პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი თამუნა მახარაშვილი.
ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის ორივე მშობელთან სრულფასოვანი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ამის მიუხედავად, დედები უფრო მეტად არიან ჩართული ბავშვის აღზრდაში. როგორია მამის როლი ოჯახურ თანამეგობრობაში, Რას იღებს ბავშვი მამასთან ურთიერთობის დროს, როდესაც ის აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში?
ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას სანდო მიჯაჭვულობა ჰქონდეს ორივე სქესის მშობელთან, რადგან ბაზისური ნდობა და დაცულობის განცდა, რომელსაც ბავშვი იღებს მშობლებთან ურთიერთობით, შემდგომში განზოგადდება სამყაროსადმი მის დამოკიდებულებებში.
სანდო კვლევებით დასტურდება, რომ მამის პოზიტიური ჩართულობა შვილის აღზრდაში დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ განვითარებაზე. განვითარების ადრეულ პერიოდში მამის მხრიდან შვილის მხარდაჭერა, ახალი მცდელობების წახალისება, ერთობლივი თამაში, უპირობო სიყვარულის გამოხატვა ზრდის ბავშვის სტრესთან პოზიტიური გამკლავებისა და თვით-რეგულაციის უნარებს, კარგად ყოფნის განცდას, თავდაჯერებულობასა და მაღალ სოციალურ კომპეტენციას, გრძელვადიან პერსპექტივაში.
მამის მხარდამჭერი ჩართულობა შვილის აღზრდაში დადებითად აისახება აკადემიურ მიღწევებზეც. სკოლის დაწყებით საფეხურზე, მამის მხრიდან ბავშვის დახმარება დავალებების მომზადებაში, ინტერესის გამოხატვა შვილის სასკოლო ცხოვრებისადმი, აუმჯობესებს მოსწავლის აკადემიურ მიღწევებსა და სწავლის მოტივაციას.
ბავშვის მიერ ახალი ქცევების დასწავლა მნიშვნელოვნად განპირობებულია უფროსების ქცევის მოდელირებით. ბავშვები აკვირდებიან „მამის ხატს“ ოჯახში, მის დამოკიდებულებებს პარტნიორულ და სქესთაშორის ურთიერთობებში. ეს გავლენას ახდენს ბიჭებში გარკვეული ქცევითი მოდელების ჩამოყალიბებასა და გოგონებში საკუთარ სქესთან მიკუთვნებულობის პროცესზე. ორივე მშობელზე, როგორც ბავშვისთვის ავტორიტეტულ ფიგურებზე დაკვირვებით, პატარები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე სწავლობენ როგორ დაამყარონ ურთიერთობები გარშემომყოფებთან, იწყება ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება.
უკვე მოზარდობის პერიოდისთვის, მამის ეფექტიანი ჩართვა ამცირებს სარისკო თუ ქცევითი პრობლემების გამოვლენის ალბათობას. კვლევებით დამტკიცებულია, რომ მამის მხარდამჭერი მიდგომა, მეგობრული დამოკიდებულება, შვილის პრობლემების გაზიარება და მათი კონსტრუქციული გზებით მოგვარების ხელშეწყობა ამცირებს მოზარდის ისეთ სარისკო ქცევებში ჩართვის ალბათობას, როგორიცაა ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და ანტისოციალური ქცევა.
საუკეთესო შემთხვევაში, ორივე მშობელი გასცემს უპირობო სიყვარულს შვილისადმი და ხელს უწყობს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ განვითარებას, თანაც ისე, რომ უხეშად არ ერევა მის პიროვნებაში. მშობლები ეხმარებიან ბავშვს ისეთი ღირებულებათა სისტემის შენებაში, რომელიც მიმართული იქნება სოციალური, დამოუკიდებელი და თვითრეალიზებული ზრდასრულის ჩამოყალიბებაზე.