Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რატომ გჭირდებათ მშობიარობის შემდგომი გამოკვლევა?

თქვენი ექიმი გირჩევთ, მიხვიდეთ მასთან მშობიარობიდან 6 კვირაში ორსულობის და მშობიარობის შემდგომ თქვენი ფიზიკური აღდგენის და ემოციური მდგომარეობის  შესაფასებლად. თუ საკეისრო კვეთა გაიკეთეთ, უფრო ადრე, 1-2 კვირაში მოგიწევთ მისვლა, ჭრილობის შეხორცების პროცესის შესამოწმებლად.  

თქვენ შეიძლება ჯერ კიდევ გქონდეთ ორსულობა-მშობიარობასთან დაკავშირებული ტკივილები და კითხვები თქვენი სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე გჭირდებოდეთ სპეციალისტის რჩევები ძუძუთი კვების, კონტრაცეფციის, ვარჯიშის, სექსის და მუშაობის  შესახებ. ზოგიერთი ფიზიკური თუ ემოციური სირთულის გამო დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს და არ დაელოდოთ 6 კვირის გასვლას.

ექიმთან განსახილველი თემები

თქვენ შეგიძლიათ ექიმს დაუსვათ ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაგიჩნდათ ბოლო 6 კვირის განმავლობაში. წინასწარ ჩამოწერეთ კითხვები ბლოკნოტში ან თქვენს ტელეფონში, რადგან ძილის ნაკლებობის გამო შეიძლება მეხსიერების პრობლემები გქონდეთ. თქვენი სპეციფიკური პრობლემების გარდა, ექიმი სავარაუდოდ წამოაყენებს ამ თემებს: ნებისმიერი გართულება, რაც ორსულობის ან მშობიარობის დროს გქონდათ, რა გავლენას მოახდენს ისინი მომავალ ორსულობებზე ან თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ რამე კითხვა გაქვთ თქვენს მშობიარობასთან დაკავშირებით და ადრე ვერ ჰკითხეთ, ახლა ამისთვის ძალიან კარგი დროა.

მოუყევით თქვენი ფიზიკური სიმპტომების შესახებ, გაქვთ თუ არა ისევ სისხლდენა, დისკომფორტი მუცლის ღრუში ან ვაგინალური ტკივილი, შარდის ან ანალური შეუკავებლობა, მკერდის ტკივილი. ბავშვს ძუძუთი კვებავთ თუ არა და თუ კი – როგორ გამოგდით?

დაელაპარაკეთ ექიმს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ და შეარჩიეთ მეთოდი, რომელიც მისაღები იქნება თქვენთვის.

ნორმალურია, რომ  სექსი განაახლოთ. მაგრამ თუ ამის სურვილი არ გაქვს, თავს ძალას ნუ დაატანთ და დაელოდეთ, სანამ ამისთვის მზად იქნებით.

დიეტა და ვარჯიშები, განსაკუთრებით კი კეგელის ვარჯიშები ხელს შეუწყობს თქვენი მენჯის კუნთების გაძლიერებას.

რა ხდება თქვენი გასინჯვის დროს?

– ექიმი შეამოწმებს თქვენს წონას და არტერიულ წნევას.

– ექიმი შეამოწმებს თქვენს მუცელს, რომ დარწმუნდეს ის არ არის რბილი. ასევე დაათვალიერებს  ჭრილობას, თუ ნაკეისრალი ხართ.

– ექიმი შეამოწმებს თქვენს მკერდს, ხომ არ გაქვთ სიწითლე, ჩამაგრებები, გაღიზიანებული ძუძუსთავები ან პათოლოგიური გამონადენი.

– ექიმი დაათვალიერებს თქვენს გარეთა სასქესო ორგანოებს შორისის ჩათვლით. თუ მშობიარობისას დაგჭირდათ ჩაჭრა, გასინჯვისას ის შეამოწმებს, ხომ არ არის რაიმე პრობლემა დარჩენილი.

– გინეკოლოგიური სარკის მეშვეობით ექიმი შეამოწმებს თქვენს ვაგინას და საშვილოსნოს ყელს. თუ ამის დროა, ჩაგიტარებთ პაპ ტესტს, რომელიც საჭიროა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების გამოსავლენად და ყველაზე ეფექტური იარაღია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის. 

– ჩაიტარეთ მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია, რათა დარწმუნდეთ, რომ საშვილოსნო დაუბრუნდა ნორმალურ ზომას და საშვილოსნოს ყელი და საკვერცხეებიც ჩვეულებრივად მუშაობენ.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5