Skip to content Skip to sidebar Skip to footer

 პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

მიიჩნევა, რომ მოზარდობა  მტკივნეული და გარდამტეხი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. როგორ უნდა დაეხმარონ  მშობლები შვილებს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უმტკივნეულოდ გადაილახოს?

ადამიანი თავის განვითარების გზაზე არაერთ კრიზისსა და მტკივნეულ პერიოდს გადის. მაგალითად,    18 თვის ასაკიც გარკვეული კრიზისული პერიოდია. თუ ჩვილს დაბადებიდან ისე ექცევიან, რომ ის თავს სასურველად გრძნობს და დაცულად, მაშინ მას სამყაროს მიმართ ნდობა უვითარდება და საკუთარი თავის მიმართ უყალიბდება განცდა, რომ ის სიყვარულის ღირსია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში აბსტრაქტული აზროვნება ჩანასახოვანია.

ასევე, განვითარების კრიზისს აქვს ადგილი სამი წლის ასაკში. თუ ამ ასაკის ბავშვს აძლევენ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რათა მან იგრძნოს თავი ავტონომიურ სუბიექტად, ეს მას ძალიან ეხმარება განვითარებაში. თუ მას ზედმეტად ზღუდავენ, ის ითრგუნება და დამოუკიდებლობის ის ჩანასახი, რაც ამ ასაკისთვის უნდა განუვითარდეს როგორც რესურსი, არ უყალიბდება. სამი წლის კრიზისის პერიოდს, მესამე წელს, ბავშვის ჯიუტობის ხანას ვეძახით. აქ ბავშვი სულ ჯიუტობს, რათა მოსინჯოს ძალები და გაიგოს რა არის მასზე დამოკიდებული და რა არ არის მასზე დამოკიდებული.  ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ შევიწყნაროთ მისი სიჯიუტე და არ გავტეხოთ ბავშვი; მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია დავუწესოთ ლიმიტები, რადგან  ეს მის თავისუფლებას უსაფრთხო ჩარჩოს აძლევს და განვითარებას უწყობს ხელს.

ექვსი წლიდან – მოზარდობამდე ლატენტურ პერიოდს ვუწოდებთ ბავშვის განვითარებაში და არც ეს არის მარტივი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვი ამ პერიოდში სკოლაში მიდის და უნდა შეეგუოს ახალ, უფრო ფართო სოციალურ სინამდვილეს. ამ ასაკში ქცევის წამყვანი ფორმა სწავლაა და ბავშვი ღიაა ახალი ცოდნის ასათვისებლად.

მოზარდობის ასაკიც ერთ-ერთი მორიგი კრიზისია ბავშვის განვითარების პროცესში, და არა ერთადერთი. თუ მოზარდობამდე ბავშვისთვის რეფერენტული სოციალური სინამდვილე, ანუ  ე.წ.“მნიშვნელოვანი სხვა” მშობლები იყვნენ, მოზარდობის დროს ასეთი მნიშვნელოვანი სხვა ხდება თანატოლი. მოზარდობის დროს მშობელი დილემის წინაშე დგება: გაუშვას შვილი სოციუმში და ცოტა დაიხიოს უკან, მისცეს საშუალება, რომ ჰქონდეს თავისი ურთიერთობები, თუ არ შეასუსტოს კონტროლი.  თუ მშობელი შვილს ზედმეტად ზღუდავს, არ აძლევს მოზარდს სეპარაციის (გამოყოფის) საშუალებას, არ აძლევს უფლებას შექმნას თავისი სოციალური გარემო, ან მონაწილეობა მიიღოს ოჯახისგან განსხვავებულ სოციალურ გარემოში, ეს აფერხებს მოზარდის განვითარებას. სხვადასხვა კულტურაში მოზარდობის პერიოდი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. მაგ. ინგლისში სეპარაცია ბევრად უფრო მკვეთრად ხდება,  ხშირია  კონფლიქტები მშობლებსა და ბავშვებს შორის და ეს აღიქმება, როგორც ნორმალური მოვლენა. ამ კონფლიქტებით ხდება სეპარაცია და მოზარდები დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ. ჩვენთან ასე არ არის, ჩვენთან უფრო ნაკლები სეპარაციის შესაძლებლობებია, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ აქამდე სულ დიდ ოჯახებად ვცხოვრობდით. იმისათვის, რომ უკეთ გავუგოთ მოზარდს, მშობელს უნდა შეეძლოს შვილის თვალებით შეხედოს ვითარებას, შეუქმნას შვილს საკუთარი თავის პატივისცემის საშუალება, საკუთარი ღირსების განცდისა და გაფრთხილების გამოცდილება. ძალიან ხშირად ჩვენ შეცდომით გვგონია, რომ პრობლემები მოზარდობიდან იწყება,  ასევე გვგონია, რომ თავმოყვარეობა და პატივისცემა მხოლოდ ზრდასრულობის დროს არის მნიშვნელოვანი და არა მანამდე. ეს ასე არ არის. ჩვენ თავიდანვე უნდა ვუფრთხილდებოდეთ ბავშვის ღირსებას და თუ ამის შეგრძნებას არ ვზრდით მასში დაბადებიდან, დიდი ალბათობით მას ეს შეგრძნება არც სრულწლოვანების შემდეგ ექნება. 

ჩვენი მკითხველი ხშირად ინტერესდება, მოზარდების და ინტერნეტდამოკიდებულების თემით და აინტერესებს, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს შვილებთან. გვესაუბრეთ, როგორ წარმოიშობა დამოკიდებულება და რა უნარ-ჩვევები სჭირდება ბავშვს, რომ ადიქციის (დამოკიდებულების) რისკი ნაკლები იყოს?

ესა თუ ის დამოკიდებულება (ფსიქოაქტიურ საშუალებებზე, აზარტულ თამაშზე, ინტერნეტზე) ცარიელ ადგილზე არ წარმოიშობა. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ესა თუ ის პრობლემური ქცევა (მაგ., ნივთიერებათა მოხმარება) იწყება მოზარდობაში, მაგრამ ეს არის ცრუ წარმოდგენა. პრობლემები – ქცევითი, ემოციური, ფსიქოლოგიური, რომელიც დამოკიდებულების განვითარების რისკებს ზრდის, იწყება ბევრად უფრო ადრე. იმისათვის, რომ მოზარდობაში ადამიანი დაცული იყოს ამ რისკებისგან, მას მანამდეც და მოზარდობის პერიოდშიც უნდა შევუწყოთ ხელი ასაკობრივ განვითარებაში. ინტერნეტზე დამოკიდებულების თავიდან აცილებაზეც ბავშვის დაბადებიდან უნდა ვიზრუნოთ.  

ფსიქოაქტიური საშუალებების, როგორც არალეგალურის, ასევე ლეგალურის (თამბაქო და ალკოჰოლი), მოხმარების ერთ-ერთი გავრცელებული მოტივი, კვლევების თანახმად, არის ის, რომ ბავშვმა არ იცის, თუ როგორ მოიქცეს სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში, როგორ თქვას უარი არასასურველ შემოთავაზებაზე, როგორ მართოს თავისი ემოციები და პრობლემები და ა.შ. ამგვარი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა კი იწყება მშობელთან ურთიერთობიდან. აქ უაღრესად მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ თუ არა შვილებთან, ჩვენ რა მაგალითს ვაჩვენებთ, რამდენად აქვს მოზარდს იმის საშუალება, რომ გაგვიზიაროს როცა წუხს ან როცა უხარია, რამდენად შეგვიძლია მისი გრძნობებისა და ემოციების ვალიდიზაცია; ზოგადად –  რამდენად თანმიმდევრული ვართ მასთან ურთიერთობაში, აღმზრდელობითი მითითებების მიცემის დროს. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება: “good enough mother”,  საკმარისად კარგი დედა, რომელიც ბავშვს უქმნის დაცულობის და  უსაფრთხოების განცდას, მის განვითარებას ხელს უწყობს. საქმე იმაშია, რომ ბავშვს აქვს ე.წ განვითარების უახლოესი ზონა ანუ ყოველი მოცემული ასაკისთვის მას აქვს გარკვეული მიღწევები, მაგრამ ასევე აქვს პოტენციალი უფრო მეტს მიაღწიოს.  თუ ბავშვს კარგად ეხმარებიან მისი გარემომცველი ზრდასრულები, ის აღწევს განვითარების უახლოეს ზონას. როცა ვსაუბრობთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე, ჩვეულებრივ, ადამიანებს მიამიტად ჰგონიათ, რომ თუ მოზარდებს დავუწყებთ ლაპარაკს, რომ ეს ცუდია, მავნებელია და სირცხვილია, ეს არის პრევენცია. ეს მცდარი შეხედულებაა.  ადიქციის პრევენცია არის კარგი აღზრდა, და არა სირბილი და ყვირილი, რომ ნარკოტიკები ცუდია. 

ინტერნეტზე დამოკიდებულება რა გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

როდესაც ინტერნეტდამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია თუ რამდენ ხანს ატარებს მოზარდი ეკრანის წინაშე, როგორ უყურებს, რას უყურებს, რამდენად შეუძლია გაარჩიოს მდარე ხარისხიანისგან, რამდენად აქვს მოზარდს გამომუშავებული დღის რეჟიმის რეგულირების უნარ-ჩვევები, ათევს თუ არა  ღამეს ეკრანთან, და ა.შ. თუ მოზარდი ათევს ღამეებს, უყურებს ისეთ პროდუქციას, რომელიც აგრესიასთან არის დაკავშირებული, თუ განვითარების სხვა ამოცანების შესრულებას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ეკრანზეა მიჯაჭვული და ა.შ. – ამან შეიძლება გამოიწვიოს ყველა ის პრობლემა, რაც ადიქციას მოაქვს: მოზარდმა ნაკლებად მიიღოს მონაწილეობა რეალურ ცხოვრებაში და თავი შეაფაროს  წარმოსახვით სამყაროს. ეს ყველაფერი აისახება მის ცხოვრების ხარისხზე, ურთიერთობებზე, აკადემიურ მიღწევებზე, ცხოვრების დაგეგმვაზე, რამაც შეიძლება  მიიყვანოს ცხოვრების “ესკაპისტურ წესამდე”, ანუ რეალურად კი არ ცხოვრობს ამ დროს მოზარდი, ვირტუალურ სამყაროში  არის „გადასახლებული“.

თქვენ, ზემოთ აღნიშნეთრომ რჩევადარიგებები ასეთ დროს ნაკლებად მუშაობს და ბევრი რამ მშობლის ურთიერთობაზე შვილთან, მისი ქცევის  მოდელზე არის დამოკიდებული. თუ მშობლებს გარკვეული შეცდომები აქვთ დაშვებული აღზრდის პროცესში, როგორ შეიძლება მოახდინოს ამის კორექტირება შემდგომ?

არასოდეს არის გვიან, რომ მშობელმა დაიწყოს რეალური, ავთენტური ურთიერთობა შვილთან. მშობელი უნდა  გაერკვეს შვილის  შინაგან სამყაროში, გაიგოს რა უნდა ბავშვს, რა აწუხებს მას, ხელი შეუწყოს განვითარებაში – მაგრამ აქ უნივერსალური რეცეპტები, პანაცეა ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. ყველაფერი არის დამოკიდებული ურთიერთობის ხარისხზე, მშობლის უნარზე, რომ ზედმეტად არ შეიჭრას ბავშვის სამყაროში, ანუ ბავშვი, ერთი მხრივ, არ განიცდიდეს მშობელთან ურთიერთობის დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ არ გახდეს მასზე ზედმეტად დამოკიდებული, მშობელი არ იქცეს ე.წ ჰიპერმზრუნველ მშობლად. მოჭარბებული მზრუნველობაც ძალიან დიდი პრობლემა, რადგან ასეთ დროს  მშობელს ბავშვი, ერთი შეხედვით – „ბუმბულის ბალიშზე უწევს“, ხოლო სინამდვილეში კი „ახრჩობს“ ამ ბალიშით,   ართმევს დამოუკიდებლობის, საკუთარი თავისა და ძალების გამოცდის საშუალებას. გავმეორდები და ვიტყვი, რომ აქ  უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. თუ მშობელი გრძნობს, რომ რაღაც არ არის რიგზე, აქ უნივერსალური რჩევა შეიძლება იყოს ის, რომ შევიდეს კონტაქტში, შეეცადოს შვილის თვალებით შეხედოს ვითარებას, მოუსმინოს, შეეცადოს საერთო ენა გამონახოს შვილთან, გაუგოს, მიიღოს ის ისეთი, როგორიც არის. როგორც დიდი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი ამბობდა, თუ ადამიანი მიიღე ისეთად, როგორიც ის არის, პარადოქსულად – სწორედ ამ მომენტიდან იწყება ამ ადამიანის ცვლილება. თუ ჩვენ გვინდა ცვლილებებს შევუწყოთ ხელი, პირველი ნაბიჯი ამ გზაზე არის შვილის სამყაროს გაზიარება, გაგება, და მიღება.

ჩვენ ფაქტობრივად ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვები სიცოცხლის პირველი თვეებიდან იწყებენ ეკრანთან ურთიერთობას. გვესაუბრეთ, როგორ შეგვიძლია მშობლებს  ინტერნეტზე დამოკიდებულების პრევენცია?

ხშირად, მშობელი,  იმისთვის რომ გაართოს ბავშვი,  მულტფილმებს ურთავს და  თავის  მობილურ ტელეფონზე ათამაშებს. ციფრული „გაჯეტი“  ზეძლიერი ინტენსივობის გამღიზიანებელია, რომელიც  ბავშვს ხიბლავს და ის ინუსხება ამით.  თუ მშობელი ჯერ შეაჩვევს ბავშვს გაჯეტს (იყენებს მას ჩვილის დასაკავებლად, მისი ყურადღების გადასატანად, საკუთარი დროის გამოსათავისუფლებლად), ეს, ფაქტობრივად, ინტერნეტდამოკიდებულების დასაწყისია. როცა ბავშვი უკვე შეჩვეულია გაჯეტს, ამ ფონზე, გამორთმევა და დროებითი და არათანმიმდევრული გამორთმევა-მიცემა ბავშვს აღარ შველის. ის მშობლისგან დაჟინებით ითხოვს, ისე დაამშვიდოს, როგორც მშობელი აქამდე აკეთებდა. ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ თვალსაზრისით რეკომენდაციას უწევს ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენების მკაცრ ლიმიტირებას:-  18 თვემდე ბავშვს საერთოდ არ შეიძლება მივცეთ მობილური ტელეფონი თუ სხვა გაჯეტი  ყურადღების დასაკავებლად, და ზოგადად უნდა შევუზღუდოთ ელექტრონული კომუნიკაცია; აქ გამონაკლისს წარმოადგენს მშობელთან ერთად განხორციელებული ხანმოკლე ტელეკომუნიკაცია (მაგ., სკაიპი სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ოჯახის წევრთან). ხშირად, როდესაც დედა მარტოა ბავშვთან და სხვა საქმეები აქვს გასაკეთებელი ან კიდევ მეორე ბავშვი ჰყავს მისახედი, ის ათხოვებს  ტელეფონს ბავშვს და ბავშვი სრულიად მონუსხულია მისით. ამგვარი პრაქტიკა დამოკიდებულების გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. 18 თვიდან 24 თვემდე ასაკში ბავშვს ძალიან ლიმიტირებულად შეგვიძლია მივცეთ ეკრანის ყურების საშუალება (15 წუთი), მაგრამ მშობელთან ერთად, და ეს უნდა იყოს მშობლის მიერ შერჩეული მაღალი ხარისხის პროგრამა. ეს უნდა იყოს გაზიარებული აქტივობა, სადაც ბავშვი მარტო, ერთი-ერთზე  არ რჩება  გაჯეტთან. ორიდან ხუთ წლამდე ეკრანის წვდომა დღეში მაქსიმუმ ერთი საათით უნდა იყოს შეზღუდული და კვლავ ზრდასრულთან ერთად უნდა ხორციელდებოდეს. 5 წლის ზევით უკვე მშობლებმა მიზანშეწონილების მიხედვით უნდა არეგულიროს დრო და შინაარსი. ინტერნეტდამოკიდებულება დღეისათვის არ წარმოადგენს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, თუმცა პროფესიონალები მას სულ მეტ და მეტ ყურადღებას უთმობენ იგი ე.წ. emerging problem – ახლად წარმოშობილი პრობლემაა, დაკავშირებული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან და ელექტრონული ხელსაწყოების ხელმისაწვდომობის ზრდასთან. ალბათ უახლოეს წლებში ინტერნეტზე დამოკიდებულება გაფორმდება ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზად, იმ შემთხვევების აღსაწერად, როდესაც ბავშვი და მშობელი ვეღარ აკონტროლებს ელექტრონული ხელსაწყოს მოხმარების ქცევას. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5