ხატია ჩხენკელი ინსტაგრამ ბლოგერია, რომლის ინსტაგრამ გვერდს ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ 10 000 გამომწერი ჰყავს. ბავშვის სწორი აღზრდა და განვითარება, მისი ტემპერამენტი და ხასიათის თავისებურებები, პოზიტიური მშობლობა და მისი უპირატესობები – ეს ის თემებია, რომელზეც ახალგაზრდა დედა ყოველდღიურად ესაუბრება მის გამომწერებს და ცდილობს უფრო მეტად გაშალოს პოზიტიური მშობლობის შინაარსი ბავშვის აღზრდით დაინტერესებული პირებისთვის. ხატია, მეუღლესთან და შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს და “დედამიცისს” სწორედ ამ თემების შესახებ ესაუბრება.
მოგვიყევით თქვენს შესახებ, რამ გადაგაწყვეტინათ შეგექმნათ ინსტაგრამ გვერდი, რომლის საშუალებითაც სხვა მშობლებს სასარგებლო ინფორმაციებს გაუზიარებდით?
30 წლის ვარ, პარიზში 2012 წელს ჩავედი სასწავლებლად გაცვლითი პროგრამით, აქ დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ჩემი პროფესიული სფეროა პროექტების მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები და კრიზისების მენეჯმენტი. პროფესიით ვმუშაობდი იქამდე, სანამ ბავშვს გავაჩენდი. დეკრეტული შვებულების პირობებიდან გამომდინარე, რომელიც მე არ მაკმაყოფილებდა, გადავწყვიტე წამოვსულიყავი სამსახურიდან, რადგან ორთვენახევრის ბავშვის დასატოვებლად მზად არ ვიყავი. ბავშვის გაჩენის შემდეგ ბავშვის აღზრდას მივუდექი ძალიან პროფესიონალურად, გავეცანი სხვადასხვა კვლევებს, გავიარე ტრენინგები, მოვიძიე ინფორმაციები ბავშვის განვითარების შესახებ და ა.შ. ამ პერიოდში დავფიქრდი, რომ გამეკეთებინა ინსტაგრამ გვერდი, სადაც ბავშვის აღზრდაზე იქნებოდა ინფორმაცია ქართულად თავმოყრილი და ასე დაიწყო ჩემი ინსტაგრამ გვერდის Lifewithababi-ს ფუნქციონირება. ფაქტობრივად, ვიყავი პირველი ქართულ ინსტაგრამ სივრცეში, რომელმაც წამოიწყო “mom bloging”.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის აღზრდის და ახალი მეთოდების შესახებ საუბარი მშობლებთან დღეს?
ძალიან ბევრი სტერეოტიპი და მითი ტრიალებს ბავშვის აღზრდის შესახებ, საქართველოში თაობიდან თაობას გადაეცემა ეს ინფორმაციები და მეთოდები, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგია. მაგრამ, დროთა განმავლობაში ბავშვის აღზრდის შესახებ იცვლება ინფორმაცია, ტარდება უამრავი კვლევა და ძალიან დინამიკური სფეროა და მნიშვნელოვანია ახალი ინფორმაციები მივიტანოთ მშობლებამდე. ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ინსტაგრამზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გამევრცელებინა და ასევე ვაზიარებდი ინფორმაციას, მე თვითონ როგორ ვახერხებდი ამ რეკომენდაციების დაცვას და თანამედროვე მეთოდებით ბავშვის აღზრდას. ძალიან ბევრი ადამიანი დააინტერესა ამ თემებმა და ძალიან ბევრი გამომწერი დამემატა.
კონკრეტულად რაზე წერდი, რა აინტერესებთ თანამედროვე მშობლებს?
ჩემი ძირითადი თემები იყო ბავშვების კვება, მათი მოტორული განვითარება და მისი ხელშეწყობა, მაგ. მუცელზე თამაში, ბავშვების ფიზიოლოგიური ტარება – კენგურუში, შარფებით და ა.შ. ბავშვების ძუძუთი კვება, რომელიც ძალიან სენსიტიური თემაა; ასევე ვწერდი ბავშვის განმავითარებელ თამაშებზე, უსაფრთხოების საკითხებზე, მაგ. როგორ ვეხმარებით ბავშვს გადაცდენის შემთხვევაში, ასევე ვაქვეყნებდი ვიდეოებს, უსაფრთხო ძილზე და რაც ყველაზე მთავარია, თავიდანვე ვლაპარაკობდი პოზიტიურ აღზრდაზე.
გვესაუბრეთ პოზიტიური აღზრდის მიდგომებზე და მის სარგებელზე. რატომ არის ეს მიდგომა სასარგებლო როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის?
პოზიტიური აღზრდა განსხვავდება ტრადიციული აღზრდის მეთოდისგან. ტრადიციულ აღზრდაში მოვიაზრებ ისეთ ტექნიკებს, რომელიც გულისხმობს ბავშვის ფიზიკურ დასჯას, ჩხუბს, შერცხვენას და ა.შ. პოზიტიური აღზრდა ამ ყველაფერს უპირისპირდება და დასჯა, როგორც ბავშვის აღზრდის მეთოდი გამოირიცხება. სამწუხაროდ, ხშირად მარტივად ხდება ბავშვის ე.წ. ცუდი ქცევის მანიპულაციად და კაპრიზად აღქმა, როცა რეალურად ამ ქცევის უკან ბავშვის საჭიროებები იმალება. ბავშვს თუ დავინახავთ, როგორც კეთილმოსურნე არსებას, რომელმაც არ იცის ემოციების მართვა, ვერ აკონტროლებს ტანტრუმის შემოტევებს სუპერმარკეტში და თუ ჩვენ თვითონ არ გვაქვს ეს უნარები, გაგვიჭირდება ამის სწავლება ბავშვისთვის. ვფიქრობ, პოზიტიური აღზრდა არის მშობლებისთვის, ვიდრე ბავშვებისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ თვითონ აღვზარდოთ ისეთი ბავშვები, რომლებიც იქნებიან ბედნიერები, ლაღები და უკეთ შეძლებენ საკუთარი ემოციების რეგულირებას. პოზიტიური მშობლობის მეთოდი არის მეთოდი, რომ ბავშვები იყონ კარგად და ჩვენ დავეხმაროთ მათ ამ განცდის მიღწევაში.
რამდენად მნიშვნელოვანია მშობელმა ეძებოს და იკვლიოს შვილის თავისებურებები და სწორი გზები მოძებნოს ურთიერთობისათვის?
მე ეს ბლოგი იმისთვისაც დამჭირდა, რომ ჩემი თავი დამემშვიდებინა, რომ ბავშვის ქცევა რაღაც ეტაპზე იყო ნორმალური მისი ასაკისთვის, შეესაბამებოდა მის ტემპერამენტს, არ სჭირდებოდა დამამშვიდებლები, რადგან ტიროდა და იყო უფრო მეტად მგრძნობიარე, ვიდრე ბავშვების უმეტესობა. რეალურად ასე დაიწყო ჩემი ბლოგის ისტორია და როდესაც მეუბნებოდნენ “იქნებ, დამამშვიდებლები”, მე ვამბობდი, რომ ჩემს შვილს სჭირდებოდა დედის სიმშვიდე და მისი ემოციების გაგება. მშობლების მოვალეობაა, რომ გავუგოთ ბავშვებს, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ემპათიურები, დავინახოთ მათი თვალით გარემოებები, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან გარე სტიმულების მიმართ და ტირილი არის მათი კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება.