Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” რუბრიკაში “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან” ამჯერად მამა გვყავს სტუმრად. მარკეტერი და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი მირიან ჯუღელი გვიზიარებს 5 წლის ლიზასთან ერთად მუშაობის გამოცდილებას.

კორონავირუსი, კორონავირუსი, კორონავირუსი – თითქმის ყოველდღე და მთელ დღეს ეს სიტყვა ესმოდა ლიზას მარტის დასაწყისიდან. ერთ დღესაც გაიღვიძა და ტელევიზორიდან ისევ კორონავირუსი რომ გაიგო, მომიტრიალდა და მკითხა: „მირიან, კორონავირუსი რა არის?“ არაფერია იმაზე საპასუხისმგებლო, როდესაც შვილი რაღაცას გეკითხება და უნდა აუხსნა. მეც დავჯექი და მოვუყევი, თუ რა არის ვირუსი, რატომ ვიკეთებთ აცრებს, როგორ უნდა მოვუაროთ თავს, რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად და ა.შ. ლიზამაც ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვრა და მას შემდეგ, მაღაზიაში ყოველი გასვლის წინ მამოწმებს პირბადე, ხელთათმანები და სანიტაიზერი ხომ ნამდვილად ავიღე, ხოლო როცა სახლში ვბრუნდები, ეგრევე მეუბნება ფეხსაცმელი გავიხადო, აივანზე გავიტანო და ხელები დავიბანო.

ლიზა 5 წლის არის, მასაც, როგორც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს თამაში, გარეთ გასვლა და ბევრი სირბილი. სახლში დარჩენა ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის რთული აღმოჩნდა, ამიტომაც ჩვენი ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად სხვადასხვა აქტივობა მოვიფიქრეთ.

ჩვენი დილა აივანზე გასვლით და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით იწყება, ყოველ საღამოს ჩიტებს აივანზე მზესუმზირებს და პურის ნამცეცებს ვუტოვებთ, დილით კი გამოვდივართ და ვამოწმებთ შეჭამეს თუ არა.

– მირიან ნახე, ისევ მოვიდნენ მტრედები და საჭმელი რომ დავუტოვეთ შეჭამეს – ანთებული თვალებით მეუბნება ლიზა.

მზის ენერგიის მიღების შემდეგ სახლში შემოვდივართ ხოლმე და ერთად ვვარჯიშობთ, ძირითადად პლანკებს და აზიდვებს ვაკეთებთ.

– მიდი, მირიან, ცოტაც, მიდი, მიდი, შეგიძლია – ასე მამხნევებს ხოლმე და მერე მე ვამხნევებ.

შემდეგ ვსაუზმობთ და თუ გარეთ კარგი ამინდია, ეზოში ჩავდივართ, რათა D ვიტამინი კიდევ მივიღოთ. ჩვენი კორპუსის ეზოში შემოდგომაზე ნერგები დავრგეთ და ყოველ ჩასვლაზე ერთად ვრწყავთ ხოლმე, შემდეგ სკამზე ჩამოვჯდებით და მზეს ვეფიცხებით.

– აუ მირიან, ეს კორონა რომ დამთავრდება … და შემდეგ იწყება ხოლმე გრძელი სია იმ ყველაფრისა, რაც ამ ბოლო 2 თვის მანძილზე ვერ გავაკეთეთ, მეც თავს ვუქნევ და ვპირდები, რომ აუცილებლად წავალთ ტყეში, მთაწმინდის პარკში, კოშკებში (მესტიაში) და აუცილებლად გავფრინდებით პარიზში, სადაც აპრილში დისნეილენდი უნდა გვენახა, თუმცა პანდემიის გამო გეგმები შეგვეცვალა.

მზე რომ მოგვბეზრდება, სახლში ამოვდივართ და იწყება ქოლები, ქოლებთან ერთად იწყება „აუ, მირიან მალე მორჩები? რამდენ წუთში?“ შესაბამისად დღის გრაფიკის დიდი ნაწილი ასე გამოიყურება: ქოლი, თამაში, ქოლი, თამაში, ქოლი, თამაში.

დღის მეორე ნახევარში, როდესაც ქოლები მთავრდება, ყურადღების 100% ლიზაზე გადადის და ეს მას ძალიან უხარია, ამ დროს ან მაგიდის თამაშებს ვთამაშობთ (ბოლო პერიოდია UNO-ში თითქმის ყველა ხელს მიგებს), ან მუსიკას ვუკრავთ ან რაღაცას ვხატავთ.

დღის ბოლოს ლიზას ვბან, თმას ვუშრობ, რაც ძალიან უყვარს და დასაძინებლად ვამზადებ.

მე ვფიქრობ, მამის როლი ბავშვის აღზრდაში უმნიშვნელოვანესია და ეს როლი განსაკუთრებით გაიზარდა იზოლაციის პერიოდში. მამებს ხშირად გვავიწყდება ხოლმე ან არ გვცალია იმისათვის, რომ ბავშვებს მოვუსმინოთ, მათი პრობლემები გავიაზროთ და დავეხმაროთ მათ გადაჭრაში. ამიტომაც ახლა კარგი დროა დავფიქრდეთ თუ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს და პირველ რიგში ჩვენს ოჯახებს, როგორ ვიყოთ კრეატიულები ბავშვებთან ერთად და როგორ გადავინაცვლოთ ჩვენი „დიდების“ სამყაროდან ჩვენი შვილების კიდევ უფრო დიდ სამყაროში.

სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით კამპანია „კაცები ზრუნავენ“ დავაფუძნეთ, რომლის მიზანია მამების წახალისება, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ ბავშვის აღზრდასა და საოჯახო საქმეების გადანაწილებაში. ჩვენ ყველა მამას ვიწვევთ შემოგვიერთდნენ მამების ჯგუფში ფეისბუქზე, რომელიც 1 თვის წინ შევქმენით, სადაც ბევრ საინტერესო რჩევას და რეკომენდაციას მიიღებენ სხვა მამებისგან.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5