პანდემიის დროს მშობლების პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა და მათ წინაშე უამრავი გამოწვევა დადგა. რა ფაქტორები იწვევს მშობლობის სტრესს და როგორ უნდა მართონ სტრესი მშობლებმა? – “დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე.
გვესაუბრეთ, რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს მშობლის სტრესი.
სტრესის გამომწვევი პირველი ფაქტორი არის მშობლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ასევე – მშობლის ხასიათი და მისი ემოციური მდგომარეობა. მეორე ფაქტორი გახლავთ – სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც იგულისხმება ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები – ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ა.შ. რომლებიც მხარში უდგანან მშობელს. ასეთ დროს შეიძლება ვილაპარაკოთ პასუხისმგებლობის და მოვალეობის გადანაწილებაზე, მაგ. ერთ-ერთი მშობელი და ხშირად ეს დედა არის ხოლმე, უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს და მეტი ვალდებულება მას აკისრია. ასეთ დროს დედას შეიძლება კარიერაც ჰქონდეს, მაგრამ სახლის საქმეებიც სრულად მისი გასაკეთებელი გახდეს; ასეთ დატვირთვას ის შეიძლება ვერ უმკლავდებოდეს და ამან გამოიწვიოს სტრესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჰყავდეს მას დამხმარეები, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. სტრესის გამომწვევი მესამე ფაქტორია, როდესაც მშობელს ჰყავს ბავშვი, რომელსაც აქვს სამედიცინო, ქცევითი ან ემოციური პრობლემები და ასეთ დროს მშობელს უჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება. მეოთხე და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მარტოხელა მშობლობა. ამ დროს მშობელს მარტო უწევს ყველა პასუხისმგებლობის აღება. სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის ყოლამ, რადგან ამ დროს ბავშვი ჩვენს სრულ ყურადღებას და ინტენსიურ ზრუნვას საჭიროებს. სტრესის დროს თუ მშობელი ხშირად არის დათრგუნული, თვლის რომ ცუდი მშობელია და არასრულფასოვნების განცდა უჩნდება, რომ საკმარისს არ აკეთებს მისი ოჯახისთვის და შვილებისთვის, ასეთი ფიქრები კარგს არაფერს არ მოიტანს მისთვის. ეს განცდა იწვევს დანაშაულის გრძნობას და იკვრება დახურული წრე. ყველა ეს გრძნობა, დანაშაულის განცდა, არასრულფასოვნების განცდა კიდევ უფრო მეტად ამწვავებს მდგომარეობას და სტრესს. მშობლის ფსიქო-ემოციური კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანი არის არამხოლოდ მისთვის, ზოგადად ოჯახის ფუნქციონირებისათვის, რადგან სტრესული მდგომარეობა პირდაპირპროპორციულად აისახება ბავშვზე და მის აღზრდაზე.
რაში უშლის სტრესი ხელს მშობელს და როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი?
როდესაც მშობელი სტრესს განიცდის, ამ დროს წყდება შვილის და მშობლის ემოციური კავშირი, (იგულისხმება ტვინის სინქრონული კავშირი, რომელიც მშობელსა და შვილს აკავშირებს დაბადებიდან), რაც ხელს უშლის მას, გაუგოს ბავშვს და შევიდეს ბავშვის მდგომარეობაში. სტრესის დროს მშობლის რეაქცია ბავშვის ქცევაზე ვლინდება ორგვარად: შეიძლება ძალიან მწვავედ გამოხატოს რაიმეზე რეაგირება, მაგ. აფეთქდეს, წყობიდან გამოვიდეს და მეორე: გახდეს ჩაკეტილი და ემოციურად ცივი, საერთოდ განერიდოს ბავშვს და ორივე ეს მდგომარეობა ბავშვზე არც ისე დადებითად აისახება. სტრესის, გადაღლის და დაქვეითებული ემოციური მდგომარეობის დროს მშობელი ნაკლებ მგრძნობიარეა, შესაძლოა უხეშიც იყოს, მბრძანებლურიც ან პირიქით, ემოციურად ჩაკეტილი და გულგრილი. როდესაც ადამიანი არის სტრესში, აპათია იქნება ეს თუ დაქვეითებული გუნება-განწყობილება, ეს განწყობა გადადის მის გარშემო მყოფ ადამიანებზე. ყველაზე მოწყვლადი ამ მხრივ არიან ბავშვები. სულ პატარა ჩვილი ბავშვიც კი გრძნობს, როდესაც დედა სტრესშია და ცუდად გრძნობს თავს.
რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის, როგორ უნდა მართონ დამოუკიდებლად სტრესი და საკუთარი ფსიქო–ემოციური მდგომარეობა?
ძალიან მნიშვნელოვანი არის გადაფასება სიტუაციის, სხვა რაკურსით დანახვა, ფსიქოლოგები ამ სტრატეგიას “რეფრეიმინგს” ვეძახით. ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება პოზიტიურად დავინახოთ ან ნეგატიურად. შეიძლება ვიფიქროთ ასე: პანდემიამ ბევრ სირთულესთან ერთად მოგვიტანა ერთად ყოფნისთვის დრო და ვეცადოთ გავაუმჯობესოთ ეს ხარისხი. სტრესის დროს მნიშვნელოვანია სოციალური მხარდაჭერა, იქნება ეს თემის, ოჯახის თუ მეგობრების სახით. სტრესის მართვის დროს მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც, ეს არის ნეგატიური აზრების და ფიქრების შემცირებაზე მუშაობა, რადგან სტრესის დროს ადამიანები უმეტესად ცუდზე ფიქრობენ. თუ თინეიჯერი შვილი ვერ მოვიდა დროულად სახლში, მშობელი ამ დროს არ ფიქრობს, რომ მისი შვილი მეგობრებთან ერთობა, ის ფიქრობს ძალიან ცუდზე, რომ რაღაც შეემთხვა და რაღაც მოუვიდა. სტრესის დროს უნდა ვეცადოთ, რომ შევამციროთ ნეგატიური ფიქრების მიღება, დროის მართვა შევძლოთ, ნაკლებად გამოვიყენოთ ტელევიზია და სოციალური მედია, ასევე შევამციროთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტი, თუ ამ ურთიერთობებით ჩვენ ვიღებთ ნეგატიურ ინფორმაციას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოვახდინოთ დადებითზე, რადგან ამ დროს გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ებრძვის სტრესს და ადამიანი უკეთ გრძნობს თავს.