უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია გვიზიარებს “ლეგოს” სასწავლო პროცესში ჩართვის გზებს.
კონკრეტული სათამაშო მხოლოდ დროის მხიარულად გატარების საშუალებას არ წარმოადგენს. ხშირად, ჩვენ შეიძლება ვერც კი ვიაზრებდეთ ამა თუ იმ სათამაშოს სარგებლიანობას. მაგალითად, დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა უნარებს ავითარებს ისეთი სათამაშო, როგორიცაა „ლეგო“? სტატიიდან გაიგებთ, როგორ შეიძლება „ლეგო“ გამოვიყენოთ ისე, რომ მას საგანმანათლებლო ხასიათი შევძინოთ. „ლეგოთი“ თამაში ალბათ ბევრს წარმოუდგენია უბრალოდ პლასტმასის ნაწილების შეერთებისა და აწყობის პროცესი, თუმცა, ის გვთავაზობს გაცილებით მეტ საშუალებას იმისთვის, რომ განვავითაროთ ბავშვი ბევრი მიმართულებით. „ლეგოზე“ დაფუძნებული სწავლების პრაქტიკებს ბევრი ევროპული თუ ამერიკული სკოლა წარმატებით ახორციელებს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ადამიანზე. მხოლოდ 6 ცალ „ლეგოს“ ნაწილს შეუძლია თქვენში 24 განსხვავებული უნარი განავითაროს. ყველაზე ძირითადი უნარები, რასაც ის ავითარებს, არის:
- კრიტიკული აზროვნება;
- მოტორული უნარები;
- თვალის/ხელის კოორდინაცია;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- კონცენტრაციის უნარი;
- სოციალური უნარები;
- ემოციური განვითარება.
ბავშვის ტვინის 90% ვითარდება 5 წლის ასაკისთვის. მეცნიერული ფაქტია, რომ მისი გონებრივი მონაცემების გაძლიერება დამოკიდებულია ტვინის ადრეული ასაკიდანვე „გამოყენებასთან“ ანუ პრაქტიკასთან, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, როგორც ვაზროვნებთ ან ვმოქმედებთ მეტწილად ბავშვობიდან გამომდინარეობს, იმ პროცესებიდან, რომელიც ბავშვობაში გავიარეთ, სწორედ ადრეულ ასაკში ყალიბდება ქცევა, რომელიც მოზრდილობაში დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვასწავლოთ პატარებს პოზიტიური ქცევის მოდელები, აზროვნება და ა.შ.
ტვინის განვითარებაზე ზრუნვა ჩვილობის ასაკშივე ძალიან რელევანტურია, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს სასიამოვნო და ამავდროულად მის უნარებზე გათვლილ, სახალისო აქტივობებში ჩართვით. ამაში „ლეგოც“ დაგვეხმარება, თუმცა უფრო მოზრდილ ასაკში ამ სათამაშოს უფრო საინტერესო კუთხით გამოყენება შეგვიძლია.
რატომ გამოიყენება „ლეგო“ სასწავლო პროცესში?
35 წელზე მეტია, რაც მასწავლებლები, განათლების სპეციალისტები „ლეგოზე“ დაფუძნებულ სწავლებას იყენებენ, რაც ქმნის სწავლების პროცესს მხიარულს და საინტერესოს. ასეთი ტიპის სწავლება მოსწავლეებს აქტიურებსა და შემოქმედებითებს ხდის. ამავდროულად, სწავლის შინაგან სურვილს უღვიძებს. მოსწავლეები მეტად მოტივირებულები, შემეცნებასა და აღმოჩენებზე ორიენტირებულები არიან.
ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერმა ბავშვმა თუ მოზარდმა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი თამაშიდან მიიღოს, რადგან თამაში ქმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც მათ შეუძლიათ აღმოაჩინონ, გარისკონ და ისწავლონ ნებისმიერი პოტენციური შეცდომისგან. „ლეგო“ გვაცნობს სწორედ ამ აღმოჩენებით სავსე თამაშს, ინტერაქციულ სწავლებას. გაკვეთილები, სადაც გამოვიყენებთ „ლეგოს“, შეიძლება იქცეს კოგნიტური, სოციალური და ემოციური განვითარების საწინდრად, ზოგიერთ ბავშვს ნამდვილად სჭირდება ალტერნატიული მიდგომები ზემოხსენებული უნარების განსავითარებლად. „ლეგოზე“ დაფუძნებულ სასწავლო სისტემას აქტიურად გამოიყენებს ბევრი ევროპული თუ ამერიკული სკოლა, რადგან ის არის ინოვაციური და ხელმისაწვდომი გზა ყველა მოსწავლის ჩართულობისთვის. ეს არის გზა დროებით მოვწყვიტოთ მოსწავლეები წიგნებსა და რვეულებს, ასევე ეკრანებს, რის ნაცვლადაც შესაძლებელია პრაქტიკული კოლაბორაციის განხორციელება, რაც ასევე რელევანტურია თანამედროვე სწავლებაში.
„ლეგოზე“ დაფუძნებული სწავლება STEM განათლების ნაწილია. STEM – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა ცალ-ცალკე ჩვენთანაც ისწავლება, თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით STEM განათლება სცდება აკადემიურ ჩარჩოებს, ინაცვლებს ბავშვების ყოველდღიურობაში, სახლსა თუ სკოლაში. STEM განათლების მიცემა ბავშვისთვის სახლშიც შეგიძლიათ სწორედ ისეთი სათამაშოს გამოყენებით, როგორიც „ლეგოა“.
ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე მარტივ გზას, თუ როგორ შეიძლება ადრეული ასაკიდანვე გამოვიყენოთ „ლეგო“ შემეცნებისთვის.
- ასოების სწავლება
თუ ბავშვი სწავლობს უცხო ენას, სადაც დიდი და პატარა ასოები გამოიყენება, შეგვიძლია წებოვანი ქაღალდი დავაკრათ ფერად „ლეგოების“ ბლოკებს და ზედ დავიტანოთ დიდი და პატარა ზომის ასოები, ბავშვმა ისინი უნდა დაუკავშიროს ერთმანეთს ისე, როგორც ფოტოზეა წარმოდგენილი. ასე უფრო თვალსაჩინო გახდება მისთვის ეს პროცესი და ასევე დასამახსოვრებელი.
- წინადადების აწყობა
„ლეგოზე“ დატანებულია ზმნები, არსებითი და ზედსართავი სახელები, მოსწავლეებმა სწორად უნდა შეძლონ სიტყვების დალაგება და ამგვარად წინადადების აწყობა.
- სიტყვის დამარცვლა
ინტერნეტით შეგვიძლია მოვიძიოთ ამოსაბეჭდი მასალა აქტივობისთვის, ამისთვის გაჰყევით ბმულს https://www.teachstarter.com/au/teaching-resource/cvc-ccvc-cvcc-word-flashcards/#&gid=1&pid=1
ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბავშვებს ვასწავლოთ სიტყვების დამარცვლა.
- საათის ცნობა
თამაშების გამოყენება მათემატიკის სწავლებაშიც ძალიან აქტუალურია. ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ის პოზიტიურ ეფექტს ახდენს როგორც მოსწავლეების მოტივაციაზე, ასევე საბოლოო შედეგებზეც. მაგალითად, წილადების კონცეპტუალური გაგება როგორც დაბალი, ასევე მაღალი მოსწრების მოსწავლეებში ხელს უწყობს გამოთვლითი, ოპერაციული უნარების განვითარებას, ასევე ზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და ჩართულობას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ აუცილებელია მასწავლებელმა მკაფიო ინსტრუქციები მისცეს მოსწავლეებს, რათა მოსწავლეებმა სწორად შეძლონ „ლეგოს“ გამოყენების მნიშვნელობის გაგება, ზუსტ მიზანზე გასვლა და არ გადაერთონ მხოლოდ თამაშზე.
„ლეგო“ გვაპოვნინებს სხვადასხვა გზას, თუ როგორ ავხსნათ მათემატიკურად წილადი, მაგ. ერთი მეორედი.
ამ აქტივობით შეგვიძლია მოსწავლეს დავანახოთ, რომ ნახევრის მნიშვნელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელაა მთელი, ანუ მაგალითად, ის, რომ 500-ის ½ ბევრად მეტია 10-ის ½ ზე.
ეკვივალენტი წილადები
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ „ლეგოს“ ფერადი ნაწილები ეკვივალენტი წილადების სასწავლებლად, როგორც ფოტოზე ხედავთ წითელი და ყვითელი ბლოკებისგან შედგენილი 1/2 იგივეა, რაც 4/8.
თქვენ შეგიძლიათ ასევე „ლეგოს“ დახმარებით შეადგინოთ ამოცანებიც, გამოიყენოთ ის პერსონაჟების შესაქმნელად, ამბის თხრობისთვისაც, თქვენს ფანტაზიაზე და შემოქმედებით აზროვნებაზეა დამოკიდებული, თუ რა დანიშნულებას მოუძებნით ამ ნივთს, რათა საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და მოსწავლეთათვის მამოტივირებელი გახდეს.
გამოყენებული ლიტერატურა: https://www.researchgate.net/publication/317262711_Using_LEGO_for_learning_fractions_supporting_or_distracting