მაჯის (კარპალური) გვირაბის სინდრომი (CTS) ხშირად ვლინდება ორსულობაში. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ის გვხვდება ზოგადი მოსახლეობის 4%-ში, მაგრამ ორსულთა 31-62%-ში.
ექსპერტებმა ზუსტად არ იციან, რატომ არის ის ასე გავრცელებული ორსულებში. არსებობს თერიები, რომ ჰორმონებთან დაკავშირებული შეშუპება ან სითხის შეკავება შეიძლება იყოს მიზეზი.
ორსულობის დროს CTS–ის სიმპტომებია:
- დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება თითებში, მაჯებსა და ხელებში, განსაკუთრებით მწვავედ ღამით;
- ფეთქვის შეგრძნება ხელებში, მაჯებსა და თითებში;
- თითების შეშუპება;
- საგნების დაჭერის პრობლემა და ნატიფი მოტორული უნარების შესრულების გაძნელება, როგორიცაა პერანგის ღილები შეკვრა.
ეს შეგრძნებები ვრცელდება ერთ ან ორივე ხელზე. 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ CTS–ის მქონე ორსულ მონაწილეთა თითქმის 50 % გრძნობდა მსგავს სიმპტომებს ორივე ხელზე.
ორსულობის პროგრესირებასთან ერთად სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა 40 %-მა აღნიშნა CTS-ის სიმპტომების დაწყება ორსულობის 30 კვირის შემდეგ. ამ დროს ხდება წონის უფრო მომატება და სითხის შეკავება.
რა იწვევს მაჯის გვირაბის სინდრომს?
მაჯის გვირაბი არის ვიწრო გადასასვლელი, რომელიც შედგება პატარა “კარპალური” ძვლებისა და იოგებისგან. როდესაც გვირაბი ვიწროვდება შეშუპების გამო, ხდება საშუალო ნერვზე ზეწოლა. ეს ნერვი გადის კისრიდან მკლავის გავლით მაჯისკენ და აკონტროლებს თითებში მგრძნობელობას. ეს იწვევს ტკივილს ხელის არეში და დაბუჟებას ან თითების წვის შეგრძნებას.
ვის ემართება უფრო მეტად CTS?
ჭარბი წონა ან სიმსუქნე ორსულობამდე
დადგენილი არ არის, წონა იწვევს თუ არა CTS-ის, მაგრამ ორსული ქალები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე, ხშირად უჩივიან ამ სიმპტომებს.
ორსულობასთან დაკავშირებული დიაბეტი ან ჰიპერტენზია
გესტაციური დიაბეტი და გესტაციური ჰიპერტენზია ხშირად იწვევს სითხის შეკავებასა და შეშუპებას, რაც ზრდის CTS–ის რისკს.
შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ანთება, მათ შორის მაჯის გვირაბის. ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს CTS–ის რისკი.
წარსული ორსულობები
იმ ქალებში, რომლებსაც უკვე გამოუცდიათ ორსულობა, რელაქსინი შეიძლება უფრო მეტი რაოდენობით აღინიშნოს. ეს ჰორმონი ეხმარება მენჯისა და საშვილოსნოს ყელის გაფართოებას მშობიარობისთვის მოსამზადებლად. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ანთება მაჯის გვირაბში, საშუალო ნერვზე დაწოლის გამო.
ხელების დაბუჟება პრეეკლამფსიის ნიშანია?
პრეეკლამფსია ორსულობის გართულება, რომელიც უკავშირდება მაღალ წნევას და ახასიათებს ხელების უეცარი ძლიერი შეშუპება. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხელების დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება. ამიტომ გაითვალისწინეთ პრეეკლამფსიის სხვა სიმპტომები (სახის შეშუპება, თავის მწვავე ტკივილი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლით დროს არ უმჯობესდება, მხედველობის ცვლილებები (ბუნდოვანი ან ორმაგი მხედველობა), წონის უეცარი ზედმეტი მომატება, რომელიც არ არის დაკავშირებული დიეტის შეცვლასთან, მწირი ან მუქი შარდი) და თუ რაიმე უჩვეულო ან შემაშფოთებელი სიმპტომი გაქვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
როგორ შევამციროთ დისკომფორტი?
გამოიყენეთ არტაშანი. ეძებეთ სამაგრი, რომელიც დაიჭერს თქვენს მაჯას ნეიტრალურ (არა მოხრილ) მდგომარეობაში. ღამით, როდესაც სიმპტომები უარესი ხდება, ის განსაკუთრებით დაგჭირდებათ.
შეამცირეთ აქტივობები, რომლებიც იწვევენ თქვენი მაჯის მოღუნვას. ეს მოიცავს კლავიატურაზე მუშაობას.
გამოიყენეთ ცივი თერაპია. წაისვით პირსახოცში გახვეული ყინული მაჯაზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, რომ შეამციროთ შეშუპება. ასევე შეგიძლიათ სცადოთ “კონტრასტული აბაზანა”: ხელები ცივ წყალში ჩაყავით დაახლოებით ერთი წუთით, შემდეგ თბილ წყალში კიდევ ერთი წუთით. განაგრძეთ მონაცვლეობა ხუთიდან ექვს წუთამდე.
დაისვენეთ. ყოველთვის, როდესაც მაჯის არეში იგრძნობთ ტკივილს ან დაღლილობას, დაისვენეთ, ან გადადით სხვა საქმიანობაზე.
აწიეთ მაჯები, როცა შეძლებთ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიშები.
იოგა. ერთი კვლევის მიხედვით, იოგამ შეიძლება შეამციროს ტკივილი CTS-ის დროს.
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები. ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) გამოყენება ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება, თუ არ აღემატება 3000 მგ დღეში. უმჯობესი იქნება, თუ ექიმს დაელაპარაკებით, სანამ მის მიღებას გადაწყვეტთ.
უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები ქრება მშობიარობიდან 1 წელიწადში.
წყარო: www.healthline.com, www.whattoexpect.com