Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალგაზრდა დეპუტატი მარიამ ლაშხი “დედამიცის”-ს უზიარებს თავის გამოცდილებას სამსახურებრივი საქმიანობისა და დედობის შესახებ.

მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ კარიერა და რამ განსაზღვრა თქვენი ინტერესი ტექნოლოგიებისადმი?

კარიერა საკმაოდ საინტერესოდ დავიწყე, არჩევანი მომავლის პროფესიაზე – საინფორმაციო და საინჟინრო ტექნოლოგიაზე გავაკეთე. მაშინ ჯერ კიდევ იშვიათი იყო გოგო ამ სფეროში, თანაც რეიტინგში, თუმცა ალბათ გული მიგრძნობდა, რომ დიდი მომავალი ჰქონდა ამ მიმართულებას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათემატიკურმა უნარებმაც ხელი შემიწყო და არ შემიძლია არ აღვნიშნო მამას მეგობრის, არჩილ ფრანგიშვილის როლი, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა. მოთხოვნა დღითიდღე იზრდება ამ პროფესიაზე და გასაკვირიც არ იყო, რომ 17 წლის ასაკში, პირველი კურსის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა.

თუმცა, ამის მიუხედავად პროფესია შეიცვალეთ და დიპლომატიურზე ჩააბარეთ. როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ახალი პროფესიით და ახალი გამოცდილებით?

2008 წელს სასწავლებლად წავედი გერმანიაში, ჩემი სწავლა დაემთხვა ომის პერიოდს. ემოციურად ძალიან რთული იყო ქვეყნის გარეთ ყოფნა, როდესაც გამზიარებელიც არ გყავს და იფიქრო, როგორ შეიძლება გამოადგე სამშობლოს. სწორედ ამ პერიოდში უფრო მეტად დავინტერესდი პოლიტიკა-დიპლომატიის მიმართულებით და გერმანიიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე პროფესია შემეცვალა. დიპლომატია უცხო არ იყო ოჯახში, დედა არაბისტი მყავს, პროფესორი და წლების მანძილზე კითხულობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე არაბულ ენას, ენობრივ ურთიერთობებსა და ყურანს. ახლაც რეგიონალური კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილეა და ძალიან საინტერესო საკითხზე მუშაობს- “კავკასიამცოდნეობის” სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია, რომლის ერთ-ერთი მიზანი მომრიგემომლაპარაკე დიპლომატების მომზადებაცაა. პროფესია შევიცვალე და მალევე დავიწყე მუშაობა მსოფლიო ბანკში, სადაც ძირითადად კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით ვმუშაობდი და ასევე, ვითავსებდი საინფორმაციო ტექნოლოგიებსაც. 2012 წელს სახელმწიფომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა პრიორიტეტად გამოაცხადა და მსოფლიო ბანკიც ამ მიმართულებით რეფორმების აქტიური მხარდამჭერი იყო. ინოვაციების და მეწარმეობის მხარდასაჭერად სააგენტოების შექმნა გახდა საჭირო, რათა ქვეყანაში არსებულ ინტელექტუალურ რესურს რეალიზების საშუალება მისცემოდა. ამ იდეით მეც აღტყინებული ვიყავი და ჩავერთე პროცესში. აქაც უნდა აღვნიშნო ჩემი კარიერის “კეთილი ფერიები”, ინგა პაიჭაძე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემ განვითარებაში და დღემდე აგრძელებს ამ როლის შესრულებას. ანჟელა პრიგოჟინა, საქართველოზე შეყვარებულმა ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. ქვეყანაში ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო, სააგენტომ თავი მოუყარა როგორც მეცნიერებს, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერ ლატენტურ ინოვატორებს. როდესაც ირაკლი ქაშიბაძემ, ჩემი კარიერის რეფორმატორმა, სააგენტოში გადასვლა შემომთავაზა თვალები გამიბრწყინდა. ბევრისთვის წარმოუდგენელი კომფორტის ზონიდან გამოვედი, გაცილებით ნაკლები პირობებით, სახელმწიფო სტრუქტურაში გადავინაცვლე. ეს იყო რეფორმა, რომელსაც არ ჰქონდა მემკვიდრეობა და იწყებოდა ახლიდან. გვერდში ამოვუდექი ინოვაციების პიონერებს და ამ ძალიან მაგარი პროცესის ნაწილი გავხდი. დავიწყეთ სტარტაპების დაფინანსება, ქვეყნის გაციფრულება და სხვა მრავალი ქვეყნისთვის ეკონომიკური მნიშვნელობის პროექტი. მნიშვნელოვანი იყო ასევე ქალების წახალისება, ცნობადობის ამაღლებასთან ერთად მათი ამ სფეროში ჩართვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების მონაწილეობა ტექნოლოგიურ სფეროებში და რა უნდა გააკეთონ მათ იმისათვის, რომ ადგილი დაიმკვიდრონ ამ სივრცეში?

ქალი მისი ფიზიოლოგიური მონაცემებით არის შემოქმედი ახალი სიცოცხლისა. მე მჯერა იმის, რომ ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაჭერა და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებში, სადაც ძირითადად არსებობს სტერეოტიპული მიდგომა, “ბიჭის ტვინი და გოგოს ტვინი”. მიუხედავად იმისა, რომ გენდერულ ჭრილში არ ვანსხვავებ, ქალს აქვს სხვა ფსიქოტიპი, დეტალებზე ორიენტირებულია, დედობრივია, მზრუნველია, აქვს ნებისყოფა, სურს პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიაღწიოს, – ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჯდება პროგრამისტების და თუნდაც, ტექნოლოგიების პროფესიებისთვის დამახასიათებელ თვისებებში. ვფიქრობ, ქალის მონაცემები, მამაკაცის ფართომასშტაბიან ხედვასა და პრინციპულ აზროვნებასთან ჰარმონიაში უფრო სრულყოფილს ხდის ნებისმიერ საქმიანობას, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების სფეროში! მნიშვნელოვანია, დავინახოთ გოგონების ნამდვილი შესაძლებლობები, რომ მათაც დაინახონ თავიანთი თავი ტექნოლოგიებში. ტექნოლოგიებში, სადაც აქამდე შეუვსებელი იყო ეს ნიშა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები გააქტიურდნენ. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, ქალებმა ერთმანეთი წაახალისონ და შექმნან მისაბაძი მოდელები. ქალების ჩართულობაზე როდესაც არის საუბარი, ძირითადად ქალების საზოგადოება იკრიბება ხოლმე და სამწუხაროდ, მამაკაცებიც ნაკლებად არიან ჩართულები. პარლამენტში გენდერული საბჭო გვაქვს, სადაც მამაკაცებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობენ და კარგ გადაწყვეტილებებსაც იღებენ. როდესაც ქალების ჩართულობაზე ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცებმაც ზუსტად იცოდნენ, რა იგულისხმება ამაში, რომ რაღაც კეთდება არა მათი დაკნინებისთვის, არამედ საერთო შედეგის მიღწევის ინსტრუმენტია თანაბარი შესაძლებლობების ქონა. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი განათლება, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, იმისათვის რომ ტექნოლოგიებში მეტი ქალი და მეტი კარგი რეზულტატი დავინახოთ.

ცოტა ხანია, რაც დედა გახდით. როგორია დედობის გამოცდილება, რა ცვლილებები მოიტანა და რას ურჩევდით სხვა დედებს?

დედობა, ყველაზე ტკბილი გრძნობაა და ალბათ, სანამ არ განიცდი, ვერ მიხვდები. ვფიქრობ, ყოვლისშემძლე ხდები და ზებუნებრივი ძალა გეძლევა. ვფიქრობ, საძრახისი არაფერია იმაში, რომ ქალის მთავარი ფუნქცია ახალი სიცოცხლის დაბადებაა, ამ მხრივ, ის ნამდვილი შემოქმედია. თავისი ფიზიოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, დედა და მეუღლეა, რაც, თავისთავად ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა – ბავშვის გაჩენა, აღზრდა, ოჯახის ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა, სახლის საქმეების რუტინა, ქმართან ურთიერთობების, თანაცხოვრების ყოველდღიურობის დალაგება – დიდ დროსა და მოფრთხილებას მოითხოვს. დედები ბევრ ფსიქოლოგიურ სირთულეებს გადიან. დედობას თან ახლავს უძილო ღამეები. მოთმინების ძლიერ გამოცდას გადის დედა.

ორსულობის პერიოდში პოლიტიკაში გადავედი, გამოწვევებით სავსე პერიოდი დაემთხვა, არჩევნების პერიოდში დაიბადა ჩემი პატარა ნიკოლოზი. მახსოვს, პირველი სესიიდან როგორ გავრბოდი რძით ხელში ნიკოლოზთან ინკუბატორში მოსანახულებლად. 7 თვეზე დაბადებულ ნიკოლოზს გარკვეული პერიოდი ინკუბატორში ყოფნა მოუწია და ჩვენი ანგელოზის, ქ-ნ შორენა ჭანკვეტაძის წყალობით ყოჩაღად დავტოვეთ ღუდუშაურის კლინიკა. დღემდე ბუნებრივ კვებაზე მყავს და საკმაოდ დიდი გამოწვევაამ ერთმანეთს შეუთავსო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება და მზრუნველი დედობა. ბუნებრივი კვების ის სიახლოვე და ეფექტი რაც არის, რასაც ყოველდღიურად ხედავ, რომ განიცადო ის ემოციები, რაც ძუძუთი კვებას მოაქვს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, ამ პრიორიტეტზე გადავაწყვე სხვა ყველაფერი. ჩემი მეუღლე, სანდრო, მუდმივად გვერდში მიდგას და ვფიქრობ შეუძლებელია მშობლების ერთიანი ჩართულობის გარეშე მიიღო ის რეზულტატი რასაც სწორად აღზრდილი, კარგი ზნის და სიყვარულით სავსე პიროვნების ჩამოყალიბება ჰქვია. ცნობილი აქსიომაა, სახელმწიფოს სიძლიერეს ძლიერი ოჯახები განაპირობებენ, ძლიერი ოჯახი ძლიერ ქალზე დგას. კარგად აღზრდილი თაობა კი ქვეყნის მომავლის გარანტია. გახსოვთ ვაჟა? “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა.”

ქალის როლი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დღითიდღე მატულობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დღევანდელი სინამდვილე მას სხვა გამოწვევებისა და მოთხოვნების პირისპირ აყენებს – ერთი მხრივ, არსებული რეალობა ქალის აქტიურ ჩაბმას მოითხოვს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქვეყნის კანონმდებლობაში, სადაც მას შეუძლია ხალხის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა. მეორე მხრივ კი, თავად ქალისთვის არის საჭირო და აუცილებელი, რომ საზოგადოებაში ქალის სტერეოტიპად დამკვიდრებული როლის გარდა, მას მიეცეს პროფესიული უნარების რეალიზების შანსი. ჩემი ღრმა რწმენით, ქალების მხარდაჭერა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს. ამ კუთხით გასაკეთებელი ძალიან ბევრია, ცნობადობის გაზრდა, როგორც პოსტ მშობიარობის და აღზრდის მიმართულებით, ასევე დროის სწორად მართვის მიმართულებით. მრავალშვილიანი დედების ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სწორი აღზრდისა და განათლების სისტემატიზაცია, დედებისათვის ხელშემწყობი პროგრამებისა და ჯანმრთელობის კერების ამოქმედება (მაგ. ბუნებრივი კვების, ძიძების და ა. შ). ვფიქრობ, ამ საკითხების მოგვარება გენდერულ დაბალანსებასაც შეუწყობს ხელს და ქალებისათვის დაბალანაზღაურებადი სამსახურებისა და მამაკაცებთან არაგათანაბრებული ხელფასის ყბადაღებული საკითხების მოგვარებასაც, რადგან ამგვარი მხარდაჭერის შემდეგ ქალები უფრო კონცენტრირებულნი იქნებიან საქვეყნო საქმეზე, უფრო ნაყოფიერად იმუშავებენ და დამსახურებულად გამოიმუშავებენ მამაკაცებთან გათანაბრებულ ხელფასს. ამასთან ერთად შეძლებენ, იყვნენ მზრუნველი მშობლები და სწორად აღზარდონ ქვეყნის მომავალი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5