Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორ უნდა ამოვიცნოთ ბავშვებში მეტყველების დარღვევები და რა გზები არსებობს პრობლემის პრევენციისთვის. კლინიკური ნეიროფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის დოქტორი მაია მაჭავარიანი გვესაუბრება მეტყველების დარღვევებზე ბავშვებში.


მაია მაჭავარიანი
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის დოქტორი

რა სახის მეტყველების დარღვევები  არსებობს და როგორ ამოვიცნოთ ბავშვში ეს ნიშნები?

ენისა და მეტყველების დარღვევები ერთიანდება ერთ დიდ ჯგუფში, რომელსაც კომუნიკაციების დარღვევები ჰქვია. ცალკე გამოჰყოფენ ენასთან დაკავშირებულ და ცალკე, მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მეტყველებასთან, ძირითადად, დაკავშირებული არის  ფონაციის ანუ ხმის პრობლემები: შეიძლება ბავშვს ჰქონდეს  ჩახლეჩილი ხმა,  უწესრიგო მეტყველება, როდესაც უჭირს აზრის დალაგება წინადადებებში ან კიდევ ერთი ვარიანტია ენაბორძიკი, რაც მეტყველების დარღვევებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. რაც შეეხება ენის დარღვევებს, ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის  ლაპარაკის  დაგვიანებული/დაყოვნებული დაწყება. ასეთ შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება თვითონვე დასძლიოს  ენის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები. ენის   დარღვევებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ორი ძირითადი  დარღვევა: რეცეპტული ენის სპეციფიკური დარღვევა, რომელიც  მიმართული მეტყველების გაგებას უკავშირდება, ბავშვს არ ესმის რას ველაპარაკებით და აქედან გამომდინარე ვერ ითვისებს ენას და არ იწყებს ლაპარაკს და მეორე,  ექსპრესიული ენის სპეციფიკური დარღვევა, როდესაც  ბავშვს  უჭირს აზრის გამოხატვა  სიტყვებში. ენის ათვისება იწყება დაახლოებით შვიდი თვის ასაკიდან და ზემოთ, როდესაც ბავშვი იწყებს ე.წ ტიტინს, მართალია, აღუებიც  კომუნიკაციაა, მაგრამ ეს არ გახლავთ ჯერ კიდევ ენის ათვისება. მაშინ როდესაც, ბავშვი  იწყებს ტიტინს და მეტყველების იმიტაციას, აქედან შეგვიძლია დავიწყოთ ათვლა და თუ წლამდე ასაკის პატარა ამას არ აკეთებს, ეს საყურადღებო უნდა იყოს მშობლისთვის. სადღაც,  უკვე ერთი წლიდან – წლინახევრამდე, ბავშვს უნდა ჰქონდეს მცდელობები ცალკეული სიტყვების წარმოთქმის და უნდა ჰქონდეს  გარდა ,,დედა” და ,,მამა” სიტყვების, კიდევ რამდენიმე სიტყვა აქტიურ მარაგში. წლინახევრიდან უკვე უნდა იყოს ფრაზების წამოთქმის და ორი სიტყვის  გადაბმის მცდელობები, ხოლო ორი წლიდან ბავშვი უნდა ახერხებდეს ორსიტყვიანი ფრაზებით მეტყველებას.

რა საყურადღებო მომენტებს გამოჰყოფდით მშობლებისთვის?

საყურადღებოა, როდესაც ერთი წლის ასაკის ბავშვი წლინახევრამდე საერთოდ არაფერს ამბობს, არ ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს. როდესაც ორი წლისთვის  ვერ ახერხებს სიტყვების გადაბმას წინადადებაში..

ზოგიერთ უცხოურ ლიტერატურაში გვხვდება დაშვება, რომ სამ წლამდე  შეგვიძლია დავიცადოთ და არ მოვახდინოთ ჩარევა, თუ ბავშვი არ ლაპარაკობს, თუმცა აქ არის დიდი “მაგრამ”, რომელსაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება. თუ, სამ წლამდე ბავშვი, თვითონ აქტიურად არ მეტყველებს, არ ლაპარაკობს და არ ეკონტაქტება მშობელს სიტყვების ან  ჟესტების საშუალებით, და ამ დროს არც თავად ბავშვს  ესმის, რას ელაპარაკებიან გარშემომყოფები, ამ შემთხვევაში სამ წელს არ ველოდებით და ვიწყებთ ჩარევას…  ეს არის ცალსახა ინსტრუქცია. მაგრამ, თუ  ბავშვს ესმის სიტყვიერი ინსტრუქციები, ჟესტებით მითითების გარეშე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სამ წლამდე მოცდა და დალოდება, რომ ამეტყველდება თვითონ. თუკი, ვხედავთ, რომ ბავშვს უჭირს ინსტრუქციის გაგება, იბნევა და ვერ იგებს რა უნდა ქნას როდესაც ესაუბრებიან, ასეთ შემთხვევაში არ ველოდებით,  და მივმართავთ სპეციალისტს.  ადრეული ჩარევა ყველაზე ეფექტურია. რაც უფრო ადრე გამოვავლენთ პრობლემას და ჩავერევით, მით უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ შესაძლებელია მისი მოგვარება.

ენის მოჩლექა რა ასაკში უნდა დაძლიოს ბავშვმა?

ენის მოჩლექა მეტყველების პრობლემაა, რომელიც  ბევრ რამესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული: დაწყებული ანატომიური პრობლემებით, მაგალითად თანკბილვა როდესაც არ აქვს ბავშვს სწორი. აქ ყურადღება უნდა მიექცეს  ანატომიურ თავისებურებებს მავნე ჩვევებს, როგორიცაა თითის წოვა, ან საწოვარას გვიან გადააჩვევა, ან ასევე  შეიძლება არასწორი თანკბილვა განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორით.  ასეთ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ფიზიკურად ვერ გამოთქვამს ბგერებს, ორთოდონტის დახმარება იქნება საჭირო და მეტყველების თერაპევტთან ერთობლივად მუშაობა. არის მეორე ვარიანტი, როდესაც ინერვაცია არ არის კარგი, ნერვული სისტემის პრობლემაა და ამის გამო ვერ ახერხებს იმ მოძრაობის გაკეთებას ენით, რაც საჭიროა, რომ ზუსტად ის ბგერა დასვას.  ბავშვებს ხშირად უჭირთ შიშინა/სისინა ბგერების  და ასევე “რ” -ს გამოთქმა.  ოთხ წლამდე ზოგიერთი ბგერის წარმოთქმის სირთულე არ არის საგანგაშო,  რადგან ბავშვი პატარაა, მწიფდება სამეტყველო  აპარატის სხვადასხვა კომპონენტი, ერგება ერთმანეთს და გარკვეული ბგერების ვერ გამოთქმა ოთხ წლამდე ასე ვთქვათ,  საპატიოა. ოთხი წლის შემდეგ თუ კიდევ ჩლიფინებს ბავშვი, რეკომენდებულია, მეტყველების თერაპევტის ჩართვა.  ოთხი წლის შემდეგ უკვე ვიჭერთ თადარიგს, რადგან სასკოლო ასაკისთვის ბავშვი გამართულად უნდა მეტყველებდეს, ყველა ბგერის არტიკულაცია უნდა შეეძლოს, ასევე უნდა შეეძლოს მიმართული საუბრის სრულყოფილად  გაგება/გააზრება და საკუთარი აზრის გამოხატვა.

როგორ ავირიდოთ თავიდან მეტყველების პრობლემა ბავშვებში და რა უმთავრეს რჩევას გამოჰყოფდით პრევენციისთვის?

პირველ რიგში უნდა ვიკონტაქტოთ ბავშვთან. ეს არის პირველი, რაც ახდენს ამ პრობლემაზე გავლენას. ნებისმიერი ფსიქიკური ფუნქცია, იქნება ეს  ენისა და მეტყველების განვითარება თუ სხვა, ვითარდება გარემოსთან ურთიერთობით და ვინაიდან, საუბრის და მეტყველების ფუნქცია არის კომუნიკაციის დამყარება, ჩვენი ამოცანა არის უზრუნველvყოთ  ცოცხალი კომუნიკაცია. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ცოცხალ კომუნიკაციას ჩაანაცვლებს კომპიუტერი, ან ე.წ  “განმავითარებელი მულტფილმები”  და ფიქრობენ, რომ თუ მისმა შვილმა იცის  ფორმები, ფერებს ცნობს და იმეორებს,  ესაა ენის ათვისება. მაგრამ, ეს არის ენისა და  მეტყველების მხოლოდ  ცალკეული მცირე ასპექტები. ხოლო ენის სრულყოფილი განვითარებისთვის  ბავშვს უნდა ჰქონდეს ცოცხალი კომუნიკაციის საშუალება ადამიანებთან.  სწორედ ეს არის ამეტყველების მიზანი – ეფექტური კომუნიკაციის დამყარება. 

ამ პრობლემის  პრევენციისთვის, მშობელმა ბევრი უნდა ელაპარაკოს  ბავშვს. როდესაც დაიბადება, ვეკონტაქტებით, ვეფერებით, სხვადასხვა პროცედურებს ვუტარებთ, იქნება ეს აბაზანის მიღება, კვება, ჩაცმა-გახდა, ყველაფერს ვუყვებით და ვუხმოვანებთ. როდესაც , წამოიზრდება, თუ ვამჩნევთ, რომ ბავშვი  აგვიანებს ლაპარაკის დაწყებას, ასეთ შემთხვევაშიც, პირდაპირი  რეკომენდაციაა მშობელი გადაიქცეს რადიოკომენტატორად. “აი, მანქანა იქოქება. აი, იქ ჩიტი მიფრინავს. ახლა სუფრას ვაწყობთ, აი, თეფში დავდეთ. ახლა გადმოგიღებ თეფშზე საჭმელს. აბა, რას ინებებ? ამას ჩანგლით მივირთმევთ, ამას კოვზით მივირთმევთ” და ა.შ

რა წილი აქვს მეტყველების პრობლემების გაღრმავებაში ციფრულ მოწყობილობებს?

არის უცხოური კვლევების მონაცემები, რომლებიც პირდაპირ დებენ სტატისტიკასაც და რეკომენდაციასაც, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული ეკრანთან ურთიერთობა. ამაში შედის ყველა ტიპის ეკრანი, ტელევიზორით დაწყებული+კომპიუტერი+ტელეფონით დამთავრებული. ადრეულ  ასაკში ბავშვი არ უნდა იჯდეს ერთ ადგილას და მხოლოდ ერთ ვიზუალურ გამღიზიანებელს არ უნდა იღებდეს, ის აქტიურად უნდა იკვლევდეს სამყაროს:  უნდა მოსინჯოს ხელით, უნდა მოლოკოს პირით, შეიგრძნოს სუნი, იმოძრაოს ბევრი  და იყოს მოუსვენარი. ასეთ დროს ბავშვის ყველა სენსორული არხი, ყველა შეგრძნება აქტიურდება. მშობლისთვის დიდი ცდუნებაა დასვას ეკრანთან ბავშვი და ამ დროს შეუძლია ცოტა მოისვენოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ბავშვი არის ჩუმად, არ უსვამს კითხვებს, არ შეძვრება სადმე, არ აურევს, არ გადმოყრის და ყველა არის კმაყოფილი. მაგრამ, ორი “უარესობიდან” ჯობია , ნაკლებად უარესი  ავირჩიოთ. ეკრანთან ხშირი ურთიერთობით, ბავშვის ნერვული სისტემა მეტად აგზნებადი ხდება, ასევე ხშირად, ყალიბდება მიჯაჭვულობა.  ეს შემდეგ ცალკე პრობლემად იქცევა , რადგან ამის ჩანაცვლება სასარგებლო აქტივობებით ვეღარ ხერხდება . ბავშვს აღარ აინტერესებს აქტიური თამაშები, მას არ აინტერესებს სწავლასთან დაკავშირებული აქტივობები და ეს, ისევ და ისევ, მის მეტყველებაზეც აისახება. ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული მითია, რომ გვიან თუ ამეტყველდება ბავშვი მერე რა, ხომ ამეტყველდება?!…  ამის ფასი ხშირად არ აქვთ  გაცნობიერებული. მხედველობაში მაქვს ის პრობლემები, რომლებიც მოგვიანებით, სასკოლო გარემოში იჩენს თავს წერა-კითხვის ათვისების სირთულეების სახით. ოღონდ ამას მშობლები, ადრეულ ასაკში ენის ათვისების პრობლემას, როგორც წესი არ უკავშირებენ. რატომ უნდა მივიდეთ იქამდე, როდესაც შეგვიძლია ამის პრევენცია?!

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5