პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი ეკა კუცია.
ეკა, გვესაუბრეთ მეტყველების განვითარების ფაზებზე. რა ფაზებს გადის ბავშვი და როგორ დავეხმაროთ მას მეტყველების სტიმულაციაში?
ბავშვი ძალიან რთულ და გრძელ გზას გადის დაბადებიდან, პრელინგვისტური ფაზიდან, რაც მოიცავს ღუღუნს, სხვადასხვა ხმების გამოცემას, ტირილს, ყვირილს, სახის სხვადასხვა გამომეტყველებას. ის ვერბალურადაც და არავერბალურადაც ცდილობს ჩვენთან კომუნიკაციას. თვეების განმავლობაში ავარჯიშებს და ავითარებს თავის აკუსტიკურ “ბაგაჟს” და დროთა განმავლობაში ეს აკუსტიკური “ბაგაჟი” გარდაიქმნება ლექსიკურ არსენალად, ანუ წარმოთქვამს სიტყვებს, რომლის მნიშვნელობას ხვდება. მნიშვნელოვანია, ჩვენს პატარებს ველაპარაკოთ მცირე ასაკიდან, ახალშობილობიდან და მუცლად ყოფნის პერიოდიდანაც კი. ბავშვები გრძნობენ ჩვენს ემოციებს, დამოკიდებულებას მათ მიმართ, ჩვენს სითბოს და კეთილგანწყობას და ეს ემოციურად ამშვიდებს და კომფორტს ანიჭებს მას. როცა ვესაუბრებით ბავშვს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, ეს უადვილებს მას სამყაროს აღქმას, ის სწავლობს მის ირგვლივ არსებულ საგნებს, მოვლენებს. ბავშვთან საუბარი ეხმარება ბავშვის არა მარტო მეტყველების განვითარებას მომავალში, არამედ მის ფსიქო-ემოციური განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ესაუბრებით ბავშვს თქვენ განიხილავთ მას, როგორც ინდივიდს, როგორც პერსონას და ის თავს გრძნობს, როგორც ინდივიდი.
რაც შეეხება ბავშვთა მეტყველების განვითარების ეტაპებს: ბავშვი დაბადებისთანავე იწყებს მეტყველების განვითარებას. დაბადებისას ეს არის ცალკეული ხმები: ხმაური, ტირილი, ღუღუნი. 2-6 თვის ასაკში ის ხვდება, რომ მას შეუძლია კომუნიკაცია მის ირგვლივ მყოფ ადამიანებთან და ამას ის ახერხებს ღიმილით, ტირილით, ყვირილით და სხვადასხვა სახის ბგერების წარმოთქმით. 7-10 თვის ასაკში ბავშვს უკვე ესმის გარკვეული სიტყვები და ფრაზები, რომელიც ყოველდღიურობაში ისმის. “ახლა ჭამის დროა. ახლა გამოცვლის დროა”. ყოველდღიურობაში როდესაც ერთი და იგივე მოვლენები მეორდება, არის გარკვეული რუტინა და შესაბამისად ერთნაირი სიტყვები და ფრაზები ესმის ბავშვს, ეს სიტყვები მისთვის ძალიან ნაცნობი ხდება, ის მათ იმახსოვრებს და მომავალში გამოიყენებს აქტიურ სამეტყველო პროცესში. ის ცნობს და მას ესმის არამხოლოდ სიტყვები, არამედ ინტონაციებიც და შეუძლია ამ ინტონაციების გამეორებაც კი. ეს ის პერიოდია, როდესაც ის თავის პირველ ბგერებს წარმოთქვამს, როგორიც არის: “დადა, მამა” და ა.შ. დაახლოებით 12 თვის ასაკისთვის ბავშვები წარმოთქვამენ თავიანთ პირველ სიტყვებს, ეს სიტყვები შეიძლება იყოს დამახინჯებული და მხოლოდ მშობლები და ახლობლები ცნობენ და შეიძლება იყოს ისეთი მარტივი სიტყვები, როგორიც არის: “კი”, “არა”, “დედა”, “მამა”. ამ ასაკში ხშირად აქვთ საკუთარი “ჟარგონი”, გამოგონილი ენა, რითაც ისინი ცდილობენ მოზრდილთა საუბრის იმიტაციას, თუმცა მათ უკვე კარგად ესმით მარტივი ფრაზები და მოთხოვნები. 16-19 თვის ასაკში ბავშვები იწყებენ ორი სიტყვის დაკავშირებას, წარმოქმნიან მარტივ ფრაზებს და აქვთ 5-დან 20 სიტყვამდე ლექსიკური მარაგი. ორი წლისთვის იწყება მეტყველების ბუმი. ბავშვი იწყებს აქტიურ ლაპარაკს, მას აქვს ბევრად მეტი სიტყვათა მარაგი (დაახლოებით 50 სიტყვა) და ესმის ბევრად უფრო მეტი სიტყვა. შეუძლია წარმოთქვას თავისი სახელი, როცა რაიმე არ მოსწონს და თანახმა არ არის, სიამოვნებით ამბობს “არას”. ამ ასაკში ის ძალიან ცნობისმოყვარეა და სვამს ძალიან ბევრ კითხვას. დაახლოებით 2.5 წლის ასაკში ის უფრო თავისუფლად ლაპარაკობს, იყენებს სრულყოფილ წინადადებას (არსებითი სახელი, ზმნა, დამატება).
ყველა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან კომუნიკაცია. როცა ის ღუღუნებს და ხმებს გამოსცემს, უპასუხეთ მას თქვენებურად, მოუყევით ამბები, გაახმოვანეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ ან რაც გააკეთა. ყველა მოქმედებას და საგანს დაარქვით სახელი და სიტყვებით გაახმოვანეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვი ინდივიდია და ზემოთ ჩამოთვლილი ასაკობრივი ნორმები მეტყველების განვითარებისა შეიძლება იყოს განსხვავებული სხვადასხვა ბავშვში. ერთადერთი, რაც რჩება საერთო ყველა ბავშვისთვის, არის ის, რომ მეტყველების და კომუნიკაციის სტიმულაცია საჭიროა დაბადებიდან და განსაკუთრებით აქტიურად პირველი სამი წლის განმავლობაში, რადგანაც ეს პირველი სამი წელი არის განსაკუთრებით კრიტიკული და მნიშვნელოვანი როგორც მეტყველების, ასევე ინტელექტის, ემოციური უნარებისა და კომუნიკაციის განვითარებისთვის.