პლატფორმის “დედამ იცის” კითხვებს პასუხობს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.
როგორი სამეტყველო გარემო უნდა შევუქმნათ ბავშვს და თუ არის შესაძლებელი თავიდან ავირიდოთ მეტყველების დარღვევები და როგორ?
დასაწყისისთვის, კონკრეტულ შემთხვევებში, სახლის პირობებში მეტყველების მასტიმულირებელი გარემოს შექმნა-მოწესრიგება შესაძლოა სრულიად საკმარისი იყოს.
განმავითარებელი გარემოს ადაპტაცია ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არასოდეს არის ზედმეტი. ასევე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მეტყველების მასტიმულირებელი ფაქტორების, არამედ შეფერხების ხელშემწყობი გარემოებების გათვალისწინება და თავიდან არიდებაც. ამ უკანასკნელთა შორის პირველ რიგში მოიაზრება გაჯეტები. ისევე როგორც კომუნიკაციის დეფიციტი ბავშვთან, როდესაც ოჯახის წევრებს, სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების ფონზე არ სცალიათ ბავშვთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის.
კონკრეტულად მეტყველების მასტიმულირებელ გარემოში მოიაზრება ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია. ანუ მეტყველებას ვსწავლობთ მხოლოდ მეტყველებით. ადრეული ჩვილობის ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბავშვი ჩვენი მშვიდი, თუმცა ამავე დროს მოდულირებული, ემოციურად შეფერილი მეტყველების მოსმენას. ამისთვის გამოიყენეთ საბავშვო ლექსები, ზღაპრები, ან სულაც თქვენი შეთხზული ისტორიები. სეირნობის და თამაშის, თუ საოჯახო საქმის დროს აუღწერეთ და გაუხმოვანეთ ყველაფერი, რასაც ხედავთ, ეხებით, აკეთებთ. ესაუბრეთ მშვიდად, თუმცა არა მონოტონურად. საუბარს ააყოლეთ ჟესტები და მიმიკა. ეს ყველაფერი ჩვილობის ასაკიდანვეა შესაძლებელი და საჭიროც. მიუხედავად იმისა, რომ მაგ: თვეების ბავშვი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს შინაარსს, ის სწავლობს მოსმენას, ეჩვევა ხმას, სიტყვების ჟღერადობას, ვარჯიშობს ყურადღების კონცენტრირებაში, აკვირდება ტუჩების და სახის მოძრაობას. კვლევებმა აჩვენა, რომ მაგ: თვეების ასაკის ბავშვები მოზრდილებზე ადვილად ახერხებენ უწყვეტი, თუნდაც უცნობი მეტყველებიდან სიტყვების გამორჩევას, მათი შინაარსის გაგების შეუძლებლობის მიუხედავად. შინაარსით ისინი უკვე მოგვიანებით და ეტაპობრივად დატვირთავენ მარცვლების ნაცნობ კომბინაციებს.
ნებისმიერ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს მკაფიო, ტემპი ზომიერი და აუცილებლად თვალით უკუკავშირის ფონზე. თანდათან შენიშნავთ, რომ ჩვილი ცდილობს პირი ააყოლოს თქვენს საუბარს, “გერთვებათ საუბარში” ვოკალიზაციებით, ღუღუნით და ტიტინით, ირეკლავს თქვენს ემოციას, განწყობას, იმეორებს მიმიკას. ამ დროს მნიშვნელოვანია პატარა პაუზების გაკეთება და ბავშვისთვის ვოკალიზაციით ჩართვების შესაძლებლობის მიცემა. ასეთი ვირტუალური “დიალოგიც” უკვე კომუნიკაციაა.
ასაკის და უნარების მატებასთან ერთად, მიმართული მეტყველებაც ხდება უფრო კომპლექსური და შინაარსიანი ბავშვისთვის. დიალოგიც უფრო სრულყოფილია.
კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოსაუბრის ქცევის და ემოციის გათვალისწინებით საუბრის ტონის და შინაარსის ცვლილება, ინფორმაციის მიწოდების ფორმის ადაპტაცია. ეს ყველაფერი მხოლოდ რეალურ გარემოში სისტემატური ტრენინგით არის მიღწევადი. სწორედ ამიტომ, ასაკთან ერთად, თამაშებიც ხდება უფრო და უფრო დატვირთული მეტყველებით და დიალოგებით. ძალიან გვეხმარება პატარა წარმოდგენები, სოციალური ეპიზოდების გათამაშება (დედა-შვილობანა, ექიმობანა, მაღაზიობანა და ა.შ.), როდესაც სიტუაციური ფრაზების და ქცევის გავარჯიშება ხდება ისე, რომ ამას სულაც არ აქვს მეცადინეობის ხასიათი. ძალიან სასარგებლოა ასევე იმპროვიზებული თოჯინების თეატრი, მოგონილი თუ საყვარელი ზღაპრების და ისტორიების გათამაშება ცხოველებით თუ თოჯინებით, ან სულაც ვირტუალურად. საკუთარი გმირის შესაბამისად ბავშვები იცვლიან ქცევას, ხმის ტემბრს, იხსენებენ, ან ახლიდან იგონებენ დიალოგებს – ამ დროს ვარჯიშობს არტიკულაციური აპარატი, იხვეწება გრამატიკა, ვარჯიშდება კოგნიტური უნარები, მეხსიერება და ეს ყველაფერი თამაშ-თამაშით.