მშობიარობის შემდგომი გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის ირაციონალური შიში ან გადაჭარბებული ღელვა იმის გამო, რომ რაღაც რიგზე არ არის და, როგორც წესი, მოიცავს მთელი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად და ბევრ სხვადასხვა საკითხზე ფიქრს. ეს ჩვეულებრივი შფოთვის მსგავსია, მაგრამ უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვის დაბადებასთან და მშობლობასთან.
ყველა ორსულმა ან ახალმა დედამ არ იცის, რომ უკიდურესი შფოთვის ან შიშის განცდა, ან თუნდაც პანიკის შეტევები, შეიძლება თითქმის ისეთივე ხშირი იყოს მშობიარობის შემდეგ, როგორც სევდა და დეპრესია. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მქონე ქალების დაახლოებით ნახევარი ამავდროულად შფოთვას განიცდის. ახალნამშობიარევი ქალების დაახლოებით 10-15%-ს აწუხებს მშობიარობის შემდგომი შფოთვა.
მშობიარობის შემდგომი შფოთვითი აშლილობის სიმპტომები
- ძლიერი შიში ან საფრთხის შეგრძნება;
- გამუდმებული, შემაწუხებელი აზრები, რომლებიც სწრაფად ცვლის ერთმანეთს;
- ზღვარზე ყოფნის მუდმივი განცდა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს;
- გადაჭარბებული ღელვა ბავშვის ჯანმრთელობაზე, განვითარებაზე ან უსაფრთხოებაზე;
- გადაღლილობა პასუხისმგებლობით, სტრესითა და კარგი მშობლობაზე ღელვით;
- მუდმივი ღელვა ან აღგზნებულობა;
- უძილობა ან ჩაძინების გაძნელება, მიუხედავად დაღლილობისა;
- გულისცემისა და სუნთქვის ცვლილებები;
- პანიკის შეტევები;
- გულისრევა;
- თავბრუსხვევა;
- კანკალი;
- შემცივნება და/ან წამოხურება.
რა განასხვავებს მშობიარობის შემდგომ შფოთვით აშლილობას მშობლობის შფოთვისგან?
მშობიარობის შემდგომი შფოთვა უფრო ძლიერი განცდაა, ვიდრე ახალი მშობლის ღელვა. ასევე, ის უფრო მტკიცეა და როგორც წესი, არ ეფუძნება რაიმე რეალურ პრობლემას ან საფრთხეს.
მაგალითად, მშობიარობის შემდგომი შფოთვითი აშლილობის მქონე დედამ შეიძლება იფიქროს, რომ მისი ბავშვი ნორმალურად არ ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ამის საბაბი არ არსებობს. ან შეიძლება ეშინოდეს, რომ ბავშვი ყოველთვის ტკივილის გამო ტირის, მიუხედავად იმისა, რომ ტირილი ბავშვის კომუნიკაციის საშუალებაა. ასევე, ზოგიერთი დედა მუდმივად აყურადებს ბავშვის სუნთქვას და ეშინია, რომ ის შეიძლება შეწყდეს. ზოგს აქვს შიში, რომ ვიღაც აპირებს სახლში შეჭრას და მისი მძინარე ბავშვის გატაცებას, ან სჯერა, რომ მისი შვილი ავად არის და არაერთხელ ურეკავს პედიატრს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი სავსებით ჯანმრთელია.
მშობიარობის შემდგომი შფოთვითი აშლილობის მიზეზები
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მშობიარობის შემდგომი შფოთვის ერთი მიზეზი, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც ზრდის ამ მდგომარეობის განვითარების ალბათობას:
- ძილის ნაკლებობა;
- ჰორმონალური ცვლილებები;
- პაწაწინა, უმწეო ბავშვის მოვლის სტრესი;
- პარტნიორთან ურთიერთობაში ცვლილებები;
- საზოგადოების ზეწოლა ახალ დედებზე და მოლოდინი, რომ ის უნდა იყოს „იდეალური“;
- პიროვნების ტიპი – ძალიან მგრძნობიარე ქალები შესაძლოა უფრო მიდრეკილნი იყვნენ მშობიარობის შემდგომი შფოთვისკენ;
- შფოთვის ან/და პანიკის შეტევების ისტორია;
- გუნება-განწყობის დარღვევების პირადი ან ოჯახური ისტორია;
- წარსულში მუცლის მოშლა ან მკვდრადშობადობა;
- ნაადრევი მშობიარობა ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის გაჩენა;
რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობის შემდგომი შფოთვა?
მშობიარობის შემდგომი შფოთვისგან გამოჯანმრთელების საბოლოო ვადა არ არსებობს, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ის მუდმივი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწრაფად დაწყება.
ნუ დაიტანჯებით მარტო – დახმარების თხოვნა არის პირველი ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ და საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი თავისთვის და თქვენი პაწაწინა შვილისთვის. მხარდამჭერ მეგობართან ან ოჯახის წევრთან საუბარი შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დაეხმაროს ახალ დედას მსუბუქი შფოთვით. მსუბუქიდან ზომიერი შფოთვის დროს კარგად მოქმედებს ფსიქოთერაპია ან კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ისეთ მეთოდებთან ერთად, როგორიცაა მედიტაცია, რელაქსაციის ვარჯიშები და „მაინდფულნესი“.
საშუალო და მძიმე შემთხვევებს, როგორც წესი, მკურნალობენ თერაპიით და მედიკამენტებით, ყველაზე ხშირად ანტიდეპრესანტების და შფოთვის საწინააღმდეგო ჯგუფის პრეპარატებით, რომლებიც ცნობილია როგორც SSRI (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები). ისინი უსაფრთხოდ ითვლება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
მკურნალობის სწორი მეთოდით, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერით, მშობიარობის შემდგომი შფოთვის დამარცხება შესაძლებელია. და როდესაც დედა ამას გააკეთებს, საბოლოოს შეძლებს დატკბეს საკუთარი შვილის განვითარების ცქერითა და მშობლობით.
წყარო: www.whattoexpect.com