პლატფორმას “დედამიცის” ესაუბრება სმენისა და მეტყველების თერაპევტი თეონა გვალია.
თეონა, გვესაუბრეთ როგორ განიმარტება მოუგვარებელი სმენის დაზიანება, სმენის დაზიანების იდენტიფიცირების რა გზები არსებობს და რა უარყოფით შედეგებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუ დროულად ვერ მოხდა ჩარევა?
მოუგვარებელს ვეძახით სმენის დაზიანებას, რომლის დროული და ეფექტიანი მართვა არ ხდება. ეფექტიანი მართვა მოიცავს სმენის დაზიანების დროულ, ადრეულ აღმოჩენას, სმენის დაზიანების ტიპისა და ხარისხის შესაბამისი ტექნოლოგიის მორგებას, კომუნიკაციის მეთოდის არჩევასა და სარეაბილიტაციო თერაპიულ ღონისძიებებს.
მოუგვარებელი სმენის დაზიანება, და ამ შემთხვევაში ჩვენ თანდაყოლილ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვნად აბრკოლებს ბავშვის განვითარებას, მის მისაწვდომობას განათლებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე. ყველაზე საგანგაშო პრობლემა, რომელიც მას ახლავს, ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხებაა ბავშვებში. რაც უფრო მაღალია სმენის დაზიანების ხარისხი, მით უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს ენისა და მეტყველების ჩამოყალიბებაზე, შესაბამისად, წიგნიერებაზე, თვითშეფასებასა და სოციალური უნარების განვითარებაზე. კომუნიკაციის სირთულეებმა შესაძლოა გამოიწვიოს ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები – მარტოობის, გარიყულობის განცდა და დეპრესია.
რას გულისხმობს სმენის დაზიანების დროული იდენტიფიცირება?
დროული იდენტიფიცირება, თანდაყოლილი სმენის დაზიანების შემთხვევაში, გულისხმობს დაზიანების გამოვლენას ბავშვის სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში. მსუბუქი და საშუალო ხარისხის სმენის დაზიანება ეფექტიანად იმართება სმენის აპარატებით, რომელთა მორგებაც 6 თვის ასაკამდე უნდა მოხდეს. მძიმე და უმძიმესი ხარისხის სმენის დაზიანებისას, ოჯახმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომუნიკაციის მეთოდთან დაკავშირებით – ჟესტური ენა, სხვა ტიპის ტექნოლოგია – კოხლეარული იმპლანტი და სმენა-მეტყველების განვითარება თუ მათი კომბინაცია. ტექნოლოგიის არჩევის შემთხვევაში, იმპლანტის მორგება სასურველია 2 წლამდე ასაკში. დღესდღეობით, კოხლეარული იმპლანტაცია 6 თვის ასაკშიც შესაძლებელია ჩატარდეს ბავშვთან.
რა არის დროული იდენტიფიცირების სარგებელი?
ადრეული, დროული იდენტიფიცირება შესაბამისი ჩარევის (კომუნიკაციის მეთოდის არჩევა, ტექნოლოგიის მორგება, სარეაბილიტაციო თერაპია) დროულად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბავშვის შეუფერხებელი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, თავის ტვინის ნეიროპლასტიკურობაა ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ტვინის უნარი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს მიღებული სტიმულაციის ტიპისა და ხარისხის შესაბამისად. თუ სმენის დაზიანების გამო თავის ტვინის შესაბამისი სტიმულირება არ ხდება, ვერ ხერხდება მისი განვითარება. ტვინის ნეიროპლასტიკურობის თვალსაზრისით, ბავშვთან ენისა და მეტყველების განვითარებისთვის ყველაზე მგრძნობიარე, ოპტიმალური პერიოდი მისი სიცოცხლის პირველი 3,5 წელია. ამ დროს ტვინი ყველაზე პლასტიკური და მოქნილია განვითარებისთვის და მისი ეს მზაობა აუცილებლად გამოსაყენებელია. რაც უფრო გვიანაა აღმოჩენილი სმენის დაზიანება და განხორციელებული ჩარევა, მით უფრო რთული და ხანგრძლივი იქნება ენის, მეტყველების და ბავშვის ზოგადი განვითარების პროცესი. მძიმე და უმძიმესი სმენის დაზიანების მქონე ბავშვები, რომლებმაც 2 წლამდე ასაკში მოირგეს ტექნოლოგიები და მიიღეს შესაბამისი თერაპია, ენას და მეტყველებას თავიანთი სმენის მქონე თანატოლების მსგავსად ივითარებენ.
სმენის დაზიანების დროული იდენტიფიცირების რა გზები არსებობს?
თანდაყოლილი სმენის დაზიანების გამოვლენის ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი გზა ახალშობილთა სმენის სკრინინგია, რომელიც სამშობიაროშივე კეთდება. სკრინინგი დღეს ხელმისაწვდომია საქართველოს უმეტეს სამშობიაროში. სამწუხაროდ, დაბალია როგორც მშობლების, ასევე სამედიცინო პერსონალის ცნობიერება ამ კვლევის მნიშვნელობის კუთხით. მშობლებს ვურჩევდი, არ შეაფასონ აღნიშნული კვლევა, როგორც სტანდარტული, უმნიშვნელო პროცედურა. აუცილებლად მოითხოვონ მისი ხარისხიანი ჩატარება. თუ პირველ ჯერზე ეს ვერ მოხერხდა – ბავშვი ტირის, გაღიზიანებულია, სანაყოფე სითხეა ყურში და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, აუცილებლად მოითხოვონ კვლევა სამშობიაროს დატოვებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ გაივლის სკრინინგს – ტესტი აღძრავს სმენის დაზიანების ეჭვს, აუცილებლად გაიყვანონ ბავშვი სმენის მეორად გადამოწმებაზე. განსაკუთრებულად მოვუწოდებდი მშობლებს, რომელთა პატარებიც სმენის დაზიანების რისკ-ჯგუფში შედიან, მათ შორის: მემკვიდრეობა, მცირე წონა და ასფიქსია დაბადებისას, ჰიპერბილირუბინემია, თავის ტრავმები, ოტოტოქსიკური მედიკამენტებით მკურნალობა (მაგ. გენტამიცინი), დაყოვნება ინტენსიური მოვლის პალატაში და დაბადებასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები. გახსოვდეთ, სმენის დაზიანების დროულ გამოვლენას თქვენი შვილის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.