Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ქირურგი, ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი ეთერ მარგალიტაძე. 

Როგორია მშობიარობის შემდგომი პერიოდი ქალისთვის? 

მშობიარობის შემდგომი პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია ქალის ცხოვრებაში. ის იწყება ახალშობილის დაბადებით, სამედიცინო ენაზე მას მშობიარობის მესამე პერიოდის დამთავრების შედეგად  –  სანაყოფე გარსებისა და პლაცენტის დაბადების შემდგომ პერიოდს ვეძახით. მშობიარობის შემდგომი პერიოდი  ზოგადად  მოიცავს 6-8 კვირას, თუმცა  „American College of Obstetricians and Gynecologists“ რეკომენდაციით  მშობიარობის შემდგომი პერიოდი მოიცავს მშობიარობის შემდგომ 12 კვირას. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები. ესენია: 

  • საშვილოსნოს ინვოლუცია – საშვილოსნოს დაპატარავება, რომელიც არის ფიზიოლოგიური პროცესი;
  • ჰორმონალური  ცვლილებები ქალის ორგანიზმში; 
  • სარძევე ჯირკვლების ინტენსიური ფუნქციონირება-ძუძუთი კვების დროს;

მშობიარობის შემდგომ ძირითადი ჩივილებია :

  • საერთო სისუსტის შეგრძნება;
  •  ტკივილები საშვილოსნოს შეკუმშვის დროს – განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს – რადგან ამ დროს გამომუშავდება ოქსიტოცინი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას. 

ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში – ზოგ შემთხვევაში შორისზე  ნაკერის დადებიდან რეაბილიტაციის პერიოდში,  შესაძლებელია გამოვლინდეს  არასასიამოვნო შეგრძნება ჯდომისა და სიარულისას. ხველის და ცემინების დროს ტკივილი შორისის საპროექციოდ. ასევე სისხლიანი გამონადენი საშოდან; საკეისრო კვეთის შემთხვევაში  ტკივილი ჭრილობის არეში; 

ქალებისთვის მშობიარობის შემდგომ პერიოდში ასევე დამახასიათებელია ძუძუსთავების მტკივნეულობა,  ახალშობილის ძუძუთი კვების დროს  – განსაკუთრებით პირველი ერთი კვირის განმავლობაში. ახალშობილის ​ძუძუთი კვების პირველ დღეებში ხშირია  ნახეთქები ძუძუს დვრილზე. 

ორსულობის შემდეგ ქალებში ხშირად აღინიშნება გუნება-განწყობის ცვლილება, მეტად მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ და ხშირად აწუხებთ დაღლილობის შეგრძნება. ჰორმონალური და ფიზიკური ცვლილებების გამო სქესობრივი ცხოვრების სურვილი კლებულობს. აღნიშნული ცვლილებებისთვის სასურველია ქალს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს ორსულობის საწყის ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს წინასწარ მზაოაბას მოსალოდნელი მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია მშობელთა სკოლა, სადაც  ხდება ორსულების ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობისთვის. მრავალწლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა,  რომ ორსულებს, რომელთაც გავლილი ჰქონდათ  მშობელთა სკოლის შესაბამისი კურსი და ფსიქოლოგიურად მომზადებულები იყვნენ, როგორც მშობიარობისთვის, ასევე მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის, ბევრად უფრო გაუადვილდათ მშობიარობა და შემდგომი პერიოდი. 

Მშობიარობის შემდგომ ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ უმნიშვნელოვანესია  ორსულობის დროს დაწყებული ჯანსაღი კვების გაგრძელება, რომელიც როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ფიზიკური კორექციის პროცესის დროულად დასრულებისთვის ძალიან მნიშნელოვანია. მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელი ყაბზობის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ბევრი ბოჭკოვანი, ხილი, ბოსტნეული, მარცვლოვანი.  კვებასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით სითხის/წყლის მიღება (დღის მანძილზე სასურველია მიიღოთ 6-8 ჭიქა წყალი ძუძუთი კვების შემთხვევაში), რაც ლაქტაციის პროცესზეც დადებითად აისახება. ასევე ფიზიკური აქტივობა ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

Რა ცვლილებები ხდება ქალის ორგანიზმში მშობიარობის შემდგომ? 

მშობიარობის შემდეგ  ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები –  საშვილოსნო მცირდება ზომაში, რაც იწვევს ტკივილს მუცლის არეში. საშოდან აღინიშნება სისხლიანი გამონადენი, საშვილოსნოს ყელი და საშო უბრუნდება ორსულობამდელ მდგომარეობას, გარკვეული პერიოდი შორისის არე შეშუპებული და მტკივნეულია. არსებობს  ყაბზობის  და შარდის გაძნელების განვითარების რისკი. იწყება ლაქტაციის პროცესი. 

ძუძუთი კვების დროს არის ჭარბი რაოდენობით სისხლიანი გამონადენი საშოდან. ასევე ტკივილი მუცლის ქვედა არეში (ძუძუს წოვების დროს საშვილოსნოს შეკუმშვის გამო). გასათვალისწინებელია, რომ თუ ნამშობიარევ ქალს არ აღენიშნება მოშარდვის სურვილი, არ აქვს ყოველდღიური კუჭის მოქმედება, აუცილებელია მიმართოს ექიმს.

ქალები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ მშობიარობის შემდგომ მესამე დღეს მკერდში რძის რაოდენობა იწყებს მომატებას. ეს შესაძლებელია გახდეს მასტიტის განვითარების რისკი. სწორედ ამიტომ მელოგინე ინფორმირებული უნდა იყოს ძუძუთი სწორი კვების შესახებ. სწორად წარმართული ლოგინობის პერიოდი იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს ანთება – ენდომეტრიტი და მკერდის პრობლემებიდან  – მასტიტი.

მეძუძური დედების შემთხვევაში მშობიარობის შემდგომ მენსტრუალური ციკლის აღდგენა იწყება 4-12 თვის ვადაში, ხოლო  არამეძუძური დედების შემთხვევაში 3-4 კვირაში. მშობიარობის შემდეგ ქრება ორსულობისთვის დამახასიათებელი ლაქები. ხშირ შემთხვევაში ქალი მშობიარობის შემდეგ  კარგავს 6-8 კილოგრამს. 

Მშობიარობის შემდგომ რამდენ ხანში არის გინეკოლოგთან კონსულტაცია საჭირო და რატომ?

უმნიშნელოვანესია როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე მშობიარობის შედგომ პირად გინეკოლოგთან მჭიდრო კომუნიკაცია. აღნიშნული დაგეხმარებათ მშობიარობის შემედგომ პერიოდთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მიიღოთ კვალიფიციური რეკომენდაციები და თავიდან აიცილოთ ბევრი გართულება. ექიმთან კონსულტირების შედეგად   ტკივილის დროს შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი. აკრძალულია მუცელზე სათბურის დადება. 
მშობირობის შედგომ ქალებს აღენიშნებათ გამონადენი საშვილოსნოდან, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა შეფერილობისაა. კერძოდ:

  • პირველი 5 დღის განმავლობაში გამონადენი  არის წითელი ფერის;
  • შემდგომი  5-12 დღე ის მოვარდისფრო შეფერილობას იღებს;
  • შემდგომ  12-20 დღის განმავლობაში ის თეთრი ფერისაა. 

აღნიშნული გამონადენი შესაძლებელია გაგრძელდეს 6-8 კვირის მანძილზე, რაც აბსოლუტური ნორმაა. ქალების უმეტესობაში გამონადენი წყდება 1 თვეში. ქალებს, რომელიც ძუძუთი კვებას  არ მიმართავენ, უფრო დიდი რაოდენობით აღენიშნებათ გამონადენი.  როგორც წესი, გამონადენის რაოდენობა მატულობს ლოგინიდან წამოდგომისას, ასევე სიმძიმის აწევის დროს, კიბეებზე სიარულის ან ძლიერი ფიზიკური ვარჯიშის შედეგად. გამონადენი არ უნდა შეიცავდეს კოლტებს, არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი – ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ზოგადად გამონადენი პირველი სამი კვირის მანძილზე არ უნდა შეწყდეს. საკეისრო კვეთის შემდეგ გამონადენი მცირეა, მაგრამ მაინც არის.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში შორისის ტკივილის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ საანესთეზიო გელი ან სპრეი ექიმის დანიშნულებით. შვებას მოგგვრით ფეხების ბალიშზე დადება და კეგელის ვარჯიშები. 

მოაწოვეთ ბავშვს ძუძუ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოითხოვს. დაიდეთ თბილი კომპრესები და მიიღეთ თბილი შხაპი. ატარეთ კარგად მორგებული ფართობრეტელებიანი მელოგინის ბიუსჰალტერი. ძუძუდან გამონადენის შემთხვევაში ბიუსჰალტერში ჩაიფინეთ სპეციალური საფენები, რათა ძუძუსთავები მუდმივად მშრალ მდგომარეობაში იყოს. ძუძუს სისავსის განვითარება ხდება 3-5 დღის განმავლობაში, შეიძლება ამან გამოიწვიოს ტემპერატურის აწევა. ასეთ დროს  ჩაიტარეთ სპეციალისტის კონსულტაცია, რათა თავიდან აიცილოთ ძუძუს ანთება – მასტიტი. ყოველდღე დაიბანეთ მკერდი თბილი წყლით და გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით. 


Მშობიარობიდან რამდენ ხანში არის შესაძლებელი ე. წ. სპირალის ჩადგმა?

სპირალის ჩადგმა რეკომენდებულია მშობიარობიდან  ექვსი კვირის შემდეგ. სპირალის ჩადგმამდე აუცილებელია ვიზიტი ექიმთან  იმისთვის, რომ შეფასდეს ქალის მდგომარეობა და შემდგომ  ქალის ჯანმრთელობის გათვალისწინებით იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, სპირალის, როგორც კონტრაცეფციის ერთ-ერთი მეთოდის, გამოყენების  შესახებ.  აუცილებელია  ექიმმა კონტრაცეფციის  სხვადასხვა მეთოდი   დეტალურად განიხილოს ქალთან ერთად. ექიმის რჩევების გათვალისწინებით პაციენტმა  უნდა შეარჩიოს მისთვის ყველაზე შესაფერისი კონტრაცეფციის  მეთოდი. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5