Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ლელა კოტორაშვილი “ტელესკოლის” დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც ცდილობს სწავლების მრავალფეროვანი საშუალებების გამოყენებით დააინტერესოს მოსწავლეები და კეთებით სწავლის სურვილი გაუღვივოს. ლელას  ვთხოვეთ ჩვენთვის გაეზიარებინა დისტანციური სწავლების ახალი გამოცდილება, იზოლაციის რთულ პირობებში. 

როგორ მოერგეთ დისტანციური  სწავლების ახალ რეალობას?

ტელესკოლა ჩემთვის  ძალიან დიდი გამოწვევა არის, რადგან უბავშვო გარემოში საუბარი საკმაოდ რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი ბავშვები ჩემს მიერ გაწეულ შრომას და მათზე ფიქრს აუცილებლად გრძნობენ. ყოველთვის ვოცნებობდი, როდესაც სხვადასხვა პროექტებს  ვაკეთებდი, ბევრი ბავშვისთვის მიმეწვდინა ხმა და ახლა “ტელესკოლამ” მომცა იმის საშუალება, რომ რასაც ვაკეთებ, კიდევ უფრო მეტი ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ვიცი, რომ ბევრი პატარა თვალი ელოდება, რომ ამ მშფოთვარე და სტრესულ გარემოში  სინათლის სხივი დაინახოს და კიდევ უფრო მეტი ისწავლოს, რაც ასევე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ამ რთულმა პერიოდმა სკოლა, მასწავლებელი, მშობელი და მოსწავლე, კიდევ უფრო მეტად გადააჯაჭვა ერთმანეთს. გარდამტეხი ეტაპი დადგა ყველასთვის. მასწავლებლები რას ვაკეთებდით გაკვეთილზე,   აქამდე მშობელი მაინც მეტ-ნაკლებად აღიქვამდა მასწავლებლის მონდომებას და ახლა უშუალოდ თანამონაწილე გახდა პროცესის, თითქოს ყველა ერთად სწავლობს და ეს ჯაჭვი შეიკრა. ჩემთვისაც, როგორც პიროვნულად და პროფესიულად უაღრესად განმავითარებელი გახდა ეს პერიოდი. 

როგორია თქვენი ყოველდღიურობა ონლაინსწავლების და იზოლაციის პირობებში?

ამჟამად ჩემი ყოველდღიურობა  დაპყრობილია ჩემი შვილებით, ჩემი მოსწავლეებით და ჩემი საქმით. ვცდილობ, როდესაც ისინი დაიძინებენ მერე ვაკეთო საოჯახო საქმე და გონებრივი სამუშაოც, რადგან ამას სიმშვიდე სჭირდება. სკოლაში ორ კლასს ვასწავლი და კვირაში სამჯერ ვმართავ დისტანციურ გაკვეთილებს;  ჩემი შვილებიც ჩაბმულნი არიან ამ პროცესში და ვცდილობ ორგანიზება გავუწიო მათ ყოველდღიურობას, გაკვეთილების შესრულებას, ონლაინგაკვეთილებში ჩაბმას. იმისათვის, რომ ონლაინგაკვეთილები თუ ტელეგაკვეთილები დავგეგმო და მოვამზადო, ღამეების თენება და კოლოსალური  ენერგიის დახარჯვა მიწევს, რომ თითოეული გაკვეთილი ავკინძო და მერე ეს მაყურებლამდე მივიტანო. ამას გარდა, საოჯახო საქმეებიც არის, რომელსაც ვინაწილებთ ოჯახში ყველა და ვფიქრობ, ამით ორგანიზებულობას სწავლობენ ჩემი შვილები. ასევე, ერთად ვუყურებთ მულტფილმებს, განვიხილავთ შემდგომ, გვაქვს ხმამაღლა კითხვის ტრადიცია, ვაცხობთ ერთად და ძალიან  გვსიამოვნებს ეს პროცესი. 

რა იქნება თქვენი დავალება “დედამ იცის”-თვის?

ძალიან კარგი იქნება თუ დედები დაეხმარებიან  შვილებს, რომ ბავშვებმა დაწერონ ყოველდღიურად არც მეტი, არც ნაკლები  სამი წინადადება: რა გაუხარდათ, რა ეწყინათ , რა მოხდა მნიშვნელოვანი მათთვის იმ დღეს და თან, სამივე წინადადების შესაბამისი ნახატი დახატონ. შეგიძლიათ, ამისთვის ერთი რვეული გამოყოთ და აწარმოოთ. ჩემი პირველკლასელი შვილი აწარმოებს ასეთ რვეულს და ერთი თვის თავზე, ძალიან ლამაზი და საინტერესო წინადადებები დაგვიგროვდა. როდესაც ბავშვებს ვეუბნებით – “შენს ცხოვრებას დაუკავშირე, რასაც წერ” – ის უკვე ხალისით მოგვყვება და ძალიან დიდი სიხარული ელის ამ დროს  მასწავლებელსაც და მოსწავლესაც. ასე მარტივი ხერხით, არარუტინულად და სიამოვნებით, ბავშვები სწავლობენ თანმიმდევრულად აზროვნებას, წინადადებების სწორად აგებას და ჩამოყალიბებას. მთავარია, მშობლები ზედმეტად არ ჩავერიოთ და არ გავაშალაშინოთ, რადგან მათი წინადადებები დაკარგავენ პირვანდელ ხიბლს.


კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5