Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას  “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა მალანია.

გვესაუბრეთ ბავშვებში მარტოობის განცდაზე. რა იწვევს ბავშვებში მარტოსულობის განცდას, როდის არის ეს ძალიან საყურადღებო და როგორ დავეხმაროთ მარტოსულ ბავშვებს? 

დღესდღეობით, იზრდება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვების რიცხვი. უფრო და უფრო მეტი ბავშვი გამოხატავს მარტოობის განცდას ადრეული ასაკიდანვე. ბავშვებში მარტოობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდ პანდემიის პირობებში. მარტოობა პრობლემას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვისთვის პიროვნული ხასიათისა და ტემპერამენტიდან გამომდინარე თავად ირჩევს მარტო დარჩენას და თავისი სურვილიდან გამომდინარე არ არის სოციალურად აქტიური, ყოველივე ეს უარყოფითად არ აისახება ბავშვის მიერ აღქმულ კარგად ყოფნაზე და ეს უარყოფით გავლენას არ ახდენს მის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე, თვითშეფასებაზე,  აკადემიურ მოსწრებაზე. 

როდის წარმოადგენს მარტოობა პრობლემას? 

მარტოობა პრობლემას წარმოადგენს მაშინ, როცა ბავშვს სურს იყოს სოციალურად აქტიური,  გაიცნოს მეტი ადამიანი, იმეგობროს თანატოლებთან და ვერ ახერხებს ამ ყოველივეს, განიცდის ამის გამო და ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მის თვითშეფასებაზე.

მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ „მარტოობა“ და „განმარტოება“. მარტოობა წარმოადგენს ინტერნალიზებულ ქცევას, რომელიც სხვებისთვის არ არის ხილული. შესაძლებელია მოზარდი უამრავი ადამიანის გარშემო იყოს, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობდეს თავს. განმარტოება ექსტერნალური ქცევაა და ყველასთვის ხილულია, ადამიანი თავისი სურვილისამებრ ირჩევს გარშემომყოფებს მოწყდეს და განმარტოვდეს. მარტოობასა და განმარტოებას შორის შესაძლებელია არ არსებობდეს კავშირი. ადამიანი შეიძლება თავს კარგად და კომფორტულად გრძნობდეს განმარტოების დროს და ამავდროულად უამრავი ადამიანის გარემოცვაში გრძნობდეს მარტოობას და დისკომფორტს.  

 რა ტიპის მარტოობა არსებობს? 

არსებობს მარტოობის ორი ტიპი: 1) ემოციური მარტოობა – ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი მოკლებულია მშობლის სიყვარულს, მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობებს 2) სოციალური  მარტოობა – ადამიანის განცდა, როცა ის თავს საკმარისად ინტეგრირებულად არ მიიჩნევს საზოგადოებაში, ნაკლები სოციალური კავშირები აქვს. 

მარტოობა დაკავშირებულია ასაკთან. კვლევები ადასტურებს, რომ მარტოობის პრობლემა ყველაზე მეტად გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ყველაზე ნაკლებად ხანდაზმულ ადამიანებში. ახალგაზრდები უფრო მეტად განიცდიან სოციალურ ცვლილებებს:  დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება, ახალ სასწავლებელში სწავლის დაწყება, საცხოვრებელი ადგილის ცვლილება და ა.შ. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერმა შეიძლება გამოიწვიოს მარტოობის განცდა. 

ბავშვებში მარტოობის მიზეზები 

  • მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მარტოობის განცდა შეიძლება ერთ-ერთი სიმპტომი იყოს: განშორების შფოთვითი აშლილობის, სოციალური ფობიის, დეპრესიული აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, სოციალური ქცევის დარღვევის. მნიშვნელოვანია გამოირიცხოს მარტოობის განცდა, როგორც ცალკეული აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომისა. 

მარტოობის  განცდის მიზეზი ბავშვებში ინდივიდუალურია. დაბადებიდან 2 წლამდე არის ის კრიტიკული პერიოდი, როცა ბავშვს უყალიბდება ნდობა ან უნდობლობა სამყაროსა და ადამიანების მიმართ. მნიშვნელოვანია დაბადებიდან ბავშვის ყველა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დროულად კმაყოფილდებოდეს (ჭამა, ძილი, ბავშვის ტირილზე რეაგირება),  მზრუნველი ბავშვისადმი გამოხატავდეს სითბოსა და სიყვარულს, ხშირად ეხებოდეს და ეფერებოდეს. თუ ბავშვის ყველა მოთხოვნილება დროულად კმაყოფილდება და მის ტირილზე მყისიერი რეაქცია აქვს მზრუნველს, ბავშვს სამყაროსადმი უჩნდება ნდობა. კვლევები ადასტურებს, რომ მარტოობის განცდის მქონე ბავშვების მოთხოვნილებები ჩვილობის ასაკში არ კმაყოფილდებოდა, ასევე ისინი ემოციურ უკუკავშირს არ იღებდნენ მშობლისგან, რის შედეგადაც ჩამოუყალიბდათ უნდობლობა სამყაროს მიმართ და მარტოობის განცდა. 

  • არაჯანსაღი მიჯაჭვულობა – მიჯაჭვულობა ძლიერი ემოციური უნარია, რომელიც ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება, აჩენს ფიზიკური და ემოციური ურთიერთობის სურვილს და ბადებს უსაფრთხოების განცდას. დედა არის ერთგვარი გასაღები სამყაროსი, რომლის მეშვეობითაც ბავშვი აღებს სამყაროს კარს. თუ ბავშვს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა აქვს, მას ძალიან უჭირს ფუნქციონირება არა თუ მიკრო სამყაროში (ოჯახი), არამედ მაკროსამყაროში და ურთულდება ურთიერთობის ჩამოყალიბება გარშემომყოფებთან.  
  • აღზრდის სტილი – ავტორიტარული აღზრდის სტილი, მშობლების უხეში ჩარევა, ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში, როცა ბავშვის სურვილები და დამოკიდებულებები უგულებელყოფილია, არ ვუსმენთ და არ ვითვალისწინებთ ბავშვის განცდებს, ყოველივე ეს ბავშვს უჩენს უსუსურობის განცდას, აქვს დაბალი თვითშეფასება და უჭირს თანატოლებთან კომუნიკაციის დამყარება. 
  • დაბალი თვითშეფასება – მრავალი პრობლემის აღმოცენების მიზეზი არის დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, საკუთარი თავის გაუფასურება, ადამიანი ვერ აღიქვამს თავის უნიკალობას და განუმეორებლობას სამყაროში. მარტოობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი თვითშეფასება, რომლის დროსაც ბავშვები ამჯობინებენ მარტო დარჩენას, მარტო ყოფნას, ვინაიდან ვერ პოულობენ თავიანთ თავში თანატოლებთან და გარშემომყოფებთან თავიანთი თავის რეალიზებისა და ინტეგრირების რესურსს. 
  • ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. გამომდინარე აქედან, ყველა ბავშვთან ინდივიდუალურია ის, თუ რა იქნება მარტოობის გამომწვევი მიზეზი. მარტოობის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სხვა სასწავლებელში გადასვლა, საუკეთესო მეგობრის სხვა სკოლაში ან სხვა ქალაქში გადასვლა და ა.შ. 
  • სოციალური-ემოციური სფეროს განუვითარებლობა – ბავშვმა არ იცის როგორ დაამყაროს კომუნიკაცია თანატოლებთან. არის უხეში, არ შეუძლია დათმობა, არ ითვალისწინებს სხვა თანატოლების სურვილებს, არ შეუძლია ნივთების გაზიარება, თამაში,  თანატოლები ასეთ ბავშვს გაურბიან. ასეთ ბავშვს შესაძლებელია აწუხებდეს მარტოობის განცდა. 

მარტოობის სიმპტომები:

  • მარტოობას თან ახლავს  სევდა, მოწყენილობა. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის გუნება-განწყობილებაზე, შესაძლოა ბავშვი თავის შინაგან მდგომარეობას ვერავის უზიარებს, არ ჰყავს მეგობრები, რომლებთანაც განიტვირთება, ეს შეიძლება იყოს სიმპტომი მარტოობის განცდის. 
  • ბავშვი არ გიზიარებთ ინფორმაციას თავის მეგობრების შესახებ, თანაკლასელების შესახებ, სკოლაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
  • ბავშვი, რომელსაც მარტოობის განცდა აქვს, სიამოვნების განცდას კარგავს (ანჰედონია) იმ აქტივობებზეც კი, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა. 
  • უარს ამბობს გარეთ გასვლაზე, ბავშვებთან სათამაშოდ ეზოში ჩასვლაზე.
  • უკიდურეს სიმორცხვეს იჩენს თანატოლებთან ყოფნის დროს, რაც მას დისკომფორტს გვრის. 

 რა იქნება თქვენი რეკომენდაციები ასეთ დროს? როგორ დავეხმაროთ მარტოსულ ბავშვებს? 

პირველ რიგში ბავშვს ავუხსნათ, რომ ის უნიკალური და განუმეორებელია. ყურადღება გავამახვილოთ და წავახალისოთ მისი ძლიერი მხარეები, მისი შესაძლებლობები. ასევე ავუხსნათ, რომ მასთან მეგობრობა იქნებოდა დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინაიდან მასთან დროის სასიამოვნოდ გატარება და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

  • მნიშვნელოვანია გავიგოთ რა პრობლემები აქვს ბავშვს ურთიერთობებში, ვკითხოთ რა მოსწონს და რა არ მოსწონს თანატოლებთან ყოფნის დროს. 
  • გავიგოთ მისი არჩევანია ის, რომ არ უნდა თანატოლებთან ყოფნა თუ თანატოლები არ იღებენ მას. გავიგოთ მიზეზი, რატომ არ სურს მას თანატოლებთან ყოფნა და მათთან მეგობრობა ან თავისი აზრით რატომ გაურბიან მას თანატოლები.
  • მოვუყვეთ ბავშვებს სოციალური ისტორიები, გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილებები.
  • დავეხმაროთ ბავშვს სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაში – ვასწავლოთ დათმობა, გაზიარება, სხვების სურვილებისა და საჭიროებების გაგება. ვასწავლოთ ასერტიულობა – როგორ დაიცვას საკუთარი  უფლებები ისე, რომ სხვების უფლებები არ შეურაცხყოს. 
  • ვიყოთ ბავშვისთვის მოდელი, ჩვენზე დაკვირვება, ის თუ ჩვენ როგორ ვურთიერთობთ სხვებთან, როგორ ვამყარებთ კონტაქტს სხვებთან, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ბავშვისთვის და მიბაძვის ობიექტი გავხდეთ. 
  • მნიშვნელოვანია უპირობოდ ვიღებდეთ ბავშვს ისეთს როგორიც არის, რაც ბავშვს გაუმარტივებს საკუთარი თავის მიღებას, ისეთს როგორიც არის, რაც არ იქნება შემაფერხებელი სხვებთან კომუნიკაციის დამყარებისა. თუ ბავშვს მუდმივად სხვების შეფასების შიში აქვს, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ის იქნება ჩაკეტილი და მარტოობისკენ მიდრეკილი.

მარტოობის მიზეზი, სიმპტომები და გამკლავების გზები ყველა ბავშვთან ინდივიდუალურია. ის, რაც ეფექტურია ერთთან, შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს მეორესთან. გარკვეულ სირთულეებთან გამკლავების გზები არ არის უნივერსალური, ამიტომ არ არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც ყველას შემთხვევაში იქნება ეფექტური. თუ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს უჭირს ყოველდღიური ფუნქციონირებისგან მიიღოს სიამოვნება, ვერ ახერხებს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებას საკუთარი  სურვილის მიუხედავად, უარს ამბობს ნებისმიერ აქტივობაში ჩართვაზე, სადაც სხვებიც მონაწილეობენ და ყოველივე ეს თუ დამთრგუნველია ბავშვისთვის, მნიშვნელოვანია მივმართოთ სპეციალისტს. ასევე საჭიროა, გავარკვიოთ, ხომ არ არის მარტოობის განცდა რომელიმე ფსიქიკური აშლილობისა და დარღვევის ერთ-ერთი სიმპტომი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5