“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი თამუნა მახარაშვილი.
რატომ უჭირთ მშობლებს მოზარდებთან ურთიერთობა?
გარდატეხის ასაკში მიმდინარე ფსიქიკური ცვლილებები არამხოლოდ მოზარდისთვის, არამედ მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ზოგიერთი მშობელი შეიძლება გამოცდილებით ან ინტუიციით ხვდებოდეს, რომ ურთიერთობის სხვა სტილზე უნდა გადაერთოს, თუმცა ეს მარტივი არაა.
ერთი მხრივ, მშობელმა შეიძლება არ იცის, როგორ დაიცვას ბალანსი მოზარდის მხრიდან წამოსულ ავტონომიის მოთხოვნილებასა და კონტროლს შორის. ზოგიერთი მშობელი შვილის მხრიდან წამოსულ წინააღმდეგობებს ხისტად უდგება, უყენებს პირობებს და ითხოვს წესების მორჩილებას. ამგვარი მიდგომა ამწვავებს ურთიერთობას და კონფლიქტის წყარო ხდება. მშობლების მხრიდან უალტერნატივოდ წამოყენებული პირობები ზღუდავს დადებითი კომუნიკაციის შესაძლებლობას და იზრდება ბარიერი თინეიჯერთან დასაახლოებლად. მეორე მხრივ, მოზარდის მხრიდან წამოსულ ავტონომიის მოთხოვნილებას მშობელი თუ სრული მიმღებლობით ხვდება, ეს ზრდის შვილის ოჯახიდან გათიშვის რისკს. რეალურად, მოზარდებს სურთ, ჰქონდეთ პირადი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუმცა სრული თავისუფლებისთვის ისინი მზად არ არიან. მეტიც, ავტონომია მათში განგაშის ზარს იწვევს, რადგან არ იციან როგორ გამოიყენონ ეს დამოუკიდებლობა და როგორ აიღონ საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობა.
ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ეგოცენტრულობიდან გამომდინარე, მოზარდს შესაძლოა ჰქონდეს რწმენა, რომ კონკრეტული პრობლემები მხოლოდ მას აქვს და მოლოდინი, რომ ვერ გაუგებენ, ვერ დაეხმარებიან და შესაბამისად ნაკლებად ითხოვს ან არ იცის, როგორ ითხოვოს დახმარება. მშობლების ნაწილს ეს „სიჩუმე“ ყურადღების მიღმა რჩება. მეტიც, მოზარდის იმპულსურ ქცევას იღებს პირდაპირ მოცემულობად და აგრესიას პასუხობს თავადაც აგრესიულად. ამ შემთხვევაში ის ხელიდან უშვებს რთული ქცევის გამომწვევი მიზეზის პოვნის შანსს. აგრესიული ქცევა რეალურად ერთგვარი სიგნალიცაა, რომ მოზარდს სირთულეები აქვს და მხარდაჭერა სჭირდება.
რა სტრატეგიები უნდა გამოიყენონ მშობლებმა მოზარდებთან უკეთესი კომუნიკაციის მისაღწევად?
უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობელი ეცადოს, შეხედოს სიტუაციას შვილის პოზიციიდან. თანაგანცდა, მხარდაჭერა, თანამშრომლობისადმი მზაობა და სტაბილური ურთიერთობა არის ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რაც ზრდის მოზარდში დაცულობის განცდას არამხოლოდ ოჯახის, არამედ გარე სამყაროს მიმართ. მშობლების მხარდაჭერა აყალიბებს მოზარდსა და უფროსს შორის ორმხრივ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, რაც დადებით გავლენას ახდენს მოზარდის თვითშეფასებაზე, აკადემიურ მიღწევასა და მორალურ განვითარებაზე.
აქტიური მოსმენა მოზარდთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი იარაღია. დაინტერესდით მისი განწყობით, აცადეთ თხრობა და მოუსმინეთ ბოლომდე, ჰკითხეთ რას გრძნობს, გაახმოვანეთ, რომ გესმით მისი. მოიყვანეთ მაგალითი თქვენი გამოცდილებიდან, რა გზებით ეცადეთ პრობლემის გადაჭრა, რა დაგეხმარათ, ამით მიანიშნებთ, რომ მსგავს პრობლემებს მის ასაკში სხვებიც განიცდიან.
გამოხატეთ თანაგანცდა მისი გრძნობების მიმართ. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა უმნიშვნელო მოგეჩვენოთ მისი პრობლემა, მოზარდი ამას ძალიან მწვავედ განიცდის, შესაბამისად იყავით ემპათიური და მხარდამჭერი, ნუ ეცდებით მისი პრობლემის გაბათილებას, გაუფასურებას.
მიეცით მოზარდს ფსიქოლოგიური ავტონომია – იფიქროს, იმსჯელოს, რისკი და სარგებელი განსაზღვროს, გადაწყვეტილება მიიღოს. ემოციური თავისუფლება ეხმარება მას თვითგამორკვევასა და პიროვნულ ზრდაში.
წარმატებული მშობელი მოზარდს აძლევს თავისუფლებას, მაგრამ თვალყურს ადევნებს მის ცხოვრებას, ინტერესდება მისი შეხედულებებით, გატაცებებით, ურთიერთობებით და იცავს ბალანსს შვილის კონტროლსა და დამოუკიდებლობას შორის.
მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ მიუხედავად მისი ავტორიტეტის შემცირებისა, მას მაინც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოზარდის ქცევაზე. ის უნდა ეცადოს გადაწყვეტილებები მიიღოს შვილთან შეთანხმებით, კონფლიქტი გადაჭრას მოლაპარაკებით. თინეიჯერი კონფლიქტის მოგვარებისა და ურთიერთობების იმ სტილს მიყვება, რასაც მშობლებისგან ხედავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლის ქცევა დადებითი მაგალითის მიმცემი იყოს მისთვის.
დაბოლოს, იყავით გულწრფელი, მუდმივად აგრძნობინეთ, რომ გიყვართ და მის მიმართ დადებითი მოლოდინი გაქვთ.