გლუტენი არის ცილა, რომელიც გვხვდება ისეთ მარცვლეულში, როგორიცაა ხორბალი, ქერი და ჭვავი. ის იწვევს აუტოიმუნურ რეაქციას ადამიანებში, რომელთაც აქვთ ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა). ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას უწევს მყარი საკვების, მათ შორის ბურღულეულის დამატებას 4-დან 6 თვემდე ასაკში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას 6 თვემდე).
ცელიაკია არ არის ალერგია. ის არის აუტოიმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წვრილი ნაწლავის დაზიანება გლუტენის მიღების გამო. როდესაც ცელიაკიის მქონე ადამიანები ჭამენ გლუტენის შემცველ საკვებს, მათი იმუნური სისტემა რეაგირებს წვრილ ნაწლავზე თავდასხმით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პრობლემა, როგორიცაა საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და სერიოზული გრძელვადიანი გართულებები.
თუმცა, ზოგიერთ ადამიანს აქვს ჭეშმარიტი ალერგია ხორბალზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სუნთქვის პრობლემები ან ანაფილაქსური შოკი.
ამერიკის სამედიცინო ასოციაციის პედიატრიის ჟურნალში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, ბავშვებს, რომლებიც გლუტენს უფრო მაღალი დოზებით და უფრო მცირე ასაკში იღებენ, 3 წლამდე ნაკლებად ემართებათ ცელიაკია, თანატოლებთან შედარებით.
კვლევამ შეისწავლა ინგლისიდან და უელსიდან 1000-ზე მეტი ჩვილი, რომლებიც ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფს გააცნეს ალერგენები, გლუტენის ჩათვლით, 4 თვის ასაკიდან. მეორე ჯგუფი მიჰყვა გაერთიანებული სამეფოს სტანდარტულ მითითებებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევს დამატებას 6 თვის ასაკში.
პირველი ჯგუფის ბავშვებს გლუტენს გაცილებით მაღალი დოზით აჭმევდნენ (6 თვისთვის კვირაში საშუალოდ 4,0 გრამი), ვიდრე მეორე ჯგუფის ბავშვებს (6 თვისთვის კვირაში საშუალოდ 0,9 გრამი).
ორივე ჯგუფის ჩვილები იკვებებოდნენ დედის რძით. ამიტომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებზე იმის დასადგენად, იქნებოდა თუ არა მსგავსი შედეგები ამ შემთხვევაში.
შედეგებმა აჩვენა, რომ 3 წლის ასაკში მეორე ჯგუფის ბავშვებიდან 7-ს აღმოაჩნდა ცელიაკია, პირველი ჯგუფიდან კი არც ერთს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ სამეცნიერო ნაშრომში არ იქნა განხილული სხვა ალერგიული საკვების შედეგები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი ალერგენების გვიან გასინჯვა, როგორიცაა არაქისი, თევზი ან კვერცხი, არ ამცირებს ალერგიის წარმოქმნის შემთხვევებს და ზოგიერთ შემთხვევაში დაგვიანებამ შეიძლება მართლაც გაზარდოს ბავშვებში ალერგიის განვითარების რისკი.
ამ კვლევაში არ არის ნათლად ახსნილი, ჰქონდა თუ არა ბავშვების რომელიმე მშობელს ცელიაკია და როგორ იმოქმედებდა ეს შედეგებზე. ამჟამად, მიიჩნევა, რომ ცელიაკია მემკვიდრეობითი დაავადებაა და ამიტომ, თუ მშობელს აქვს გლუტენის აუტანლობა, უფრო მეტი შანსია, რომ ბავშვსაც გამოუვლინდეს.
მკვლევრები აპირებენ კვლევაში მონაწილე ბავშვების შესწავლას 7–10 წლის ასაკში, რათა დაადგინონ, გლუტენის მაღალმა დოზამ და ადრეულმა დამატებამ გამოიწვია დიაგნოზირებული ცელიაკიის შემთხვევების შემცირება, თუ უბრალოდ გადაავადა დაავადების გამოვლენა.
ამ დროისათვის კი ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გირჩევთ, ყველა სახის საკვები, მათ შორის ალერგენები შესთავაზოთ ბავშვს დაახლოებით 6 თვის ასაკიდან და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ავლენს მზაობის ნიშნებს (დაბადების წონის გაორმაგება, თავის დამოუკიდებლად დაჭერა, მცირე დახმარებით ან დამოუკიდებლად ჯდომა, საკვების ენით გადმოგდების რეფლექსის გაქრობა, უფროსების საჭმლის მიმართ ინტერესის გამოხატვა).
წყარო: www.verywellfamily.com