Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრება ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი

როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი დაწყებით კლასებში ბავშვს, რომ სამომავლოდ ბავშვი უფრო დამოუკიდებელი გახდეს და თვითგანვითარებაზე იყოს ორიენტირებული, როცა ეტაპობრივად რთულდება სამეცადინო აქტივობები, შემოდის კომპლექსური დავალებებირაც ხშირად მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვისაც დაბნეულობის მიზეზი ხდება

რა თქმა უნდა, დაწყებით კლასებში ბავშვს ხშირად სჭირდება მშობლის დახმარება. ოღონდ მთავარი საკითხი, რაზეც მასწავლებელმა და მშობელმა უნდა იმუშაონ, არის იმგვარი დახმარების ტექნიკების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვს განივითაროს დამოუკიდებლობის უნარ-ჩვევები და არ გახდეს დახმარებაზე დამოკიდებული. თავიდან ბევრად უმარტივდებათ მშობლებს, იმის ნაცვლად, რომ მაგალითად, შვილს ასწავლონ, როგორ გამოჭრას და დააწებოს ფურცელი, თვითონ ჩაატარონ ეს პროცედურა. ასე ზოგავენ დროს და ნერვებს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში ბავშვს უქმნიან განწყობას, რომ 1. მის ნაცვლად ყველაფერს სხვა გააკეთებს; 2. თვითონ არ შეუძლია კარგი რაღაცის გაკეთება.  ასე იქცევიან და შემდეგ მოდიან და გეკითხებიან, იცით ჩემი შვილი ზარმაცია და რა ვუშველო?

ამგვარ მიდგომას ემატება ის, რომ განათლების ახალ მოდელში არსებობს კომპლექსური დავალებები, რომლებიც უფრო ძნელი შესასრულებელია, ვიდრე შეესაბამება მოსწავლის აქტუალური განვითარების დონეს. ამ დავალებებს აქვთ ორი მიზანი:

1. მოსწავლე შეაჩვიოს თვითგანვითარებაზე ზრუნვას. ჩაუნერგოს იმის განცდა, რომ ყველაფერს მზად ვერ მიაწოდებს მშობელი და მასწავლებელი და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო.

2. მასწავლებელს მისცეს ნათელი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის კლასში გადანაწილებული მოსწავლეთა რაოდენობა. ვინ არის ის, ვინც ვერ გაიგო ახსნილი მასალა, ვინ არის ის, ვინც გაიგო, მაგრამ არ დაინტერესდა, რომ დამატებით ემუშავა ამაზე და ვინ არის ის, ვინც იმდენად დაინტერესებულია თემით, რომ მეტად დაიხარჯა და დამატებით იმუშავა. ამგვარი იდენტიფიცირება ეხმარება მასწავლებელს შემდეგი გაკვეთილი დაგეგმოს მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებით. ხოლო როცა ბავშვის ნაცვლად მშობელი აკეთებს დავალებას, იკარგება კომპლექსური დავალების ორივე მნიშვნელოვანი ფუნქცია: მოსწავლე ვერ ივითარებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს და მასწავლებელი ვერ ხვდება, რა დონეზეა მოტივირებული ის.

კიდევ ერთხელ, ეს არ ნიშნავს, რომ კომპლექსურ დავალებებზე მოსწავლეს საერთოდ არ სჭირდება მოხმარება. უბრალოდ მეტი ეფექტურობისთვის, მშობელს შეუძლია დიდი აქტივობა დაუწყოს ბავშვს პატარა ნაბიჯებად. მაგ. ნაცვლად დავალებისა “მოამზადე პრეზენტაცია დიდ ფორმატზე” მოსწავლეს უთხრას: “1. აქ დაწერე სათაური, რაზეც უნდა ისაუბრო. 2. აქ დახატე. 3. ამ ადგილზე დატოვე დასაწერი სივრცე. 4. “გუგლში” მოძებნე ამ თემაზე მასალა. 5. წაიკითხე, მოჰყევი, რაც დაგამახსოვრდება და გადაწერე ფორმატზე.

და, რაც ყველაზე მთავარია, ყველა მხარე – მასწავლებელი, მშობელი და ბავშვი უნდა შეთანხმდნენ, რომ დავალების მიზანი სილამაზეში შეჯიბრი კი არ უნდა იყოს, არამედ ის, რომ ამ დავალების შესრულების შემდეგ ბავშვი უფრო თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და მცოდნე გახდეს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5