Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კვლევის ფარგლებში, აკვირდებოდნენ 6 თვის ბავშვებს 2 კვირის განმავლობაში, თუ რამდენად შეიცვალა მათი ძილის ჩვევები ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად. ჩვილების 72%-მა გამოავლინა ძილის ცვალებადი ქცევები ამ 2 კვირის მანძილზე. უმეტესობას 6 საათიც კი არ უძინია გადაბმულად. მხოლოდ ერთ მათგანს ეძინა 8 საათი უწყვეტად ყოველ ღამეს.

კვლევის თანაავტორი მარი-ჰელენ პენესტრი განმარტავს: „მშობლებს ხშირად აქვთ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ახალშობილთა ძილის შესახებ. მათ არ უნდა იღელვონ, თუ ბავშვს ღამით არ სძინავს კონკრეტულ ასაკში, რადგან ძილის რეჟიმი ჩვილობაში ძალიან განსხვავებულია“.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ჩვილების ძილზე  ხშირად გავლენას ახდენს მშობლების ჩვევები, განსაკუთრებით ერთად ძილი და ძუძუთი კვება. როგორც ჩანს, ამ მშობლებმა უფრო ცვალებადი ძილი შეამჩნიეს, მაგრამ ეს შეიძლება მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ სიახლოვე მშობლებს საშუალებას აძლევდა, უფრო ყურადღებიანი ყოფილიყვნენ ბავშვების მოძრაობის მიმართ. კვლევის დასკვნით, „მშობლებმა და კლინიცისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ზოგჯერ ღამის განმავლობაში არარეგულარული ძილი არ ნიშნავს ამ ქცევის გამყარებას“.

თავიდან ახალშობილებს სჭირდებათ  16-17 საათის ძილი დღე-ღამეში, 4-6 კვირიდან უფრო ნაკლები. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მშობლის თანამშრომლობა, რათა ერთად უზრუნველყონ რუტინა ბავშვის ძილის რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად. ამაზე ვრცლად წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.

არ არის გამორიცხული, რომ ძილის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს უსიამოვნო ტირილი, ნიშნავდეს, რომ ბავშვს კოლიკა აქვს. კოლიკა ჩვეულებრივ აღწევს პიკს, როდესაც ბავშვი დაახლოებით 6 კვირისაა და შემდეგ ის იკლებს  და გადის  დაახლოებით 3 ან 4 თვის ასაკისთვის.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დომინგო განმარტავს, რომ დედის ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობა ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და რომ ბედნიერი ბავშვი მოითხოვს ჯანმრთელ, ბედნიერ დედას. ის ამბობს: „თუ მშობელი, განსაკუთრებით დედა, კარგად ვერ ზრუნავს საკუთარ თავზე, თუ მას აკლია ძილი ან ჭამა, ეს გავლენას მოახდენს ბავშვზე, ასევე დედის  რძის წარმოებაზე და ბავშვთან ემოციური კავშირის დამყარებაზე“.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5