პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი თამუნა გოგაძე.
რატომ შეიძლება უჭირდეს ბავშვს მეგობრების შეძენა და რა შეიძლება ხელს უშლიდეს თანატოლებთან მის სოციალიზაციას?
ბავშვების უმეტესობა ჩვილობის პერიოდში იწყებს ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მეგობრების შეძენა და შენარჩუნება არის უნარი, რომელიც სწავლების შედეგად დროთა განმავლობაში ყალიბდება. ზოგიერთ ბავშვს ეს უნარი ბუნებრივად უვითარდება ადრეულ ასაკში, ზოგს კი მეტი დრო სჭირდება.
ის ფაქტი, რომ ბავშვებს უჭირთ სხვებთან მეგობრობა, არ არის კავშირში მათ პიროვნულ მახასიათებლებთან. ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი არ არის საზრიანი, მხიარული ან საინტერესო. ეს უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს შესაბამისი სოციალურ-ემოციური უნარების ჩამოყალიბება სჭირდება.
სხვადასხვა გამოწვევებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვს მეგობრების შეძენაში. მაგალითად, როდესაც ბავშვი მორცხვია და ზედმეტად ღელავს ან შფოთავს სხვებთან საუბრისას, შეუძლია საუბრის დაწყება, მაგრამ უჭირს სალაპარაკო თემის მოფიქრება, საუბრობს იმაზე, რაც სხვა ბავშვებს არ აინტერესებთ, ისე, რომ თავად ამას ვერ ამჩნევს.
თუ ბავშვს უჭირს მეგობრული კავშირების დამყარება, შესაძლებელია, რომ აქვს სირთულეები სოციალურ-ემოციური უნარების შემდეგ სფეროში:
- საუბრის წამოწყება და გაგრძელება;
- სოციალურ სიგნალებზე სათანადო რეაგირება;
- სხვების მოსმენა და მათი ნათქვამის გაგება;
- თვითრეგულაცია, იმპულსების კონტროლი.
რატომ სჭირდება მეგობარი ბავშვს?
საუკეთესო მეგობრის ყოლა, სხვა ბავშვებთან თამაში და დაბადების დღის წვეულებებზე სიარული ბავშვების უმეტესობისთვის ჩვეულებრივი აქტივობაა, თუმცა მეგობრების შეძენა ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.
მეგობრების შეძენა ბავშვების ზრდის და სოციალური და ემოციური განვითარების ნაწილია. ისინი სწავლობენ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარებს – ეფექტურ კომუნიკაციას, თანამშრომლობას, კონფლიქტების მოგვარებას და საკუთარი აზრებისა და გრძნობების კონსტრუქციული გზით გამოხატვას.
ასევე, მეგობრული ურთიერთობები ხელს უწყობს ბავშვს ჯანსაღი თვითშეფასების და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.
აღსანიშნავია, რომ ახლო მეგობრის ყოლა გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ზრდის სხვებთან მიკუთვნებულობის განცდას და ეხმარება ბავშვს სტრესთან გამკლავებაში.
როგორ დავეხმაროთ მშობლები ბავშვებს შეიძინოს მეგობრები?
ბავშვები ყოველთვის არ ეუბნებიან მშობლებს, რომ უჭირთ მეგობრების შეძენა ან შენარჩუნება. მათ ხშირად არ ესმით რა ხდება ან რცხვენიათ ამის გამო და ფიქრობენ, რომ ეს მათი ბრალია.
თუ თქვენს შვილს არ ჰყავს მეგობრები ან იშვიათად (ან არასდროს) იწვევენ სხვა ბავშვებთან სათამაშოდ, მას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი მხარდაჭერა თანატოლებთან დასაკავშირებლად. არსებობს მრავალი გზა იმისთვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს ჯანსაღი მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმ მიზეზის დადგენა, თუ რატომ უჭირს ბავშვს მეგობრების შეძენა. განიხილეთ, რას ნიშნავს მეგობრობა და რას ნიშნავს კარგი მეგობარი; ჰკითხეთ თქვენს შვილს, როგორ ირჩევს მეგობრებს; დაინტერესდით, რა არის მისი ინტერესები და ვინ იზიარებს ამ ინტერესებს.
არ აჩქარდეთ და შეეცადეთ, რომ ზედმეტად არ ჩაერთოთ მის სოციალურ ცხოვრებაში. ამის ნაცვლად, მოამზადეთ ბავშვი მეგობრების შესაძენად და შესანარჩუნებლად.
ასწავლეთ სოციალური უნარები ადრეული ასაკიდან
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მცირე ასაკიდანვე ჰქონდეთ თანატოლებთან ურთიერთობა. ჩვილობა იდეალური დროა საწყისი წერტილის ასაღებად. დაიწყეთ კონკრეტული სოციალური უნარების სწავლებით, როგორიცაა ახალ ადამიანებთან შეხვედრა, სხვების მიმართ ინტერესის გამოხატვა და მათი ემოციების კონტროლი.
ასწავლეთ, რომ მეგობრები იცვლებიან – და ეს კარგია
ბავშვების ზრდასთან ერთად მათი ინტერესებიც იცვლება, რაც თავდაპირველად, შეიძლება რთული იყოს ბავშვებისა და მშობლებისთვის. თუ თქვენი შვილი იწყებს ახალ აქტივობას, ის შეიძლება გარშემორტყმული იყოს ახალი ბავშვებით, რომლებიც იზიარებენ ამ ინტერესს. და პირიქით, თუ თქვენი შვილის საუკეთესო მეგობარი იწყებს ახალ აქტივობას, მათ შეიძლება ერთად ნაკლები დრო გაატარონ. ცვლილებების გამო ბავშვმა შეიძლება თავი მარტოდ ან მიტოვებულად იგრძნოს. როდესაც ეს მოხდება, აუხსენით მისთვის გასაგები ენით, რომ ადამიანები იცვლებიან, იცვლება მათი ინტერესები და ეს სავსებით ნორმალურია. შეიძლება არ გაატარონ დიდი დრო ძველ მეგობართან, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ ინტერესების შეცვლა არავის ბრალი არ არის.
ჩართეთ ბავშვები სოციალურ აქტივობებში
წაახალისეთ ბავშვები ჩაერთონ სპორტულ, შემეცნებით, გასართობ ან სხვა აქტივობებში. შედეგად, თქვენი შვილი შეხვდება სხვა ბავშვებს მსგავსი ინტერესებით და ასე იწყება მეგობრობა. დაეხმარეთ ბავშვს იპოვოს მისთვის საინტერესო აქტივობა, ის რაც მას თანატოლებთან აერთიანებს.
გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, შეაქოთ ბავშვი, როდესაც ის ეფექტურად გამოიყენებს სოციალურ უნარებს. ეს მატებს ბავშვს თავდაჯერებულობას, გამოიყენოს მეგობრობის უნარები სახლში, სათამაშო მოედანზე ან სკოლაში და განავითაროს ურთიერთობები თანატოლებთან.