოდ საკვების ნაცვლად მიიღოს მისთვის სასურველი ტკბილეული, რადგან მშობელი განიცდის, რომ ბავშვი მშიერია და მას აძლევს ტკბილეულს ან ბავშვისთვის საყვარელ „სასუსნავს“. სენსორულ ინტეგრაცისთან დაკავშირებული პრობლემები, რაშიც იგულისხმება, რომ ბავშვი შეგრძნების ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირებას ვერ ახდენს. იმისთვის, რომ ბავშვმა საკვები გასინჯოს პირველ რიგში მისმა ვიზუალურმა სისტემამ უნდა აღიქვას საკვები, შემდეგ უნდა შეეხოს საკვებს, დაყნოსოს, საბოლოოდ კი  გასინჯოს.  დამოუკიდებლად კვებისთვის მნიშვნელოვანია წვრილი მოტორული უნარების განვითარება, ჩანგლის, კოვზის სწორად დაჭერა და პირთან მიტანა, ასევე მსხვილი მოტორული უნარების განვითარება გამართულად ჯდომა, სხეულის ფლობა, პოზის შენარჩუნება.  

როგორ შევუწყოთ მშობლებმა ხელი ბავშვის კვებითი  ქცევის სწორ ფორმირებას დაბადებიდან?

ჩვილს, მოზარდ ორგანიზმს სჭირდება ასაკის შესაბამისი რაოდენობის კალორია, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. ბავშვს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული კვების რუტინა, რაშიც იგულისხმება საათობრივი კვება. ბავშვის ზრდასთან ერთად კვების რაციონი ხდება მავალფეროვანი. მშობელმა პირველ რიგში ბავშვს უნდა დაანახოს, რომ ნებისმიერი საკვები, რომელიც ბავშვისთვის არის შეთავაზებული არის სანდო და უსაფრთხო. ახალ საკვებთან დამეგობრება უნდა მოხდეს თამაშით (ვითომ-ვითომ თამაშები, ერთად ვაჭამოთ თოჯინას. მოდი, ერთად დავჭრათ ბანანი და ერთად გავსინჯოთ). ნებისმიერი ახალი საკვები, რომელიც ბავშვისთვის არის შეთავაზებული, თავდაპირველად უნდა იყოს ძალიან მცირე ულუფებით. მნიშვნელოვანია კვებითი ჰიგიენა, რაშიც იგულისხმება, რომ კვების დროს ბავშვი უნდა იყოს კონცენტრირებული ჭამაზე, სხვა აქტივობით არ დაკავდეს (მუტფილმის ყურებით, თამაშით და ა.შ).

კვებითი განრიგი არის კვებითი ქცევის ფორმირების წინაპირობა. დაგეგმილი გრაფიკით უნდა მიეწოდებოდეს ბავშვს საკვები (დღეში 4-ჯერ + 2 ხემსი), მნიშვნელოვანია კვება, კვებასა და კვებას შორის შეამციროთ მინიმუმამდე, ტკბილეული და სასუსნავები ბავშვს მიეცით წახემსების დროს, განრიგის მიხედვით. 

ყველა საკვებს მიანიჭეთ ერთნაირი პრიორიტეტი. დესერტის მირთმევა ბავშვისთვის მნიშვნელოვან მოვლენად არ აქციოთ. არ გამოიყენოთ საკვების განმამტკიცებლად საკვები (მაგალითად: თუ წვნიანს მიირთმევ, შოკოლადით დაგაჯილდოვებ). არ შესთავაზოთ სხვა საკვები, თუ უარს იტყვის ჭამის დროს შეთავაზებულ კერძებზე.  

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5