Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამიცის” ესაუბრება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი, მედიცინის დოქტორი, თსსუ ასოცირებული პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი.  

გვესაუბრეთ, როგორ ვლინდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში კოვიდინფექციის გადატანის შემდგომ

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში კოვიდ-19-ის იშვიათ, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ გართულებას წარმოადგენს. ამ სინდრომზე ეჭვი უნდა მივიტანოთ, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს კოვიდ-19-ის გადატანიდან 4 კვირის პერიოდში  აღენიშნება 38С-ზე მაღალი ცხელება, რომელიც გრძელდება 24 საათზე დიდხანს, აღენიშნება სიმპტომები მინიმუმ 2 სისტემის  – კუჭ-ნაწლავის, კანის, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საშარდე ან ნერვული სისტემის  მხრივ.  ახალი კორონავირუსით გამოწვეული მულტისისტემური ანთებითი სინდრომი შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვში – ჩვილობიდან 18 წლამდე, თუმცა პიკი მოდის 5 წლიდან  10-12 წლამდე.

არ მინდა მშობლებში პანიკა გამოვიწვიო, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ამ სინდრომის არსებობის შესახებ და  კოვიდის გადატანის შემდეგ  4-6 კვირის განმავლობაში თუ ბავშვს აღენიშნება ცხელება და სხვადასხვა ორგანოს მხრივ გამოვლინება, აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს მულტისისტემური ანთების სინდრომის არსებობა. ამ სინდრომის გამორიცხვა აუცილებელია, თუ ბავშვს აღენიშნება ცხელება და კლინიკური სიმპტომები იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითონ ბავშვთან არ იყო ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი კორონავირუსული ინფექცია, მაგრამ  იყო დადასტურებული კოვიდი ოჯახში ან არსებობდა ძალიან მაღალი ეჭვი კოვიდ-19-ზე და ლაბორატორიულად ვერ მოხდა დადგენა. 

უფრო კონკრეტულად რა სიმპტომები და ნიშნები ახასიათებს მულტისისტემურ ანთებით სინდრომს ბავშვებში –  ცხელების შემდეგ მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ასევე გამონაყარი კანზე, კონიუნქტივიტი – თვალის სიწითლე, კუნთების ტკივილი,  ამ სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია ბავშვი ნახოს პედიატრმა, რომ გამოირიცხოს ამ სინდრომის არსებობა. 

მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს  რამდენიმე სისტემა არის დაზიანებული და შეიძლება იყოს ყველა ორგანო  ჩართული ამ  პროცესში. ყველაზე ხშირია კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ჩივილი – მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა. ასევე ხშირია გამონაყარი კანზე, კონიუნქტივიტი, პირის ღრუს ლორწოვანის ცვლილება; ნერვული სისტემის დაზიანების დროს აღინიშნება თავის ტკივილი, ძილიანობა, ცნობიერების ცვლილება; ასევე შეიძლება დაზიანდეს სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემები –  სუნთქვის გახშირება, ქოშინი; გულისცემის აჩქარება, გულის ფრიალი, შეიძლება მას ჰქონდეს კუნთების, სახსრების ტკივილი,  ასევე შესაძლებელია გამოხატული იყოს შეშუპება კიდურებზე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და ა.შ. მულტისისტემურ ანთებით სინდრომს მრავალფეროვანი გამოვლინება ახასიათებს, როდესაც კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ასეთი პაციენტი ხვდება ექიმთან,   პირველ რიგში ვფიქრობთ ამ სინდრომზე და ვატარებთ სათანადო კვლევებს.  

როგორ ისმევა დიაგნოზი?

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი რომ დაისვას გარკვეული კვლევების ჩატარება არის საჭირო.  უმჯობესია პაციენტის სტაციონარში მოთავსება, რადგან  ამ სინდრომმა ძალიან  სწრაფად შეიძლება განიცადოს პროგრესირება, ამიტომაც სასურველია პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

როგორც აღვნიშნეთ, იმისათვის, რომ ვიფიქროთ მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე, პაციენტს უნდა ჰქონდეს ცხელება და ზემოაღნიშნული კლინიკური ნიშნები. უნდა გამოირიცხოს მსგავსი კლინიკური მიმდინარეობის მქონე სხვა დაავადებები. ტარდება რიგი კვლევები – სისხლში გარკვეული პარამეტრების შესწავლა, რაც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე მიუთითებს. ამ სინდრომის დროს დამახასიათებელია გულის დაზიანება – მიო/პერიკარდიტი, კორონარული არტერიის გაფართოება – ამიტომაც ლაბორატორიული კვლევის პარალელურად საჭიროა გულის ექოსკოპიის, კარდიოგრამის გადაღება. სხვა ინსტრუმენტული კვლევის აუცილებლობა განისაზღვრება კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით.  მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დიაგნოზისთვის აუცილებელია გადატანილი კოვიდინფექციის დადასტურება, რაც ძირითადად ხდება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტის შესწავლით და შემდეგ ისმევა დიაგნოზი.

როგორ ექვემდებარება მკურნალობას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი?

ამ სინდრომის მკურნალობა რა თქმა უნდა სტაციონარში უნდა მოხდეს, რადგან გარკვეულ პარამეტრებს სჭირდება მეთვალყურეობა და კვლევის ჩატარება. სადღეისოდ  ჩვენ უკვე ვიცით ამ სინდრომის მართვა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გვაქვს მართვის ეროვნული პროტოკოლი. საქართველოში, საბედნიეროდ მულტისისტემური ანთებითი სინდრომით პაციენტი ჯერ არ დაღუპულა.  სხვა ქვეყნებთან შედარებით  ჩვენ გაგვიმართლა კოვიდის პირველ ტალღაზე ძალიან დაბალი იყო ავადობის სიხშირე, ამიტომ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ჩვენთან გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ექიმებმა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ, მისი მართვა უკვე ცნობილი იყო და  ამ სინდრომის გამო დანაკარგი არ გვქონია. ძირითადად გამოსავალი არის კეთილსაიმედო, გამოსავალი დამოკიდებულია რამდენად დროულად იქნება დიაგნოზი დასმული და ადეკვატური მკურნალობა დაწყებული, თუმცა რიგი გართულებები შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებით რისკ-ჯგუფის ბავშვებში. მშობლებს ვურჩევთ გაამახვილონ ყურადღება მას მერე, რაც ბავშვი გადაიტანს კოვიდინფექციას. დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში თუ იქნება მინიმუმ ერთდღიანი ცხელების ეპიზოდი და ცხელებასთან ერთად სხვა კლინიკური გამოვლინებებიც გამოჩნდა, ყოველთვის ჯობია, რომ ექიმს მიმართონ. 

კოვიდის გადატანის შემდეგ სასურველია თუ არა ანალიზების და კვლევების ჩატარება ბავშვებისთვის და გვაძლევს თუ არა რაიმე საგულისხმო სიგნალს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის პრევენციისთვის?

ბავშვებში კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ არ არის აუცილებელი კვლევების ჩატარება. თვითონ კოვიდ-19 ძირითადად მარტივი მიმდინარეობით ხასიათდება ბავშვებში.  რაც შეეხება მულტისისტემურ ანთებით სინდრომს, არ არსებობს არანაირი ტესტი, რომელიც წინასწარ მოგვცემს ინფორმაციას, რომელ ბავშვთან მოხდება ამ სინდრომის განვითარება. ზოგადად რატომ ვითარდება ეს სინდრომი ბოლომდე კარგად შესწავლილი არ არის, ფიქრობენ რომ ეს არის იმუნური სისტემის არანორმალური რეაქცია ვირუსულ ინფექციაზე და ციტოკინების ჭარბად გამომუშავებასთან არის კავშირში. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ისეთი კვლევა, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინასწარ განვსაზღვროთ, რომ თუ რომელ პაციენტთან განვითარდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

როდესაც ხდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დადასტურება, როგორი მართვა სჭირდება და როგორ ექვემდებარება მკურნალობას?

მულტისისტემური ანთებითი სინდრომს, სახელიდანაც გამომდინარე მიხვდებით, რომ  სჭირდება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ  მართვა. მნიშვნელოვანია რამდენიმე სპეციალობის ადამიანი იღებდეს მონაწილეობას ამ სინდრომის მკურნალობაში – პედიატრი, ინფექციონისტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, გასტროენტეროლოგი, საჭიროების დროს ნევროლოგი, ნეფროლოგი, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტი. ეს სინდრომი უმრავლეს შემთხვევაში კარგად ექვემდებარება მკურნალობას და გაივლის ყოველგვარი გართულების გარეშე, თუმცა არსებობს  გართულების რისკი და ძირითადად ეს აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამ დროს  შეიძლება განვითარდეს მიოკარდიტი, ან იყოს გამონაჟონი პერიკარდიუმის ღრუში, შეიძლება იყოს კორონარული არტერიების გაფართოება და მას სჭირდება სპეციფიკური მეთვალყურეობა და მკურნალობა. შესაძლებელია  საჭირო გახდეს ხანგრძლივი მკურნალობა – პერიოდულად გულის ექოსკოპიის და ელექტროკარდიოგრამის ჩატარება, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გამოსავალი არის  კეთილსაიმედო. 

თუ ბავშვს რაიმე ქრონიკული დაავადებაც აქვს და კოვიდის გადატანის შემდეგ დაუდასტურდა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, ასეთ დროს არსებობს თუ არა რისკი ქრონიკული დაავადების გართულების?

აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით  ბავშვზე, რომელიც იყო ჯანმრთელი, სანამ მას დაემართებოდა კოვიდინფექცია და განვითარდებოდა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, მაგრამ თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება მულტისისტემური ანთებითი სინდრომის გამო  შესაძლებელია მოხდეს ძირითადი პრობლემის გამწვავება. მაგ: პაციენტს, რომელსაც აქვს თირკმლის პრობლემა, შეიძლება განუვითარდეს თირკმლის უკმარისობა. ამიტომ თავიდანვე საჭიროა ექიმის და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები.

რა გზები არსებობს მულტისისტემური ანთებითი სინდრომის პრევენციისთვის?

როდესაც მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე ვლაპარაკობთ, მისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება კოვიდ ინფექციის პრევენციაა, რაც ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გარდა მიიღწევა ვაქცინაციით. აშშ-ში ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ   ვაქცინირებულ ბავშვებში პრაქტიკულად არ ვლინდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც იცით,  ბავშვები 5 წლის ასაკის ზემოთ იცრებიან კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ).  

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5