მშობლები და ბავშვების აღზრდაში ჩართული პირები შეიძლება ყოყმანობდნენ, ელაპარაკონ თუ არა ბავშვებს საშიში მოვლენების, მათ შორის მიწისძვრის შესახებ. მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ეს საუბრები საჭიროა. დიდი მნიშვნელობა აქვს პატარებს აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მათ გარშემო ხდება. ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად იმოქმედებს კატასტროფა მათზე გრძელვადიანად და მოკლევადიანად, ასევე სტრესისგან გამოჯანმრთელების უნარზე.
მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდებისას გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკი.
მიწისძვრამდე:
დარწმუნდით, რომ ბავშვების ოთახი დაცულია. გაითვალისწინეთ, რომ კედელზე ჩამოკიდებული ნახატები და საწოლზე დაკიდებული სათამაშოები კი ლამაზია, მაგრამ შეიძლება საფრთხისშემცველი იყოს მსგავს სიტუაციაში.
მოიკითხეთ თქვენი ბავშვის სკოლის ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კატასტროფის გეგმა. დარწმუნდით, რომ ნებისმიერს, ვინც თქვენს შვილზე ზრუნავს, აქვს ევაკუაციის გეგმა, რადგან მიწისძვრის შემთხვევაში თქვენ შეიძლება ვერ მიხვიდეთ თქვენს შვილთან დაუყოვნებლივ.
სასწრაფო დახმარების ნაკრები. ოჯახის თითოეულ წევრს ხელთ უნდა ჰქონდეს სასწრაფო დახმარების ნაკრები, მაგალითად ბავშვებისთვის შესაფერისი საკვები და საჭმელები, საფენები, ფორმულა, წამლები და საყვარელი სათამაშო.
სამაგიდო თამაშები გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგია გაითიშება. თოჯინებს და ხელოვნების საშუალებებს ბავშვებზე თერაპიული მოქმედება აქვს, რადგან მათ თავიანთი ემოციების გამოხატვის საშუალებას აძლევს.
ესაუბრეთ თქვენს შვილებს. კატასტროფები ყველა ასაკის ადამიანს აშინებს, ამიტომ სასურველია, რომ არ გადადოთ ამაზე საუბარი და მიაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია 4-5 წლამდე.
გაივარჯიშეთ თქვენი ოჯახის გეგმა სახლში: წაახალისეთ ბავშვები, იპოვონ უსაფრთხო სივრცე სახლში და წინასწარ გაუნაწილეთ დავალებები.
მიწისძვრის დროს
- მიუხედავად იმისა, რომ მომზადება საჭიროა, ის, რასაც აკეთებთ მიწისძვრის დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი შვილები გიყურებენ და ისინი რეაგირებენ იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევით თქვენ. დამამშვიდებელი ტონით უთხარით ბავშვებს, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან, ეს დაეხმარება მათ გაუმკლავდნენ მიწისძვრას.
- სადაც ხართ, იქვე დაეშვით ხელებსა და მუხლებზე. ეს პოზა გიცავთ წაქცევისგან და საშუალებას გაძლევთ შეძვრეთ უახლოეს თავშესაფარში, მაგალითად მაგიდის ქვეშ.
- დაიფარეთ თავი და კისერი ცალი ხელით. თუ ახლოს მყარი მაგიდაა, თავი შეაფარეთ მას. თუ თავშესაფარი ახლოს არ არის, მიფორთხდით შიდა კედელთან, ფანჯრებისგან შორს. დარჩით მუხლებზე და მოიხარეთ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები დაიცვათ.
- დარჩით ადგილზე, სანამ ბიძგები არ დასრულდება. არ ისარგებლოთ ლიფტით ან კიბეებით.
- ცალი ხელით ჩაეჭიდეთ თქვენს თავშესაფარს. მზად იყავით მასთან ერთად გადასაადგილებლად, თუ ის მოძრაობს.
- თუ თავშესაფარი არ გაქვთ, ორივე ხელით დაიფარეთ თავი და კისერი.
მიწისძვრის შემდეგ
როგორ იმოქმედებთ მიწისძვრის შემდეგ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს თქვენი შვილი ამ მოვლენას.
მოუსმინეთ თქვენს შვილებს. წაახალისეთ ისინი, სიტყვით ან ხელოვნებით გამოხატონ საკუთარი ემოციები მიწისძვრის შესახებ. ეს დაეხმარება მათ, გადაამუშავონ მომხდარი ამბავი.
იყავით გულწრფელები შვილებთან. ბავშვებისთვის მიწისძვრის დროს განცდილი შიშისა და შფოთვის გაზიარება მათ უგზავნის შეტყობინებას, რომ მათი განცდები ნორმალურია.
ერთად დაალაგეთ. თუ მიწისძვრა იმდენად ძლიერია, რომ ზიანს მოიტანს, დალაგებაში წვლილის შეტანა ბავშვებს ეხმარება იმის გაგებაში, რომ ამის გადალახვა შეუძლიათ და მომავალშიც შეძლებენ.
იყავით მომთმენი, თუ თქვენს შვილს გამოჯანმრთელებისთვის დრო დასჭირდება. ემოციური სტრესის გამო შესაძლებელია, საფენს გადაჩვეულმა ბავშვმა ისევ დაიწყოს ჩასველება ან განშორების შფოთვა გაუძლიერდეს. თუ ეს სიმპტომები დიდხანს გაგრძელდება ან გაუარესდება დროთა განმავლობაში, მიმართეთ სპეციალისტს.
წყარო: www.latimes.com, www.shakeout.org