მას შემდეგ, რაც ბავშვის გაჩენა გადაწყვიტეთ, ალბათ თქვენმა საპასუხისმგებლო საქმეებმა ერთიორად მოიმატა. და რადგან ისინი არასდროს მთავრდება, შესაძლებელია გქონდეთ დანაშაული შეგრძნება და თავს გრძნობდეთ ცუდ მშობლად. ეს განცდები ნორმალურია და მშობლების უმრავლესობა დროდადრო განიცდის მათ, თუმცა თუ ხვდებით, რომ ეს დანაშაულის შეგრძნება ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებობს მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ ამასთან გამკლავებაში.
მშობლობასთან დაკავშირებული დანაშაულის განცდის დროს დედებს ან მამებს აქვთ შეგრძნება, რომ როგორც მშობლები, არ აკეთებენ საკმარისს. ეს ფიქრები შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს. თუმცა როგორც წესი, მძაფრდება დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ, როდესაც მშობლებს უწევთ სამსახურისა და სახლის საქმეების შეთავსება, ამასთანავე არასასურველ მოსაზრებებთან გამკლავება მათ არჩევანთან დაკავშირებით.
ასევე, მშობლობასთან დაკავშირებული დანაშაულის განცდა ჩნდება, როცა მშობლებს უჭირთ საკუთარი და ბავშვების საჭიროებებს შორის ბალანსის დაცვა. მაგალითად, დედები ხშირად იდანაშაულებენ თავს, როდესაც უპირატესობას ანიჭებენ თვითმოვლას ან ბავშვების გარეშე მიდიან სადმე.
დანაშაულის განცდა გარკვეულწილად ნორმალურია, თუმცა უკვე პრობლემაა, როცა ეს საშუალებას არ გაძლევთ დატკბეთ თქვენი შვილის ყოველდღიური მიღწევებით, რადგან მაგალითად იმაზე ფიქრობთ, რომ ვერ მოახერხეთ სარეცხის დახარისხება. გაუკონტროლებელი ბრალეულობის განცდა შესაძლებელია იყოს სახიფათო და მიგიყვანოთ არაჯანსაღად ქცევამდე და დეპრესიამდე.
როგორ გავუმკლავდეთ მშობლობასთან დაკავშირებულ დანაშაულის განცდას?
უპირველეს ყოვლისა, დაეხმარეთ საკუთარ თავს.
თვითმფრინავში მშობლებს ურჩევენ, ჯერ თავად მოირგონ ჟანგბადის ნიღაბი და შემდეგ გაუკეთონ ბავშვს. ბოლოს და ბოლოს, თუ თავად ვერ სუნთქავთ, როგორ შეძლებთ დაეხმაროთ სხვას? ამიტომ, განაზოგადეთ ეს რჩევა და მიეცით საკუთარ თავს მცირეოდენი ჰაერი – იქნება ეს მეგობრების მონახულება თუ ახლომდებარე სტადიონზე ნახევარი საათით სეირნობა. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ერთ-ერთი საუკეთესო გზაა თქვენი ბავშვების შესაყვარებლად.
ითხოვეთ დახმარება.
იმისათვის, რომ საკუთარი თავისთვის დრო გქონდეთ, გაუნაწილეთ პარტნიორს ან ახლობელ ადამიანს, თქვენი საქმეები.
გარს შემოიკრიბეთ მხარდამჭერი ხალხი, დანარჩენებისგან თავი შორს დაიჭირეთ.
ნორმალურია, თავი აარიდოთ ადამიანებს (თუნდაც ახლობლებს), რომლებიც განგსჯიან და თავს დამნაშავედ გაგრძნობინებენ.
გააცნობიერეთ არარაციონალური ფიქრები.
მშობლობასთან დაკავშირებული არაჯანსაღი დანაშაულის განცდის კლასიკური მაგალითია სამსახურში დაბრუნებისას განუწყვეტლივ წუხილი იმის გამო, რომ ბავშვისგან შორს ყოფნა ზიანს აყენებს მის განვითარებას. ეს ასე არ არის. ენდეთ იმ ადამიანს, ვინც მას უვლის, როცა თქვენ მუშაობთ და გახსოვდეთ, რომ ბავშვების უმეტესობა ჰარმონიულად ვითარდება მაშინაც კი, როდესაც ორივე მშობელი მუშაობს სრულ განაკვეთზე.
თავი აარიდეთ ტრაბახს.
მშობლები ხშირად ტრაბახობენ თავიანთი შვილებით და ადვილია, ამ თამაშში ჩართვა. ამიტომ თავი შეიკავეთ ასეთი საუბრებისგან, რადგან ბავშვების შედარება ხშირად იწვევს იმის შეგრძნებას, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებთ. შემდეგ ჯერზე, როდესაც ზოგიერთ დედას მოუნდება გაიგოს, თუ რამდენად ადრე დაიწყეს ლაპარაკი თქვენმა ბავშვებმა ან რამდენ წლამდე გააგრძელეთ ძუძუთი კვება, თავაზიანად შეცვალეთ საუბრის თემა. გახსოვდეთ, რომ თქვენ და თქვენი ბავშვი უნიკალურები ხართ.
გაუფრთხილდით თქვენს რომანტიკულ ურთიერთობას.
რა თქმა უნდა, ბავშვს უფრო დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ყოველთვის გამონახეთ თუნდაც 5 წუთი პარტიორთან ჩასახუტებლად. ბავშვები თქვენზე დაკვირვებით სწავლობენ ურთიერთობების შესახებ.
გაესაუბრეთ პროფესიონალს.
იმისათვის, რომ მშობლობასთან დაკავშირებული დანაშაულის განცდა მართოთ და ისიამოვნოთ საკუთარი ცხოვრებით, შესაძლებელია დაგეხმაროთ საუბრის თერაპია სპეციალისტთან.
წყარო: www.whattoexpect.com