Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი. ინტერვიუში წაიკითხავთ  რეკომენდაციებს ბავშვის  მეტყველების გასაუმჯობესებლად, როგორ ვითარდება ბავშვის მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი ჩვილობიდან ექვსი წლის ასაკამდე, რატომ აგვიანებს ბავშვი მეტყველების დაწყებას და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს. 

როდის იწყება მეტყველების განვითარება? 

მეტყველების განვითარება არის ბავშვის უნარი, გამოთქვას საკუთარი ემოციები, ფიქრები, აზრები და შეხედულებები სიტყვების საშუალებით. მეტყველება აერთიანებს ბავშვის საუბრის კომუნიკაციისა და თხრობის უნარებს. მეტყველების განვითარება ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება, როცა მას დედის საუბარი ესმის. 

იმისათვის, რომ შევძლოთ იმის განსაზღვრა, აქვს თუ არა ბავშვს მეტყველების დარღვევა, აუცილებელია ვიცოდეთ, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, სხვადასხვა ასაკში.

1-4 თვე

  •  ტირილი, 
  • ღუღუნი.

4-8 თვე

  • ტიტინი, 
  • პასუხობს ბგერებს ბგერების გამოცემით;
  • პასუხობს სხვის ემოციებს;
  • გამოთქვამს სპონტანურ ბგერებს მგ- მა მა; ბა ბა ;და და.

8-12 თვე

  • იყენებს ჟესტებს, 
  • გამოსცემს ისეთ ხმებს, თითქოს ლაპარაკობს,
  • ამბობს პირველ სიტყვებს,
  • რეაგირებს სახელზე.

12-18 თვე

  • ამბობს მნიშვნელობის მქონე სიტყვებს;
  • ამბობს დაახლოებით 8-10 სიტყვას, რომლებიც სხვისთვისაც გასაგებია;
  • ასრულებს მარტივ მითითებებს: მაგ. მომეცი;
  • იმეორებს სიტყვებს, რასაც გარშემომყოფები ამბობენ;
  • შეუძლია სიტყვის და ჟესტის ერთად გამოყენება.

18-24 თვე

  • ახერხებს იმიტაციას;
  • სპონტანურად იმეორებს სიტყვებს, რომლებიც ესმის საუბარში;
  • სიტყვების ან ჟესტების საშუალებით ახერხებს დამშვიდობება-მისალმებას, როცა მას შეახსენებენ;
  • ასახელებს წიგნში ნანახ სურათს;
  • იცის და ასახელებს სხეულის ნაწილებს;

2-3 წელი

  • იყენებს 2-3 სიტყვიან წინადადებებს ძირითადად არსებითი სახელის და ზმნის კომბინაციით მაგ: ძაღლი ყეფს, პური მინდა. 
  • ასევე იყენებს ზოგიერთ ზედსართავ სახელს, როგორიცაა:  ცივი,ცხელი, რბილი, მაგარი. 
  • მისი მეტყველება უნდა იყოს უმრავლესობისთვის გასაგები.
  • უნდა იყენებდეს როგორც სიტყვებს, ასევე ჟესტებს თავისი სურვილის, განცდების გამოსახატავად.
  • უნდა იგებდეს  და ასრულებდეს მარტივ ერთ საფეხურიან მითითებებსა და ინსტრუქციებს. 
  • უნდა ისმენდეს ზღაპრებს და შეეძლოს წინასწარ თქმა, თუ რა მოხდება შემდეგ მისთვის ნაცნობი ზღაპრის შემთხვევაში.
  • ასევე უნდა განსაზღვროს „მე“ და „ჩემი“.

3-4 წელი

  • იყენებს 3-5 სიტყვიან წინადადებებს .
  • ასევე იგებს და ასრულებს ორ საფეხურიან მითითებებს. 
  • უნდა შეეძლოს მიმიკების, ჟესტების, ემოციების სწორად აღქმა. 
  • საუბრის დროს შეუძლია რამდენიმე წინადადება დაუკავშიროს ერთმანეთს.
  • სწორად სვამს სიტყვებს ბრუნვასა და რიცხვში.
  • შეუძლია მოჰყვეს მოკლე ისტორია ან წარსულში მომხდარი. 
  • შეუძლია მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარება ქმედებებთან. მაგ: ჭიქას თუ დავაგდებ, გატყდება. 
  •  იძლევა ელემენტარულ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. 
  • იცის ნივთების დანიშნულება და შეუძლია მათი დასახელება. 
  • ამბობს ლექსს. 
  • იყენებს კითხვით სიტყვებს.
  •  შეუძლია გითხრათ, რა ასოზე იწყება ესა თუ ის სიტყვა.

4-5 წელი

  • უნდა იყენებდეს ხუთზე მეტი სიტყვისგან შედგენილ წინადადებებს. 
  •  განასხვავებს მსგავსი ჟღერადობის მქონე სიტყვებს მგ: სალი-შალი, ზუსტი-სუსტი, მასა-მაშა…
  • ჰყვება დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს. 
  • ხმარობს კომპლექსურ წინადადებებს მაგ: მე საჭმელი უნდა ვჭამო, იმიტომ რომ…
  • შეუძლია ჩამოთვალოს უფროსის მიერ დასახელებულ ბგერაზე სიტყვები,
  • ლაპარაკობს გარკვევით და სრული წინადადებებით.

5-6 წელი

  • სიტყვებს ყოფს მარცვლებად. 
  •  მარცვლებს აერთებს სიტყვებად. 
  • ასახელებს სიტყვის პირველ და ბოლო ასოს. 
  •  ცდილობს ახალი და მისთვის უცხო სიტყვის მნიშვნელობის გაგებას. 
  •  შეუძლია სამჯერ მოყოლილი ზღაპრის გადმოცემა, არ ტოვებს მნიშვნელოვან დეტალებს. 
  • შეუძლია გადმოსცეს ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ. 
  • შეუძლია სხეულის ნაწილების იდენტიფიცირება. 
  • ჰყვება გამოგონილ ამბებს.
  • 6 წლის ასაკიდან ბავშვის მეტყველება მოზრდილის მეტყველების მსგავსია, მოიცავს კომპლექსურ წინადადებებს. 

რატომ აგვიანებს ბავშვი მეტყველებას? 

მიზეზების ჩამონათვალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მეტყველების დაგვიანება  ფართოა , ეს პრობლემა მუდამ არსებობდა, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კი მეტად გაართულა – კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონზე მიჯაჭვულობა ბევრი ბავშვისთვის გახდა მეტყველების შეფერხების მიზეზი. ბავშვი ცხოვრების პირველ ორ წელიწადში განსაკუთრებით საჭიროებს საუბარს, რადგან ამ დროს ხდება მისი კომუნიკაციისა და სამეტყველო ჩვევების ჩამოყალიბება. 

  • კომუნიკაციის სიმცირემ ან არ არსებობამ 
  • ოჯახში მძიმე ფსიქოლოგიურმა გარემოებამ 
  • სტრესმა
  • ორენოვნებამ

 შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების შეფერხება ან დაგვიანება.

ასევე სპეციალისტები გამოყოფენ მეტყველების დაგვიანების შემდეგ მიზეზებს: 

  • მუცლადყოფნის ან დაბადების დროს მიღებული ტრავმები,
  • ნერვული სისტემის დისფუნქცია, 
  • სისხლძარღვების პათოლოგიები,
  •  დარტყმის დავარდნის შედეგად მიღებული ტრავმები.

ზოგადი სტატისტიკით, ყოველი ათი ბავშვიდან დაახლოებით ხუთი აგვიანებს მეტყველების დაწყებას, ანუ მეტყველების ფიზიოლოგიური პროცესი შეფერხებულია, მათგან ორ-სამს ხშირად  მეტყველების კომპლექსური თერაპია სჭირდებათ. 

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? 

როდესაც ბავშვი აგვიანებს მეტყველებას, ხშირ შემთხვევაში დედა ხვდება, რომ რაღაც ისე არ არის  და სვამს კითხვებს, თუმცა გარშემომყოფები, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ზოგ შემთხვევაში პედიატრიც კი, აძლევენ რეკომენდაციას – დაელოდოს. ხშირად არის დამამშვიდებელი ფრაზებიც: “ჩემი შვილიც ასე იყო”, “ნუ წუხხარ, გაიზრდება და დაიწყებს”, “დაელოდე სკოლის ასაკს”. დალოდება შეგვიძლია  იმ შემთხვევაში, თუ რეცეპტული მეტყველება, გაგების უნარი კარგად აქვს ბავშვს განვითარებული, შეუძლია გაიგოს და შეასრულოს ის ინსტრუქცია,  რაც არის მისი ასაკის შესაბამისი, ცნობს საგნებს, შეუძლია არავერბალურად: ჟესტებით, მიმიკებით დაამყაროს კომუნიკაცია გარშემომყოფებთან.  ამ შემთხვევაში შესაძლოა მართლაც დაიწყოს ბავშვმა ოდნავ მოგვიანებით მეტყველება, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა.  

გვესაუბრეთ იმ ნიშნებზე, რომელიც მიუთითებს მეტყველების შეფერხებაზე? 

  • არ რეაგირებს ხმებზე;
  • არ მიყვება ინსტრუქციებს 12-18 თვის ასაკში;
  • არ იმეორებს ჟღერადობებს; 
  • სპონტანურად არ იმეორებს სიტყვებს, ვერ ახერხებს სიტყვების კომბინაციას; 
  • არ აქვს  ფართო ლექსიკური მარაგი;
  • მისი საუბარი გაუგებარია გარშემომყოფებისთვის;
  • განსაკუთრებით საყურადღებოა თუ 12 თვის ასაკში ბავშვი არ ამბობს ელემენტარულ სიტყვებს, როგორიცაა: დედა, მამა, მომე და სხვა. 

როგორ უნდა ესმოდეთ გარშემომყოფებს თქვენი შვილის მეტყველება:

18 თვე – 25%

2 წელი – 50-70%

3 წელი – 80%

4 წელი – 90-100%

თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომების უმეტესობა ვლინდება თქვენს შვილთან. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ვის უნდა მივმართოთ, თუ ბავშვი აგვიანებს მეტყველებას? 

იმისთვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს, პირველ რიგში ის უნდა შეაფასოს მულტიდისციპლინურმა გუნდმა (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ნევროლოგი). შესაფასებლად გამოიყენება ინტერვიუ, დაკვირვება, მეტყველების შესაფასებელი სტანდარტული ტესტები. 

  • რაც უფრო ადრეულ ასაკში ხდება დიაგნოსტირება, მით უფრო ეფექტურია პრობლემაზე მუშაობა. 
  • ადეკვატური დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებელია სპეციალისტის ბავშვთან მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის პრობლემაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია და  საშუალოდ გრძელდება 1-3 წელი, შეიძლება მეტიც. 
  • მეტყველების თერაპიაში საჭიროა თანმიმდევრულობა, ეტაპობრივი მიდგომა, რომელიც მოიცავს სირთულის მცირე ნაბიჯებს. თერაპიის თითოეული ნაბიჯი ოდნავ უფრო რთულია ვიდრე წინა, რათა შეიქმნას საფუძველი.

სპეციალისტის პარალელურად ბავშვის მეტყველებაზე მუშაობის პროცესში აუცილებელია მშობლების აქტიური თანამონაწილეობა.

რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის? 

  • ესაუბრეთ ბავშვს ენის მოჩლექვის გარეშე, სწორი გამოთქმით. 
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს კარგად სტრუქტურირებული დღის რეჟიმი: კვება, ძილი.
  • აუცილებელია მშობელი ეთამაშოს ბავშვს ყოველდღე სულ მცირე ნახევარი საათით, ეს მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური სფეროს ნორმალური განვითარებისთვის, ამ ფონზე მეტყველების განვითარების სტიმულაცია ბევრად უფრო ეფექტური იქნება.
  • მნიშვნელოვანია ბავშვმა ისწავლოს მიმართულ მეტყველებაზე ყურადღების გამახვილება. დასაწყისში ბავშვს უნდა ესაუბროთ მარტივი წინადადებებით, მაგ: წაიღე ,მოიტანე, წადი, მოდი, გააღე…
  • არ აიძულოთ ბავშვს წარმოთქვას რაიმე სიტყვა ან წინადადება, ან სწორად გაიმეოროს სიტყვა ან ბგერა. გარშემომყოფთა დაჟინებული მოთხოვნა ბავშვს უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს ზოგადად მეტყველების პროცესისადმი, რადგან მას გამუდმებით სთხოვენ იმის გაკეთებას, რაც არ შეუძლია ან უჭირს. თუმცა აუცილებელია სამეტყველო მასტიმულირებელი გარემოს შექმნა. კერძოდ, უნდა გაუხმოვანოთ  თქვენი მოქმედებები, მისი მოქმედებები, რასაც ხედავს, ესმის. ამ დროს თქვენი მეტყველება უნდა იყოს მკაფიო, სწორი არტიკულაციით, წინადადებები მარტივი. მაგ. თუ სუფრას შლით, აღწერეთ პროცესი, თუ აცმევთ – აღწერეთ, ქუჩაში დადიხართ – აღწერეთ. ასეთი აქტიური მეტყველებით, სტიმულაცია ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ უნებლიე დონეზე სიტყვების წარმოთქმას.
  • იმღერეთ მისი საყვარელი სიმღერები ერთად.
  • ასევე შეიძლება შესთავაზოთ ცხოველების ფიგურებით თამაში: იღებთ ცხოველის ფიგურას და ეუბნებით ეს არის ძროხა, ის ცხოველია, როგორ აკეთებს ძროხა?

ყოველივე ამას აკეთებთ მკვეთრი წამღერებული ინტონაციით.

ითამაშეთ სხვადასხვაგვარი როლური თამაშები, მაგ: თითქოს მაღაზიაში ხართ, ან სტუმრად ხართ და ა.შ…  თამაშის პროცესში ლექსიკა და წინადადებების სირთულე უნდა იცვლებოდეს, ბავშვის ექსპრესიული მეტყველების სირთულის მიხედვით. ამ თამაშების დროს ხდება მარტივი საყოფაცხოვრებო სიტუაციების გათამაშება. თქვენ შორის უნდა წარიმართოს მარტივი დიალოგი, თავიდან შესაძლოა ყველაფერი თქვენ გაახმოვანოთ, შემდეგ როდესაც ბავშვი გაერკვევა, თუ რა ტიპის თამაშს სთხოვთ და ფრაზებიც ნაცნობი გახდება თვითონაც ჩაერთვება დიალოგში შეძლებისდაგვარად. ითამაშეთ მანამ, სანამ ბავშვი თვითონ არ დაიწყებს გახმოვანებას, ამას შესაძლოა დასჭირდეს 5-ჯერ ან გაცილებით მეტჯერ თამაში. მნიშვნელოვანია შემდეგი: ერთსა და იმავე კითხვას ბევრჯერ ნუ გაუმეორებთ ერთ ჯერზე და მაშინვე პასუხს ნუ მოსთხოვთ, ჯერ თქვენ ეკითხებით. თუ ბავშვი ვერ ან არ გპასუხობთ, თქვენვე უპასუხეთ კითხვას და გააგრძელეთ მოქმედება.

  • აარჩიეთ სურათი, სადაც გაშლილია მოქმედება, აღუწერეთ ბავშვს სურათი და მიუთითეთ თითით. სთხოვეთ, იპოვოს თქვენს მიერ დასახელებული ობიექტები ან ობიექტების ნაწილები, დაუსვით კითხვები, თავიდან დაიწყეთ მიმთითებელი კითხვები, რომლებიც ნაწილობრივ შეიცავს პასუხებს მაგ: მოკრიფა ბავშვმა ვაშლი? შემდეგ კითხვები გაურთულეთ. თუ ვერ გიპასუხათ, თქვენვე უპასუხეთ.
  • ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის ნატიფი მოტორიკის განვითარებასთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მუშაობაც.
  • ითამაშეთ მოზაიკით, ხატეთ ხელის საღებავებით. 
  • ძერწეთ პლასტილინით.
  • ითამაშეთ კუბიკებით, ააშენეთ კოშკი შემდეგ დაანგრიეთ და დაუსახელეთ ფერები.
  • აწარმოვეთ ბავშვის მეტყველების განვითარების ეტაპები და ეპიზოდები.

ადრეული ჩარევა არის მეტყველების შეფერხების პრევენცია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5