Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სოციალური პედაგოგის დიანა მაკალათიას ბლოგი

თინეიჯერის ტვინი ჯერ კიდევ აქტიური განვითარების პროცესშია, ამიტომ ინფორმაციის დამუშავება სხვაგვარად ხდება, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში. ტვინის ის სფერო, რომელიც ემოციებს განკარგავს, განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს, რესტრუქტურიზაციის პროცესშია, ამ დროს ფორმირდება ახალი სინაფსი ანუ ხდება ნერვული იმპულსების გადაცემა, მოზარდის ტვინი მომწიფების პერიოდს გადის და დაახლოებით 20 წლის ასაკისთვის გარკვეულწილად ფორმირდება.

მოზარდის განვითარების შესახებ ინფორმირებულობა მშობლისთვის და მასწავლებლისთვისაც აუცილებელია, რადგან ეს წყარო დაგვეხმარება, ვიპოვოთ გზები მათი პრობლემების ერთობლივად მოგვარებისთვის, რომელიც ხშირად მოიაზრებს იმპულსურ ქცევებს, აგრესიას/აუტოაგრესიას, დაბალ თვითშეფასებას და ა. შ.

მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ იმის მიუხედავად, რომ თინეიჯერი არის ინდივიდი, თავისი  უნიკალური პიროვნული მახასიათებლებით, გემოვნებით, შეხედულებებითა და ინტერესებით, მას ყოველთვის სჭირდება მშობლის ყურადღება, ემოციური თანადგომა და იმის შეგრძნება, რომ უყვართ და აფასებენ.

როცა ნეგატიური  ქცევა ხშირად მეორდება, მნიშვნელოვანია, მშობელმა გამიჯნოს თუ რომელია „სასიგნალო“ ქცევა, რომელსაც რთულ პრობლემამდე შეუძლია მიგვიყვანოს და რომელია ასაკობრივი თავისებურებებით გამოწვეული.

ტიპური თინეიჯერი და რთული ქცევის მქონე თინეიჯერი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანთან ვხვდებით გარკვეულ თავისებურებებს.

ტიპური მოზარდის: გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე აქცენტირება. რაც შეიძლება გულისხმობდეს პროვოკაციულ, ყურადღების მისაქცევ ჩაცმას, სხეულის ტატუირებას, თმის შეღებვას და ა. შ. ნუ ეცდებით გააკრიტიკოთ ამის გამო, თქვენი პროტესტის განცდა შეინახეთ უფრო დიდი და ღირებული თემებისთვის. გაითვალისწინეთ, ხასიათი ამ ასაკში ცვალებადია, შესაძლოა თავად შეეცვალოს ექსტრავაგანტულობისა და ეპატაჟურობის სურვილი.

„სასიგნალო“ ქცევის ნიშანი თინეიჯერებში: ჩაცმულობაში ცვლილებები მხოლოდ მაშინ არის საყურადღებო, თუ ეს უკავშირდება პრობლემებს სკოლაში ან ქცევის ცვლილებას, როცა სახეზე გვაქვს თვითდაზიანება, წონაში საგრძნობი კლება ან პირიქით მომატება და ა. შ.

მეამბოხე ხასიათი

ტიპური თინეიჯერი: მოზარდი დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ცდილობს ჩაერთოს დისკუსიებში, მსჯელობს, აკრიტიკებს და გამოთქვამს თავის მოსაზრებებს. რთული ქცევის თინეიჯერი კი ამ დროს აცდენს სკოლას, ძალადობს, ერთვება კონფლიქტურ სიტუაციებში.

ხასიათის ხშირი ცვალებადობა

მოზარდებში ჰორმონალური ცვლილებები იწვევს ხასიათის ცვლილებებს, ძირითადად გაღიზიანებადობას, თუმცა თუ სახეზე გვაქვს რადიკალური ცვლილება – მუდმივი მოწყენილობა, ბრაზი, ძილის პრობლემები, სუიციდური ფიქრები, დაბალი აკადემიური მოსწრება შეიძლება მიგვანიშნებდეს პრობლემაზე, რომელსაც ჰქვია დეპრესია და იწვევდეს სხვა მენტალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, პრობლემას.

თავად დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: პრობლემები სკოლაში; ცუდი აკადემიური მოსწრება; დაბალი ენერგოტონუსი; სახლიდან გაქცევა; ადიქცია-ალკოჰოლზე, თამბაქოზე ან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება, ტელეფონზე დამოკიდებულება; დაბალი თვითშეფასება; დეპრესია ასევე მოიაზრებს სირცხვილის, იმედგაცრუების შეგრძნებებს, ასევე ასოციალურობას.

მეგობრების და არა მშობლების გავლენა

ზოგადად, მოზარდებისთვის მეგობრები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მათ არჩევანზე  ყველაზე დიდ გავლენას ისინი ახდენენ. თუ დროის უმეტეს ნაწილს მოზარდი თანატოლებთან ატარებს, შესაბამისად თქვენთან ურთიერთობა დისტანცირდება, ამ დროს ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ მოზარდი დამოუკიდებელია, არ სჭირდება მუდმივი ზრუნვა და სჭირდება პირადი სივრცე, ეს შეიძლება ასეც იყოს, თუმცა არ ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ თქვენი სიყვარული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩარევის გარეშე, დაკვირვებით შევძლოთ დავინახოთ, თუ როგორ გავლენას ახდენს მეგობართა წრე მასზე და დროულად მივხვდეთ საფრთხის არსებობას, ეს კი ხშირად მაშინ ხდება, თუ თანატოლი მას აიძულებს რაიმეს გაკეთებას ძალადობრივი გზით ან აქეზებს ცუდი ქცევისკენ.

როცა ხარ მშობელი, შეგიძლია მიმართო ფსიქოლოგს, თერაპევტს და ა. შ. მაგრამ მანამ აუცილებელია თქვენი შვილის საჭიროებებზე იფიქროთ, ნუ განსჯით საკუთარ თავს. პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, არის იპოვოთ გზა იმისთვის, რომ მოახერხოთ მასთან ისეთი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც ემოციურად მნიშვნელოვანი იქნება მისთვის.

ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა არის ახლო მანძილზე, პირისპირ, თვალით კონტაქტის მეშვეობით კომუნიკაცია, სტრესის მოხსნისა და ნერვული სისტემის დროებით დამშვიდებისთვის. რამდენიმე წუთის შემდეგ შესაძლოა გაიხსნას და თავად წამოიწყოს პრობლემებზე საუბარი. აუცილებელია იყოთ მშვიდ გარემოში,  ტელევიზორისა თუ ტელეფონის გარეშე. იპოვოთ საერთო ინტერესის სფერო/თემა, რათა საუბარი უფრო კომფორტულად განვითარდეს.

თუ საუბარზე წამოგყვათ, უსმინეთ ყოველგვარი შეფასებისა და რჩევის მიცემის გარეშე. არ შეაწყვეტინოთ, გააკრიტიკოთ და შესთავაზოთ დახმარება. თქვენ შვილს სურს იგრძნოს, რომ მას უგებთ, მისი გესმით, აფასებთ. დაანახეთ მას, რომ მისით ხართ დაინტერესებული.

ელოდეთ წინააღმდეგობას, უარყოფასაც. შესაძლოა თქვენს მცდელობებს უპასუხოს აგრესიით, გაღიზიანებით ან სხვა ნეგატიური რეაქციით. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მასაც მიეცით დამშვიდების საშუალება. ეცადეთ მოგვიანებით, მშვიდ მდგომარეობაში ყოფნისას დაასრულოთ საუბარი, ეს ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ, თუმცა შედეგისთვის ასე ჯობია.

ბრაზთან გამკლავება

ბრაზი არის ის ემოცია, რომელიც სხვა ემოციების გადასაფარად გამოიყენება, მაგალითად, ფრუსტრაციის-იმედგაცრუების, მოწყენილობის, ტკივილის, შიშის, სირცხვილის და ა. შ. როცა მოზარდს არ შეუძლია გაუმკლავდეს ამ შეგრძნებას, იყენებს სხვაზე ძალადობის მეთოდს და სხვის საფრთხეში ჩაგდებას ცდილობს. ქართულ რეალობაში ხშირად ბიჭებს საზოგადოება კარნახობს, რომ უნდა იყვნენ „ძლიერები“ და არ გამოხატონ ცრემლებით ემოციები, რომ ეს მათთვის არ არის შესაფერისი ქცევა და ა. შ. სწორედ ეს იწვევს მათში ემოციების შეკავებას და შემდგომში კი გართულებებს ფსიქოლოგიური კუთხით. მშობლებს ამ დროს შეუძლიათ უფრო კონსტრუქციული გზით დაეხმარონ  მათ:

დააწესონ საზღვრები, წესები და აუხსნან, თუ რას გამოიწვევს ესა თუ ის ქმედება. ამოხსნან ბრაზის გამომწვევი მიზეზები. დაეხმარონ შვილს იპოვონ ჯანსაღი გზა ბრაზის შესამსუბუქებლად. ვარჯიშიც კარგი გზაა: სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, გუნდური სპორტი. ხმამაღლა მღერა, ან  მუსიკის მოსმენა, არტთერაპიული აქტივობები: ხატვა, ხელსაქმე, ძერწვა.

დღესდღეობით ძალადობის ფაქტები თინეიჯერებში გახშირებულია, რის ერთ-ერთ მიზეზად მედიაც შეიძლება ჩაითვალოს, ფილმებში, ტელეგადაცემებში ყველა ტიპის ძალადობის „გლამურიზება“ ხდება, ძალადობის შემცველი კადრები გვხდება რეკლამებშიც, ვიდეოთამაშებში და თითქმის ყველგან. მოზარდისთვის, რომელიც ემოციურად  არ არის კარგ მდგომარეობაში და იტანჯება მენტალური პრობლემებით, ამის ნახვა ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს.

ერთ-ერთი გამოსავალი არის მოზარდებისთვის ბალანსირებული ცხოვრების სტილის შეთავაზებაა. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეგულარული ძილისა (8-10 სთ ძილი) და კვების რეჟიმი, ნაკლები დროის გატარება ეკრანთან, სპორტული აქტივობებით წახალისება, საკუთარ თავზე ზრუნვის რუტინის გამომუშავება.

თბილისსა და ქუთაისში არსებული სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი „კომპასი“ სრულიად უფასოდ სთავაზობს რთული ქცევის მქონე მოზარდებს (მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობების პრობლემები; ცხოვრების ინტერესის დაკარგვა; ჩაკეტილობა; დაბალი თვითშეფასება; სუიციდური აზრები; ინტერესების სიმცირე; დამოკიდებულება; კონფლიქტურობა; აგრესია/აუტოაგრესია; სახლიდან გაქცევა და ა. შ.) შემდეგი ტიპის სერვისებს: სოციალური პედაგოგიკა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა; ხეზე კვეთის სესიები; ფოტოგრაფია; არტთერაპიული აქტივობები: ხელსაქმე, ძერწვა, ხატვა; ასევე მოზარდებს შეუძლიათ დაეუფლონ ბარმენის ხელოვნებას; მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ შეჯიბრებებსა და გასვლით ღონისძიებებში. ეს არის ქართულ-შვეიცარიული პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ

თბილისი: ეკა ბეჟანიშვილის შესახვევი #8, ტელ: 599 10 09 40

ქუთაისი: წერეთლის ქუჩა #89 ტელ: 595 58 21 22

officemanager@dcfg.ge

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5