“მოხუცების მარიამი” ასე იცნობენ ახლა მარიამ ცერცვაძეს, რომელმაც მეგობრებთან ერთად, ფეისბუქ ჯგუფში დაწყებული კამპანიით, თითქმის ერთ ღამეში შეაგროვა 57 000 ლარი, სოციალურად დაუცველი მოხუცების დასახმარებლად. მოხუცებზე ზრუნვის იდეამ უამრავი ადამიანი გააერთიანა პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში და ამ თემის მნიშვნელობაზე დააფიქრა. დღეს ჯგუფში “დავეხმაროთ მოხუცებს” წევრების რაოდენობა 35 000-ია, მარიამს კი კიდევ ბევრი იდეა აქვს, ჩვენი საზოგადოების მოწყვლადი წევრების დასახმარებლად.
მარიამ, მოგვიყევით როგორ გაჩნდა მოხუცების დახმარების იდეა და როგორ წამოვიდა სიკეთის ეს უზარმაზარი ტალღა?
ეს ამბავი ასე დაიწყო: ტელევიზორში გადაცემას ვუყურებდი, სადაც ამბობდნენ, რომ პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისთვის “კათარზისი” იკეტებოდა; მართალია, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კი არ იკეტებოდა, სახლში ატანდნენ საჭმელს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ იკეტებოდა კათარზისი და მოხუცები, რომლებიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ამ ვითარებაში, საფრთხის წინაშე იდგნენ. რამდენიმე მეგობარმა ერთმანეთს დავუკომენტარეთ ფეისბუქზე, გაგვეკეთებინა რამე ამ მოხუცების დასახმარებლად და სახლებში მიგვეტანა საკვები… თავდაპირველად, ძალიან მცირე მასშტაბიან აქციას ვგეგმავდით და გვინდოდა მეგობრების ჩართულობით მცირე თანხა შეგვეგროვებინა და გაგვეგზავნა მათთვის. გავაკეთეთ ფეისბუქზე ჯგუფი, რასაც მოჰყვა აურაცხელი გამოხმაურება და ძალიან დიდი სოლიდარობა გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებისგან. ერთ ღამეში შევაგროვეთ 57000 ლარზე მეტი და ეს იყო ჩვენთვის სასწაული. აქციამაც უფრო დიდი მასშტაბები მიიღო და არა მარტო კათარზისის მოხუცებს დავეხმარეთ, არამედ 600-მდე მოხუცის სია გავაკეთეთ და ყველას დავეხმარეთ ეტაპობრივად.
როგორ პოულობდით მოხუცებს და როგორ ადგენდით მათ საჭიროებებს?
თავიდან არ გვქონდა სიები, არ ვიცოდით, ვინ სად ცხოვრობდა; ვეძებდით მათ უბანში, ვეძებდით ტელეფონის ნომრებს, ზუსტ მისამართებს და ნელ-ნელა ასე მოვიძიეთ კონტაქტები. შემდეგ, ჯგუფში ერთი მოხალისე, რომელიმე მოხუცზე წერდა პოსტს და იწყებოდა ჩარიცხვა იმ მოხუცისთვის. ჩვენ ძალიან ვაკონტროლებთ ყველა ჩარიცხულ თეთრს და სრული გამჭვირვალობაა ამ მხრივ, რომელსაც ძალიან დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ. ადგილზე გვხვდებოდნენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც ცხოვრობდნენ ძალიან მძიმე პირობებში, ზოგიერთს არ ჰქონდა დაფარული კომუნალურები, ზოგიერთს ტელეფონიც კი არ ჰქონდა, რომ მერიის ცხელ ხაზზე დაერეკა და საკვების მიწოდება ეთხოვა… გვხვდებოდნენ მოხუცები, რომლებსაც უჭირდათ სიარული, არ ჰქონდათ წამლები და ა.შ ყველაზე მეტად ჩვენთვის ემოციური იყო, რომ მათ საკვებზე და მედიკამენტებზე მეტად ჩვენი დანახვა უხაროდათ, ჩვენი მისვლა და დალაპარაკება. ერთი სიტყვით, პანდემიით თუ პანდემიის გარეშეც, მოხუცები გვყავს ძალიან მისახედი ჩვენს ქვეყანაში და მათზე აუცილებლად ერთად უნდა ვიზრუნოთ.
ამ ეტაპზე როგორ გრძელდება ჯგუფის ფუნქციონირება და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ამ ეტაპზე თანხებს აღარ ვიღებთ. რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ საკვები 60 მოხუცთან, რომელიც რეზერვში გვყავდა. კომენდანტის საათის პირობებში ძალიან რთული გახდა ასეთი საქმიანობის განხორციელებაც კი. Ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან დიდი ბაზა მოხუცების და ყველა მსურველს, რომელიც გადაწყვეტს მათ დახმარებას, სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და კონტაქტებს.
ახლა გადავწყვიტეთ მიუსაფარ ცხოველებზე ვიზრუნოთ, რომელიც პანდემიამ ასევე ძალიან დააზარალა, რადგან დაიკეტა ბევრი საკვები ობიექტი და რესტორანი, რომელიც მათ კვებავდა. მე ძალიან მიყვარს ცხოველები, ჩემს უბანში ბევრ მიუსაფარ ცხოველზე ვზრუნავ და ასევე ბევრი ცხოველების მოყვარული მეგობრებიც მყავს. მათზე ისევ ერთად ამ მხრივ, თბილისში სიტუაცია შედარებით ნორმალურია, მაგრამ მაგისტრალებზე, დაკეტილ რესტორნებთან და საკვებ ობიექტებთან გვხვდებიან გაძვალტყავებული ცხოველები, რომლებიც სიკვდილის ზღვარზე არიან. ამ შემთხვევაში აქციები ცოტა განსხვავებულად დავგეგმეთ და “დავბრენდეთ”, დავბეჭდეთ პოსტერები , იმიტომ რომ ცხოველებზე ზრუნვა ნაკლებ სენსიტიური თემაა ჩვენს საზოგადოებაში და მეტი ძალისხმევის ჩადება მოგვიწია, რომ ინფორმაცია და ამ საკითხის აუცილებლობა სწორად მიგვეტანა საზოგადოებამდე. საკმაოდ, ნორმალური თანხა შევაგროვეთ და კიდევ ვაგროვებთ. ვყიდულობთ ცხოველებისთვის საკვებს, ვაგზავნით რეგიონებში და ვანაწილებთ მაგისტრალებზე. საკვები გავაგზავნეთ გურიაში, მარნეულში, ბოლნისში, კახეთში, რადგან თუ რაიმე არ ვუშველეთ ამ ცხოველებს, ისინი უბრალოდ შიმშილით მოკვდებიან.