ბავშვებში სიმორცხვის სხვადასხვა გამოვლინებაზე პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ფსიქიატრი/ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი.
რა მდგომარეობაა სიმორცხვე და როგორ ვლინდება ის მცირე ასაკში?
სიმორცხვე განიხილება, როგორც უხერხულობის განცდა, შფოთვა, დაძაბულობა გარკვეულ სოციალურ სიტუაციებში, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან მიმართებაში. პატარა ასაკში სხვადასხვა ხარისხით და ფორმით ვლინდება და სიმძიმის ხარისხის მიხედვით არღვევს კიდეც ფუნქციონირების დონეს ბავშვში. მკვეთრად გამოხატულ სიმორცხვეს თან სდევს ფიზიკური მახასიათებლებიც, როგორიცაა: წამოწითლება, ოფლიანობა, გულისცემის და სუნთქვის აჩქარება, “პეპლები მუცელში”, ხმის კანკალი და ა. შ.
სიმორცხვე განიხილება, როგორც ტემპერამენტული მახასიათებელი, როდესაც პატარა ასაკის ბავშვები იწყებენ ურთიერთობას გარშემომყოფებთან, შესაძლებელია ურთიერთობის ფართო სპექტრის დანახვა, დაწყებული კომფორტული ურთიერთობიდან, დამთავრებული მკვეთრად ამრიდებლური ქცევით. 70 %-ში სიმორცხვე განპირობებულია გარემო ფაქტორებით და მხოლოდ 30%-შია გენეტიკური წინასწარგანწყობით. გენები და გარემო ეს ურთიერთქმედების ისეთი დინამიკური სისტემაა, რაც გვაძლევს საშუალებას სერიოზული სირთულეების შემთხვევაშიც კი შევცვალოთ ამ ურთიერთქმედების არასასურველი ეფექტი და დავეხმაროთ ბავშვს სიმორცხვის გადალახვაში.
თვითონ სიმორცხვე ნაკლებად უქმნის პრობლემებს ბავშვს, მანამ სანამ არ შექმნის სირთულეებს სოციალური იზოლაციის/სოციალური შფოთვის კუთხით. სანამ იწყებენ თავის არიდების ქცევებს გარემოში, სადაც შესაძლოა შეაფასონ, ან განიკითხონ/ განსაჯონ.
თუ ბავშვი ბუნებრივად მორცხვია, დამოუკიდებლად საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, მოსწონს მარტო თამაში, ეს არ შეიძლება განვიხილოთ პრობლემად, რადგან არ შეიძლება ყველა, უცხო, გარემოში ეძებდეს კომფორტის წინაპირობებს… სიმორცხვე მაშინ იძენს პათოლოგიის ელფერს, როდესაც ვამჩნევთ, რომ არღვევს ადამიანის ფუნქციონირების დონეს. თუ მორცხვია ბავშვი პატარაობიდან და არავინ არ წაუხალისებს მას ურთიერთობებს, ეჩვევა ამ მდგომარეობას. როცა სხვები თამაშობენ, იმის მაგივრად, რომ მანაც ითამაშოს და ჩაერთოს მათთან, ურჩევნია მაყურებლის როლი მოირგოს… ასეთ დროს ბავშვი სიმორცხვეს უფრო სწავლობს და უმყარდება ეს ქცევა, რადგან მას ჰგონია, რომ სხვისი თამაშით და გართობით კომფორტულად გრძნობს თავს. ბავშვი თუ არ ჩაერთვება სხვა თანატოლებთან ურთიერთობაში, ვერ განივითარებს იმ ასაკობრივ სოციალურ-ემოციურ უნარებს, რომლებიც გარემოსთან ეფექტური კომუნიკაციის წინაპირობაა და ასევე ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასავლელი ეტაპი.
ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ასეთ დროს ბავშვისთვის სხვებთან ურთიერთობის წახალისება მშობლის მხრიდან.
მშობლების უმეტესობა, რომელთაც ბავშვები მოჰყავთ კონსულტაციაზე, მეუბნებიან რომ მათ შვილებს ძალიან უჭირთ ურთიერთობის ინიციირება (წამოწყება) , გაზიარებული თამაში, სათამაშოების გაყოფა, დაწყებული ურთიერთობის შენარჩუნება… ეს ნამდვილად ასეა, ურთიერთობები წაახალისებს ურთიერთობებს, აყალიბებს დასწავლად კუმულაციურ გამოცდილებებს.
ურთიერთობა გარემოსთან ბავშვს ეხმარება :
- სხვისი ემოციის გაგებაში;
- რიგის დაცვაში, თამაშის და სხვადასხვა აქტივობების დროს;
- დიალოგის წარმოებაში, საკუთარი აზრის გამოხატვაში, სხვებისთვის მისაღები ფორმით;
- ერთობლივი თამაშის ორგანიზებაში;
- ეფექტური ურთიერთობების შენარჩუნებაში.
მოდით, განვიხილოთ, რა რისკები ახლავს თან, თუ ბავშვი მოკლებულია ამ ურთიერთობებს ან გაურბის მათ: მათ სოციალური კოგნიცია (შემეცნება), სოციალური უნარები, საკუთარი თვითშეფასება, შესაძლოა ბევრად მოუმწიფებელი და განუვითარებელი ჰქონდეთ თანატოლებთან შედარებით. იგულისხმება: როგორ გამოხატოს ურთიერთობის ინიციატივა, როგორ დაიწყოს დიალოგი, რა შემთხვევაში ჩაერთოს დიალოგში, რა ფორმით, რა თემატიკით, სადამდე და როგორ დაასრულოს იგი.
ყველაზე ხშირად, რაც სიმორცხვეს სდევს თან და რაც სოციალური ფობიის კლინიკური გამოვლინებაა, არის ის, რომ ბავშვს რცხვენია და ეშინია სხვისი დამოკიდებულებების: მისი ნათქვამი, ნამოქმედარი, ჩაცმულობა და თუნდაც ვიზუალი რამდენად მისაღებია სხვებისთვის. ამ შიშის გამო, თუ ეს ურთიერთობები არ შედგება, შენარჩუნდება მანკიერი წრე – მორცხვი ბავშვების მუდმივი გარიყვით და იზოლაციით.
ხშირად შედარებით მორცხვი ბავშვი არ არის საინტერესო გარემოსთვის, მას უჭირს ინიციატივის გამოხატვა, ეშინია, რომ მისი იდეა შეიძლება არ იყოს მისაღები თავისი თანატოლებისთვის, ეშინია რომ ამ იდეის გამო შეიძლება დაიცინოს ან მარტივად გაირიყოს თანატოლებისგან, მხოლოდ და მხოლოდ მისი პერსონოლოგიური თვისებების : სიჩუმის, უინიციატივობის, უკანდახევის გამო. ბავშვში ამ დროს ყალიბდება უარყოფითი გამოცდილება გარიყულობის გამო და კიდევ უფრო იზრდება სიმორცხვეც და შფოთვაც იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერმა ახალმა სიტუაციამ ეს ნეგატიური გამოცდილება და წარუმატებლობა არ მოიტანოს.
ეს საყვარელი, მორცხვი, პატარა ბავშვი დადის ამ ჩაკეტილ წრეზე და თუ მშობელი ვერ დაინახავს მის შვილს როგორ უჩნდება ამ თვისებების გამო ძალიან ბევრი პრობლემა, მაშინ ეს წრე ჩაკეტილი დარჩება დიდხანს, რაც შესაძლოა დიაგნოზის წინაპირობაც გახდეს სამომავლოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია მშობელი დაინტერესდეს თუ რა ხდება ბავშვის გარემოცვაში – იქნება ეს სამეზობლო, ბაღი თუ სკოლა, რატომ არის ის ასეთი მორცხვი, რატომ ეშინია ასე წარუმატებლობის და ჩავარდნის, ერთჯერადად ჰქონდა ნეგატიური გამოცდილება თუ ქრონიკულად გრძელდება ეს, ხომ არ იყო სადმე ბულინგის ელემენტები?
ბავშვის პირველი შეხება ასაკობრივ სოციუმთან არის ბაღი, ბაღის გარემოში ბავშვებთან დამოკიდებულება და მიღებული დადებითი, თუ უარყოფითი გამოცდილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალურ უნარებს მომავალში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რამდენადაც ბაღის გარემოში ბავშვი დედის ფრთას არის ამოფარებული და დედა არის მისი მხარდამჭერი ძალიან ბევრ სიტუაციაში, თუნდაც შუალედური რგოლი სოციალური ურთიერთობების საწარმოებლად, სკოლის გარემოში ეს „დამოუკიდებლობის ფრთები“ თვითონვე უნდა გამოისხას”, რადგან მარტოს უწევს თავის დამკვიდრება ასაკობრივ სოციუმში. თუ ბაღის გარემოში ეს სიმორცხვე ვლინდებოდა და ბავშვის სოციალური უნარები ისედაც დეფიციტური იყო, სკოლაში ათმაგი სირთულე ხვდება მას, რადგან პასუხისმგებლობა ახლა უფრო მისია, საზოგადოება ახალია, რას ამბობს და როგორ ამბობს, ათმაგად მძაფრად აღიქვამს, რადგან ახლა თანატოლების აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, განსხვავებით განვითარების წინა ეტაპისა, როდესაც მხოლოდ დედ-მამის და აღმზრდელი გარემოს კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ზრუნვა და მათი შეხედულებები, წარმოადგენდა მის თვალსაწიერს.
გამოდის, რომ აწმყოში არსებული ე.წ ბავშვური სიმორცხვე, შესაძლებელია გრძელვადიანი გართულებების პრედიქტორად მოვიაზროთ განვითარების სხვადასხვა სფეროსთვის?
თუ ბავშვს სიმორცხვე არ აძლევს სოციალური უნარების განვითარების შესაძლებლობას, მას ნებისმიერი მსგავსი სიტუაციის დროს ეწყება შფოთვა, რომ შესაძლოა იყოს წარუმატებელი, ან გახდეს სხვისი დაცინვის ობიექტი და ნელ-ნელა უარს ამბობს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე. მაგ. ერთ-ერთ ავსტრალიურ კვლევაში ვკითხულობთ, რომ სოციალური ფობიის მქონე ადამიანებს, უფრო დაბალი წოდებები აქვთ სამსახურებში, რადგან ძალიან ხშირად უარს ამბობენ გამოწვევებზე, მაღალ თანამდებობებზე და ა.შ.
როგორ უნდა გადალახოს ბავშვმა ეს პრობლემა, საჭიროა თუ არა სპეციალისტის ჩართულობა თუ მშობლები მოერევიან მარტო, მას შემდეგ, რაც გააცნობიერებენ პრობლემის არსებობას?
არის სიტუაციები, რომლის გადალახვა შეიძლება. თუმცა, როცა სიმორცხვეს განვიხილავთ, კარგი იქნება მის ხარისხებზე ვილაპარაკოთ და აქცენტი გავაკეთოთ ბავშვის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
- მსუბუქი სიმორცხვე ყველა ადამიანს ახასიათებს. უცხოებთან სიმორცხვე ერთგვარი დამცველობითი მექანიზმიცაა, სანამ ბავშვი სიტუაციას ჭვრეტს, გარემოს აკვირდება, საყრდენებს იმზადებს შემდგომი ურთიერთობებისთვის, სავსებით ჩვეულებრივი ამბავია, იყოს მაყურებელი ამ პროცესში.
- სავსებით ნორმალურია, ისიც რომ შესაძლოა არ ჰქონდეს სურვილი პირველივე შეხვედრაზე აზრები გამოხატოს, როდესაც არ იცის, როგორი საზოგადოება არის შეკრებილი.
- ზოგჯერ სიმორცხვეს შეუძლია წინსვლისკენაც უბიძგოს ადამიანს, რადგან თუ საკუთარი თავით კმაყოფილი არ არის და მუდმივად ორიენტირებულია პიროვნულ ზრდაზე, ეს შეიძლება, სწორედაც რომ, წარმატების განმაპირობებელი აღმოჩნდეს.
ხშირ შემთხვევაში სიმორცხვე, ასაკის მატებასთან, გამოცდილების მიღებასთან ერთად, აბსოლუტურად გადაილახება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროა მშობლების მხრიდან აქტიური მხარდაჭერა, ისინი უნდა დაეხმარონ ბავშვებს, საკუთარი შიშების გაცნობიერებასა და სახელის დარქმევაში.
მნიშვნელოვანია მშობლებმა შვილებს დაუსვან შეკითხვები:
- რატომ ეშინიათ სოციუმთან კომუნიკაციის?
- რატომ ამბობენ უარს სოციუმში ჩართულობაზე?
- რომელი კონკრეტული ავტორიტეტული ადამიანი აშინებთ ?
- არაკომპეტენტურად თვლიან თავს და ამიტომ უჭირთ გარემოსთან კონტაქტი ?….
თუ ბავშვი (ან ზრდასრული) მოახერხებს საკუთარი შიშების იდენტიფიცირებას, ნახევრად მოგვარებულია პრობლემა.
მორცხვი ბავშვი იტანჯება არასრულფასოვნების კომპლექსით, აქვს ნაკლები თავდაჯერებულობა და დაბალი თვითშეფასება. Ასეთ დროს რა სტრატეგიით უნდა მოხდეს მუშაობა?
მნიშვნელოვანი კომპონენტია ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გაძლიერება. როგორც წესი, სოციალური ფობიის მქონე ადამიანები ან ზოგადად მომატებული შფოთვის მქონენი საკუთარ სისუსტეებზე არიან ორიენტირებული. ის, რომ წარმატებულებიც არიან, თვითრეალიზებულნიც, კარგი სოციალურ-ეკონომიკური გარემოთი, ხშირად მათთვის არასაკმარისია, რადგან აღმოაჩენენ, რომ შესაძლებელია ჰქონდეთ „ ჩავარდნა“ გარკვეულ სფეროში წარმატებულობის კუთხით და მიეცეს გზა ფართო შფოთვის დასაწყისს, რაც არ აძლევთ საშუალებას საკუთარი ძლიერი მხარეების შესაგრძნობად.
მშობელმა ეს ძლიერი მხარეები მუდმივად უნდა დაანახოს ბავშვს. მაგ. მიიყვანოს ისეთ წრეებზე, რომლებშიც ბავშვი ძალიან მძლავრად იგრძნობს თავს და სადაც გამარჯვებული იქნება და შექების ობიექტი გახდება, როგორც პედაგოგების მხრიდან, ასევე თანატოლების მხრიდან. ასეთი მიდგომა ძალიან ეფექტურად მუშაობს. საკუთარ სიძლიერეებზე აქცენტის გაკეთება და ამის წახალისება.
ბავშვებს ვასწავლით, არ იყვნენ მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებულნი და არ დაავიწყდეთ სხვებზე დაკვირვება და მათი ქცევების შესწავლა.
მნიშვნელოვანია მშობლებმა ძალიან ხშირად უთხრან შვილებს პოზიტიური სიტყვები, რადგან თვითდარწმუნება და მათი პოზიტიურად გაძლიერება ყოველთვის მიზანს აღწევს.
რაც უფრო მეტად ხვდება ბავშვი იმ გარემოში, რომელიც დისკომფორტს არ უქმნის და საკუთარი შესაძლებლობების ფრთის გაშლის საშუალებას აძლევს, მით მეტად აღმოაჩენს, რომ აქვს გარკვეული უნარები და არც თუ ისე რთულად გამოსდის დასახული მიზნების შესრულება, რის შედეგადაც გაცილებით მცირდება სოციალური შფოთვა გარემოსთან მიმართებაში.
მნიშვნელოვანია მორცხვი ბავშვების მშობლები გახდნენ აქტიურები, მოაწყონ წვეულებები, სადაც ბავშვს მოიწვევენ, მაგრამ ძალიან ნელა და ფრთხილად უნდა მოხდეს ადაპტირებისთვის ხელის შეწყობა. პირველ რიგში, მშობელი თვითონ უნდა გახდეს როლური მოდელი და თავისი ქცევით აჩვენოს ბავშვს, როგორ შეიძლება წამოიწყოს ურთიერთობები, ასეთ დროს ბავშვი ყველაზე უკეთ სწავლობს.