მოუსვენარი ფეხების სინდრომი (RLS) არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს გაუკონტროლებელი სურვილი, მუდმივად ამოძრაობს ფეხები, როგორც წესი, არასასიამოვნო შეგრძნების გამო. ეს ჩვეულებრივ ხდება საღამოს ან ღამის საათებში, ჯდომის ან წოლის დროს. მოძრაობა დროებით ამსუბუქებს შეგრძნებას.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში და ზოგადად უარესდება ასაკის მატებასთან ერთად. მას შეუძლია დაგირღვიოთ მშვიდი ძილი, რაც გავლენას მოახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
თვითმოვლის მარტივი ნაბიჯები და ცხოვრების წესის შეცვლა დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებაში. ზოგჯერ შესაძლებელია დაგჭირდეთ წამლებიც ექიმის დანიშნულებით.
მოუსვენარი ფეხების სინდრომის სიმპტომები
- მთავარი სიმპტომია ფეხების გადაადგილების უკონტროლო სურვილი;
- შეგრძნებები იწყება დასვენების შემდეგ. მოუსვენარი ფეხების სინდრომი შეიძლება იგრძნოთ, თუ დიდხანს იჯექით ან იწექით, მაგალითად მანქანაში, თვითმფრინავში ან კინოთეატრში.
- დისკომფორტს ამცირებს მოძრაობა. RLS–ის შეგრძნება მცირდება მოძრაობით (გაწელვები, ფეხების აწევა ან სიარული).
- სიმპტომების გაუარესება საღამოს საათებში. სიმპტომები ძირითადად ღამით ჩნდება.
- ფეხის სპაზმები ღამის განმავლობაში. მოუსვენარი ფეხების სინდრომი შესაძლოა უკავშირდებოდეს უფრო ხშირ მდგომარეობას, რომელსაც ძილში კიდურების პერიოდული მოძრაობა ეწოდება. მდგომარეობა გამოიხატება ძილის დროს ფეხების ტოკვითა და ქნევით.
- როგორც წესი, RLS-ის სიმპტომებს აღწერენ როგორც პათოლოგიურ, უსიამოვნო შეგრძნებებს ფეხებში ან ტერფებში. ისინი, როგორც წესი, სხეულის ორივე მხარეს შეიგრძნობა. იშვიათად, შეგრძნებები გავლენას ახდენს ხელებზე.
- ზოგჯერ შეგრძნებების ახსნა რთულია. RLS-ის მქონე ადამიანები ჩვეულებრივ არ აღწერენ მდგომარეობას, როგორც კუნთების კრუნჩხვას ან დაბუჟებას. ცოცვა, ხოხვა, მოქაჩვა, ფეთქვა, ტკივილი, ქავილი – დაახლოებით ასე ახასიათებენ მოუსვენარი ფეხების სინდრომის შეგრძნებებს კიდურებში.
- სიმპტომების სიმძიმე განსხვავდება. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები ქრებიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი ხელახლა იჩენენ თავს.
მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზები
ხშირად, RLS–ის მიზეზი არ არის ცნობილი. მკვლევრები ეჭვობენ, რომ მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინში ქიმიური ნივთიერება დოფამინის დისბალანსით, რომელიც აგზავნის შეტყობინებებს კუნთების მოძრაობის გასაკონტროლებლად.
ზოგჯერ მოუსვენარი ფეხების სინდრომი გადადის მშობლიდან შვილზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა 40 წლის შემდეგ დაიწყო.
ორსულობამ ან ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება დროებით გააუარესოს RLS-ის ნიშნები და სიმპტომები. ზოგი ქალი მას პირველად განიცდის ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში. ამასთან, სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მშობიარობის შემდეგ.
მოუსვენარი ფეხების სინდრომის რისკ-ფაქტორები
RLS შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი. უფრო ხშირია ასაკის მატებასთან ერთად და უფრო მეტად ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი ჩვეულებრივ არ უკავშირდება სერიოზულ სამედიცინო პრობლემას. ამასთან, ის ზოგჯერ სხვა მდგომარეობის ან დაავადებების თანხმლებია:
- პერიფერიული ნეიროპათია. ხელებისა და ფეხების ნერვების ეს დაზიანება ზოგჯერ ქრონიკული დაავადებებით არის გამოწვეული, როგორიცაა დიაბეტი და ალკოჰოლიზმი.
- რკინის დეფიციტი. ანემიის გარეშეც, რკინის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს RLS. თუ თქვენ გაქვთ მუცლის ღრუს ან ნაწლავებიდან სისხლდენის ისტორია, მენსტრუაციის დროს ჭარბი სისხლდენა ან ხართ სისხლის დონორი, შეიძლება გქონდეთ რკინის ნაკლებობა.
- თირკმლის უკმარისობა. როდესაც თირკმელები არ ფუნქციონირებს სწორად, თქვენს სისხლში რკინის მარაგი შეიძლება შემცირდეს. ამ და სხვა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს RLS.
- ზურგის ტვინის მდგომარეობა. ზურგის ტვინის დაზიანებები იწვევს RLS-ს. ზურგის ტვინის ანესთეზია, მაგალითად სპინალური გაუტკივარება ასევე ზრდის მოუსვენარი ფეხების სინდრომის განვითარების რისკს.
როდის მივმართოთ ექიმს?
მოუსვენარი ფეხების სინდრომის მქონე ადამიანებს უჭირთ ექიმთან მისვლის გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჰგონიათ, რომ მათ სერიოზულად არ მიიღებენ. არადა, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.
წყარო: www.mayoclinic.org