პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე.
გვესაუბრეთ, როგორია მანიპულატორი მშობლის ქცევა, რა ხერხებს მიმართავს ის ბავშვთან ურთიერთობისას და რა შედეგები მოაქვს ურთიერთობის ამგვარ მეთოდს ბავშვისთვის და მშობლისთვის?
მანიპულაცია და მანიპულირება ხშირად არის ადამიანთა ქცევის ნაწილი, სამწუხაროდ. მშობელი იქნება, ბავშვი, პარტნიორი, თანამშრომელი თუ მეგობარი ხანდახან მიმართავენ ამ მეთოდს ურთიერთობაში. როდესაც მშობელი ამ მეთოდს მიმართავს შვილთან ურთიერთობაში, შემდეგ უკვე ბავშვი მიმართავს ასეთ ქცევას მშობელთან მიმართებაში და ეს უკვე აღაშფოთებს მშობელს. მშობელს რომ ვკითხოთ ,თუ რატომ იყენებს მანიპულატორულ ქცევას ბავშვთან ურთიერთობაში, ის შეიძლება ვერ აცნობიერებდეს თავის ასეთ ქცევას და მისი პასუხი ხშირად შეიძლება იყოს ასეთი: ყველა ასე აკეთებს. მანიპულირების არსის უკეთ გასაგებად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაიმე ღილაკი, ბავშვის რაღაც სუსტი წერტილი, რომელზეც თითს ვაჭერთ. მსგავსი ქცევა მშობელს ხშირად მყისიერ და წარმატებულ შედეგს აძლევს. ეს ღილაკები ხშირ შემთხვევაში არის შიში, სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა. ამ სამ მეთოდს მიმართავენ მშობლები მანიპულაციის დროს, რასაც თავისი ქვეტექსტი აქვს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ შიშის უკან რა დგას, რა არის შიშით მანიპულირება და როგორ გამოხატულება აქვს. მაგ., როდესაც ბავშვს ვეუბნებით: “შენ თუ ასე მოიქცევი, მოვა გუდიანი კაცი და წაგიყვანს”; “შენ თუ ცუდ ქცევას გააგრძელებ, ბავშვთა სახლში წაგიყვან და ჩაგაბარებ.” “ შენ თუ ასე მოიქცევი, აღარ მეყვარები”. მანიპულატორული მეთოდის გამოყენებისას ჩვენ ვაშინებთ ბავშვს. მანიპულაციის შემდეგი გამოხატულება არის ბავშვის შერცხვენა, რაც გამოიხატება სხვასთან შედარებაში და დაცინვაში. “იმან შენ როგორ გაჯობა, არ გრცხვენია?! “ეს როგორ მოგივიდა, არ გრცხვენია?!” აქ წამყვანი ლაიტმოტივი არის ქვეტექსტი, რომ ბავშვი სხვა ბავშვთა შედარებით რაიმეთი ნაკლებია ან უბრალოდ არ არის საკმარისი. მესამე ყველაზე მძიმე მანიპულაციის ხერხია ბავშვისთვის დანაშაულის აკიდება. მაგ.,”დედა არ გაღელვებს”; “ შენს გამო ცუდად გავხდები, თუ დროზე არ მოხვედი სახლში, წნევა ამიწევს”; ეს არის ჯანმრთელობით და სიყვარულით მანიპულირება და აქედან გამომდინარე დანაშაულის გრძნობის აკიდება.
ამ დროს რას გრძნობს ბავშვი?
ბავშვი თავს პიროვნებად ვერ აღიქვამს, როდესაც ის მანიპულაციის მსხვერპლია. იგი თავს აღიქვამს ობიექტად, როგორც მანიპულაციის საგნად. ტაქტიკურად მშობელი მანიპულაციის ხერხის გამოყენებით “იგებს” რაღაც ბრძოლას ერთჯერადად, რადგან ბავშვმა იმ მომენტში შეასრულა რაღაც, რის გამოც მშობელმა მიმართა ამ ქცევას. გრძელვადიანი დაკვირვებით და პერსპექტივით როდესაც მშობელი მანიპულირებს, ის სტრატეგიულად აგებს, რადგან ბავშვი ასე თუ ისე გრძნობს, რომ მის მიმართ რაღაც ტაქტიკას, რაღაც ხერხს იყენებენ, რაც მისთვის არასასიამოვნოა. თუ ხშირად ხდება ასეთი ქცევა, ეს ყველაფერი ანგრევს მშობლის და შვილის ურთიერთობას, ნდობას და ურთიერთპატივისცემას. როგორც წესი, მანიპულაციის უკან დგას რაღაც მიზანი და სურვილი, ოღონდ ეს სურვილი იმ სახით რა სახითაც არის არ ჟღერდება. მაგ.,”ის შენი კლასელი, მეგობარი შენზე უკეთესია”, რომელსაც ვადარებთ და ვარცხვენთ ბავშვს. ამის უკან დგას სიტყვები: “ მე მინდა იყო წარმატებული, მე მინდა იყო პირველი”. შედეგები დგება ასეთი: ბავშვი ხდება დამოკიდებული, იკეტება ფსიქოლოგიურად და ზრდასრულ ასაკში კი შესაძლოა საერთოდ შორს დაიჭიროს თავი მშობლისგან. ჩვენ ხშირად გვინახავს ზრდასრულ ასაკში ადამიანები როგორ აგრძელებენ მანიპულაციის ქვეშ ყოფნას დანაშაულის გრძნობის ზეგავლენით ცხოვრებას: “მე ვჭირდები ჩემს მშობელს.” “მე თუ სადმე წავალ, მას (მშობელს) რამე მოუვა”. ორივე შემთხვევა ბავშვისთვის და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის არც ისე სახარბიელოა და ხშირად ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს ადამიანი. როდესაც მშობელი მანიპულირებს ბავშვზე, ბავშვიც ამას სწავლობს, რადგან მისთვის მშობელი როლური მოდელია და ბავშვიც პოულობს იმ ღილაკს, რომლითაც შეუძლია მშობლის ქცევის კორექცია და მართვა. ამის შემდეგ უკვე ბავშვი ხდება მანიპულატორი. ბევრი მშობელი, რომელსაც “ცელქი” ბავშვი ჰყავს ოცნებობს “მორჩილ ბავშვზე”. “მორჩილება” მხოლოდ მორჩილება არ არის, თუ ბავშვი ისეთი მორჩილია, რომ მშობელსაც ვერ უწევს წინააღმდეგობას, მან შეიძლება ხვალ არც ისე კარგი რეპუტაციის და გავლენის მქონე ადამიანის შეხედულებები მიიღოს გაუკრიტიკებლად (განსჯის გარეშე) – გასინჯოს თუნდაც ნარკოტიკი, რაიმე ნივთიერება და ა.შ.