“დედამ იცის” რუბრიკაში “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან” ამჯერად გამომცემელი მარი კორინთელი გვიზიარებს ბავშვებთან ერთად მუშაობის გამოცდილებას.
საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადდა, ჩემი პირველი ფიქრი ძალიან ცხადად მახსოვს – მანქანაში ვიჯექი, რადიოთი მოვისმინე და თავში მაშინვე სიგნალი ჩამერთო: “ვაიმე, ჩქარა, ჩქარა სახლში, ბავშვებს არ შეეშინდეთ, ეს პერიოდი კატასტროფად არ ჩარჩეთ!“ მას შემდეგ ჩვენს სახლში მცხოვრებმა უფროსებმა ძალიან დიდი ძალისხმევა დავახარჯეთ იმას, რომ ჩვენი ორი გოგოსთვის სახლი საპყრობილე კი არა, მხიარული კუნძული გამხდარიყო ან საკრუიზო გემი, რომელიც ყოველდღე ერთფეროვან ოკეანეში მიცურავს, მისი ფანჯრიდან ერთი და იგივე ხედი მოჩანს, მაგრამ შიგნით იმდენი რამე ხდება! რესტორანიცაა და ორკესტრიც, სათამაშო მოედანიცა და თეატრიც, სცენაცა და პარტერიც.
ჩემთვის, მომუშავე მშობლისთვის, ძალიან რთულია სამსახურისა და ამ ყველაფრის უწყვეტ რეჟიმში შეთავსება. სახლიდან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, ბავშვებს თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ და დღის რეჟიმი ყველასთვის მოხერხებულად იყო განაწილებული, ახლა კი ჩვენი დღეებიცა და ღამეებიც ყოველ წუთსა და წამს ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ნამდვილად არ არის ადვილი. ლეას ონლაინგაკვეთილების დროს მშობლები ვმუშაობთ, ამ დროს თინო უნდა დაკავდეს დამოუკიდებლად საინტერესო აქტივობებით, მოკლედ, მთელი დღე სახლში ქარაშოტი ტრიალებს და ზოგჯერ რაიმე სტატიას რომ გავხსნი, რომელიც ასე იწყება: „ახლა, რადგან კორონამ ამდენი დრო გამოგვითავისუფლა…“ სიმწრით მეცინება ხოლმე. მშობლებისთვის დღეები ნამდვილად უფრო აჩქარდა და ამოსუნთქვა უფრო რთული გახდა, მაგრამ ამ ყველაფერს, გულწრფელად, უდიდესი ბედნიერებაც მოაქვს. ეს პერიოდი სპორტის ჩემს უსაყვარლეს სახეობას, სირბილს ჰგავს – გული ამოვარდნაზე გაქვს, თავს არ ზოგავ, სასტიკად იღლები, მაგრამ ამავე დროს ბედნიერებისგან დაფრინავ. ამ კარანტინში ძალიან ხშირად გავუმეორე ჩემს ორ შვილს, რომ უბედნიერესი ვარ, სახლში გამოკეტვა მათთან ერთად რომ მომიწია, სწორედ მათთან ერთად, თავიანთი ნაკლებითა და ღირსებებით, თავიანთი ჭინჭყლობებითა და დიდი ადამიანობით, თავიანთი ლამაზი თვალებითა და თბილი ხელებით, და ეს სრული სიმართლეა. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს კარანტინში ისინი არიან და მარტო არ ვარ. სხვაგვარად ძალიან, ძალიან მოვიწყენდი.
ვცდილობ, ის გარდამავალი წამი, როცა ვიღვიძებთ და პანდემია არ გვახსოვს, გავახანგრძლივო, ამიტომ დღეები დიდებულად იწყება. რა თქმა უნდა, მთლად დიდებულად არა, რადგან დილის ბრიფინგს ვუსმენ ხოლმე, მაგრამ აბა, ეს ამბები რომ არა, როგორ ვიკოტრიალებდით ამდენ ხანს ერთ ლოგინში! როგორ მოვყვებოდით სიზმრებს, როგორ შევუღიტინებდით ერთმანეთს და როგორ დავბურჯგნიდით ამდენ ხანს! საბედნიეროდ, ბავშვები გვიან იღვიძებენ, ამ დროს მე უკვე მღვიძავს და ვგიჟდები იმ მომენტზე, უცებ საძინებლის კარი რომ მოფრიალდება და ორი ძილისგან აბრაწული სახე და აფუუებული თავი შემოვარდება და საწოლზე ამოვარდება ხოლმე. დილის ნებივრობის შემდეგ ყველამ, თინოს გარდა, საქმეებს უნდა მივხედოთ, თინო თავისუფალი სულია და ყველას ცოტათი გვშურს მისი, მაგრამ აბა მას ჰკითხეთ, როგორ ბრაზობს, ყველა რომ დაკავებულია და მისთვის არავის სცალია, ხან სათამაშოს აჩეჩებენ და ხან – მულტფილმს. სამაგიეროდ, შემიძლია, როცა მინდა, მაშინ ჩავეხუტო, პრიალა ლოყები დავუწელო, თვალები ჩავუკოცნო და ისევ საქმეს მივუბრუნდე.
ლეას ონლაინგაკვეთილები მშობლის ტექნიკურ მხარდაჭერას მოითხოვს. ძალიან რთულია ყველასთვის, მასწავლებლისთვის, ბავშვისთვის, მშობლებისთვის, მაგრამ ვცდილობ, აქედანაც რაღაც კარგი დავიმახსოვრო – ყოველთვის მინდოდა მენახა, როგორ იქცეოდა ლეა სკოლის მეგობრებთან. აი, თურმე როგორი ყოფილა ჩემი შვლისთვალება გოგო კლასელებთან და მასწავლებლებთან – ლაღი, თამამი, ტკვარცალა. ამას სხვა დროს ხომ ვერ ვნახავდი?! ახლა, როცა ცხოვრება კალაპოტში ჩადგება, უკვე მეცოდინება, როგორია ჩემი დიდი გოგო კლასში.
საღამოს თამაშები იწყება. ამდენი არასდროს გვითამაშია. რადგან ჩემი შვილების მშობლები არიან ქალი და კაცი, რომლებსაც ძალიან უყვართ ლიტერატურა, ჩვენი თამაშების უმეტესობაც ლიტერატურითაა შთაგონებული. გოგოებს ეს წიგნები, რა თქმა უნდა, ჯერ არ წაუკითხავთ, მაგრამ მაინც ძალიან მაგრად ერთობიან საჰაერო ბურთით მოგზაურობით, უკაცრიელ კუნძულზე გარიყვითა და იქ თავის გადარჩენით, განძის ძებნით, მრისხანე მეკობრეთა გემის თავგადასავლებით. ამ გემმა მრავალი ზღვა გადაცურა და ვიცი, კიდევ ბევრს გადაცურავს. ზოგჯერ გვირაბს ვთხრით და იფის ციხესიმაგრიდან გავრბივართ.
არ იფიქროთ, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურადაა, იდეალური მშობლები ვართ და იდეალური შვილები გვყავს. რა თქმა უნდა, უამრავ სირთულეს ვაწყდებით. ერთ-ერთი ასეთი გაჯეტებთან დაკავშირებული პრობლემებია. ლეა ჩვეულებრივზე დიდ დროს ატარებს ეკრანთან, რასაც ვებრძვით იმით, რომ ვცდილობთ, საინტერესო საერთო აქტივობები შევთავაზოთ და ცოტა გაგებითაც ვეკიდებით. მას ყველაზე მეტად გაუჭირდა კარანტინის ატანა, ახლა განსხვავებულ რეალობაში ვართ და ძველი წესების ამ რეალობაზე მორგებაა საჭირო, ამიტომაც ტექნიკასთან ლეას ურთიერთობის დრო გაზრდილია, მაგრამ ვცდილობთ, გონივრულ საზღვრებსა და რეკომენდაციებს არ გავცდეთ.
ძილის დრო მოდის. გოგოებს ძილის განსხვავებული რუტინა აქვთ. ჯერ თინოს თავგადასავლები იწყება აბაზანაში. ეს თავგადასავლები დაუსრულებელია, ჩვენ კი უკვე ფეხზე ძლივს ვდგავართ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის, როცა ჩემი ნერვები აშლას აპირებენ, ვუყურებ ქაფში მოდგაფუნე ფუმფულა სელაპს და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დადგება დღე, როცა ის აბაზანაში აღარ შემიშვებს. ეგრევე ვმშვიდდები და მეც ვერთვები ქაფიან თამაშებში. მერე ზღაპრებია. ამჟამად პროგრამაში „ერნესტის და სელესტინის“ არაჩვეულებრივი თავგადასავლებია. ხანდახან ტოტოროს ვუყურებთ ხოლმე ცოტა ხანს. მერე რძე, თინოს გუდურასავით ეძინება და მარტო ლეას დრო დგება.
ლეა ძილის წინ კითხულობს. ახლახან დაასრულა „მელორი ტაუერსი“, ახლა „წრიპა ბიჭის“ ჯერია. მერე აუცილებლად ვუყურებთ რამე სერიალს ერთად. ლეა ამ ბოლო დროს ძალიან სევდიანია. ის ლამაზი, ჭკვიანი, აქტიური გოგოა, პირველ კლასშია. ძალიან უყვარს სკოლა, ბალეტი, ჭადრაკზე დადიოდა, უამრავი მეგობარი ჰყავს, უყვარს ხალხში ყოფნა, მეგობრებში ტრიალი, უყვარს სკოლა, კლასელები, მასწავლებლები. და უეცრად ეს ყველაფერი ერთიანად ჩამოეცალა. ლეა ძალიან გონიერიცაა და მას ვირუსზე ზღაპრებს ვერ მოუყვები, სიმართლე უნდა უთხრა. სიმართლე კი ცოტა რთული ასატანია შვიდი წლის მგრძნობიარე გულისთვის. ახლა ლეას უამრავი რამის ეშინია, ბევრი რამე ედარდება და ძალიან ენატრება თავისი ცხოვრება. ძილის წინ მე, ირაკლი და ლეა სერიალს ვუყურებთ ხოლმე. ამჯერად ეს არის „მისი ბნელი საწყისები“, ფილიპ პულმანის ძალიან საინტერესო წიგნის მიხედვითაა გადაღებული. სანამ სერიალს ჩავრთავდით, ლეამ გვითხრა, ჩემი ცხოვრება კვერცხივით ჩამატყდა ხელშიო. ოხ, როგორ ჩამწყდა გული. თითქოს უცებ შემიხტა და მომეწურა. ტირილი მომინდა. გავუმხილეთ, რომ ჩვენც სწორედ იმავეს ვგრძნობთ. სამივე დავნაღვლიანდით და ბებოს ვთხოვეთ, პოპკორნი გაეკეთებინა, შემდეგ სერიალი ჩავრთეთ და საწოლში პოპკორნიც ჩავიდგით. ლოგინში ჭამის უფლებას არავის და არასოდეს ვაძლევ, მაგრამ როცა ნაღვლიანი ხარ, საწოლში ხრამუნიც მოსულა. ჯანდაბას ნამცეცები, ჯანდაბას პრინციპები, გაუმარჯოს ცხელ ბატიბუტს, ღამე ჭამას და გვიანობამდე სერიალს!