Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი ლიკა მალანია. 

ლიკა, გვესაუბრეთ, რას გულისხმობს მიმბაძველობით დასწავლა  ბავშვებში. 

არსებობს ფსიქოლოგიური თეორიები, რომლებიც დასწავლის პროცესს განსხვავებულად ხსნიან. ერთ-ერთი მათგანი – სოციალურ-კოგნიტური თეორია, რომლის ავტორია ალბერტ ბანდურა, გულისხმობს, რომ ბავშვები სწავლობენ სხვებზე დაკვირვებით, ისინი ჰბაძავენ სხვებს.  ბავშვი შეიძლება ხედავდეს თანატოლების წახალისებას გარკვეული ქცევის გამო და ამან გაზარდოს მის მიერ ამ ქცევის განხორციელების ალბათობა. განასხვავებენ სუფთა მიბაძვას და შეგნებულ მიბაძვას. სუფთა მიბაძვის დროს, მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ჰბაძავს. ასეთი ქცევები დამახასიათებელია ბავშვებისთვის და ამას დადებითი ღირებულება აქვს განვითარებისთვის. შეგნებული მიბაძვისთვის დამახასიათებელია, რომ ადამიანი იაზრებს მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ჰბაძავს.

რა დადებითი ღირებულება აქვს მიბაძვით სწავლას ბავშვებისთვის?

ბავშვებმა არ იციან კონკრეტულ სიტუაციაში რა არის სწორი და რა – არასწორი, მათ წარმოდგენა არ აქვთ სოციალურ-ეთიკურ ნორმებზე. ყოველივე ამის შესახებ ისინი იგებენ მშობლებისგან, აღმზრდელებისგან, მზრუნველებისგან. ბავშვები აკვირდებიან უფროსების ან საკუთარი თანატოლების ქცევას და იმეორებენ, ყოველივე ეს კი მათ ეხმარებათ სოციალურ ადაპტაციაში, პიროვნული მახასიათებლების ფორმირებაში. ბავშვებს ადრეულ ასაკში,  შუა ბავშვობაში, მოზარდობის ასაკამდე, მიაჩნიათ, რომ მშობლები, უფროსები მართლები არიან ყველაფერში და იმეორებენ იმას, რასაც აკეთებენ მშობლები, უფროსები. მათთვის მთავარი მოდელი მშობელი, მზრუნველია, ყველაფრის დასწავლა მათზე დაკვირვებით ხდება. თუ გვინდა ბავშვს წიგნების კითხვა შევაყვაროთ, პირველ რიგში ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ჩვენ გვიყვარს კითხვა და ჩვენ ვკითხულობთ, თუ გვინდა ემპათიის უნარი განვუვითაროთ ბავშვებს, პირველ რიგში ჩვენგან უნდა ხედავდეს თანადგომას, მხარდაჭერას, რომ ყოველივე ეს ბავშვმა დაინახოს და შემდეგ ჩვენგან დაისწავლოს. მიბაძვის უნარი საფუძვლად უდევს ბავშვის კოგნიტურ, სოციალურ, მორალურ, მოტორულ განვითარებას, რადგან მიბაძვა ახლის ათვისების ეფექტური ხერხია. იმიტაცია ბავშვისთვის არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ხერხი. მშობლების უფროსების, თანატოლების გამომეტყველებებზე დაკვირვებით, ემოციებზე დაკვირვებით, პატარები სწავლობენ ურთიერთობას. ისინი უფროსების ქცევების მიბაძვით, ბგერების, სიტყვების, გამეორების მცდელობით  ერთვებიან კომუნიკაციაში და ეუფლებიან მეტყველებას.  ზრდასრულთა მიბაძვა  ბავშვისთვის საკუთარი სქესობრივი იდენტობის გაგების გზაც არის. ფსიქოსექსუალური განვითარების მესამე სტადიაზე, რომელსაც ფალოსურ სტადიას უწოდებენ, 3-6 წლის ასაკში ბავშვები შეიმეცნებენ თავიანთ გენიტალიებს და უჩნდებათ სქესობრივი მიკუთვნებულობის განცდა. ბავშვს ამ პერიოდში შეუძლია საკუთარი თავის სხვასთან გაიგივება სქესობრივი ნიშნით. მაგალითად, გოგონები ამჩნევენ მსგავსებას დედასთან და სხვა ქალებთან, ყოველივე ეს ბავშვს უჩენს სურვილს მიბაძოს ამა თუ იმ სქესის ადამიანს და დაიმკვიდროს თავი ადამიანთა კონკრეტული კატეგორიისადმი თავისი მიკუთვნებულობით. ამას ბავშვები ახერხებენ გარშემო მყოფების მიბაძვით. 

რა ასაკიდან იწყებენ ბავშვები მიბაძვას? 

ბავშვები მიბაძვას ჩვილობის ასაკიდან იწყებენ. ჩვილობის პერიოდში ბგერების, დედის სახის გამომეტყველების მიბაძვას ახდენენ, რის საფუძველზეც მყარდება კომუნიკაცია ჩვილსა და მშობელს შორის. პატარები, როცა იმეორებენ გარკვეულ ქცევებს და ამ ქცევების გამეორებისთვის ისინი წახალისებულები არიან და ჯილდოვდებიან ღიმილით, მაღალია ალბათობა, რომ ეს ქცევები კვლავაც ბევრჯერ გამოვლინდება და კვლავ მიბაძავენ სხვებს, ვინაიდან მათ უკვე აქვთ გამოცდილება, რომ გარკვეული ქცევების გამეორებით ისინი წახალისებულნი იქნენ უფროსებისგან. 2 წლის ასაკიდან იზრდება იმიტაციის მოცულობა, ბავშვი სენსომოტორული განვითარების იმ სტადიაზეა, როცა უკვე შეუძლია მოქმედებების თანმიმდევრობის იმიტირება, ცდილობს გაიმეოროს ყველა ჩვენი მოქმედება. სამი წლის ასაკიდან ბავშვების წარმოსახვის უნარი უმჯობესდება, ისინი თამაშობენ როლურ თამაშებს. ირგებენ დედის, მასწავლებლის, მამის როლებს. იმეორებენ მათ ფრაზებსა თუ ქცევებს. ყოველი გამეორებული ფრაზა ან ქცევა შეიძლება იყოს უფრო მკაცრი, ვინაიდან ბავშვს უჩნდება სურვილი  მიიღოს აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მისი აზრით აქვს უფროსებს. 

რატომ ჰბაძავენ ბავშვები უფროსებს?

ადამიანები პრაგმატული არსებები ვართ, დავისწავლით და ვაკეთებთ, იმას რასაც სარგებელი მოაქვს ჩვენთვის. ბავშვები ჰბაძავენ სხვებს, რადგან ისინი წახალისებულები, დაჯილდოებულები არიან უფროსების მიერ. როცა ბავშვი ჰბაძავს უფროსს, ამას ხშირად მოჰყვება დიდი სიხარული, ტაში, რაც მის მოტივაციას ზრდის, რომ განახორციელოს ესა თუ ის ქცევა და კვლავ მიბაძოს უფროსს. უფროსების მიბაძვით ბავშვები გამოიმუშავებენ ახალ უნარებს, გამოიმუშავებენ ჩვევებს, ყოველივე ამას სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის და ზრდის დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც პატარას ეხმარება დაძლიოს თავისი „სისუსტეები“. ბავშვები ჰბაძავენ იმ ადამიანებს, რომლებიც უყვართ, რომლებიც მათთვის ავტორიტეტები არიან, ვისაც უნდათ, რომ ჰგავდნენ. ბავშვები ჩვენზე, უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ. მათთვის ჩვენ ვართ „მოდელები“. თუ ბავშვის ქცევა არ მოგვწონს, პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ, ესა თუ ის ქცევა ჩვენგან ხომ არ დაისწავლა. თუ გარკვეული უნარების განვითარება გვსურს, ეს უნარები ჩვენში უნდა დაინახოს ბავშვმა, რომ მასაც მოუნდეს იმავეს გამეორება და გაკეთება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5