ალბათ, მშობლებს ერთხელ მაინც (ჰა-ჰა, ერთხელო) გვქონია სიტუაცია, როცა ბავშვს ჩვენს მკლავებში დაუძინია. ამ დროს გადაწვენას ვერ ვბედავთ, რადგან შეიძლება გაიღვიძოს და ამასთანავე ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გვშია კიდეც და ტუალეტშიც გვინდა. გთავაზობთ ფიქრებს, რომლებიც მძინარე ბავშვის ხაფანგში მომწყვდეულ მშობლებს მოსდით თავში:
„ტელეფონი ჯდება? არაააა!“ – ერთადერთი, რაც თქვენს მომაკვდავ ტელეფონზე უარესი სანახავია, არის ბოლომდე დატენილი ტელეფონი, ოღონდ ოთახის მეორე კუთხეში.
„ჩემი შარდის ბუშტი შეიძლება გასკდეს!“ – ზოგჯერ, მთელი დღე ვერც ვგრძნობ, რომ მოშარდვა მინდა, სანამ მძინარე ბავშვით არ აღმოვჩნდები სავარძელში რამდენიმე საათით გამომწყვდეული. შესაძლოა, შარდის ბუშტის გადავსების შეგრძნება ბავშვის სიმძიმის ან სითბოს ბრალია?
„ახლა სხვა რამეს უნდა ვაკეთებდე“ – მუშაობა, დალაგება, სადილის მომზადება, ჭამა, ღმერთო ჩემო, ბოლოსდაბოლოს ცხელი ყავის დალევა… ბავშვის დღის ძილი ერთადერთი ნაყოფიერი დროა ჩემს განრიგში, როცა შემიძლია საქმეებს შევუდგე ისე, რომ პატარა არსება არ მიხმობდეს ან მებლანდებოდეს ფეხებში.
„გავბედო და გადავაწვინო?“ – თუ ადრე გადავაწვენ, შეიძლება გამოიღვიძოს, ისე შემომხედოს, თითქოს ვცემე და ატირდეს. თუ გვიან გადავაწვენ, ალბათ, გამოფხიზლდება და ზედმეტად დასვენებული იქნება იმისთვის, რომ ძილი გააგრძელოს.
„გნებდები, შვილო!“ – ვცადე გადაწვენა, გაიღვიძა, ისევ ჩემზე დაიძინა და ასე უნდა ვიყოთ გაღვიძებამდე. მანამდე თუ მოვასწარი ტელეფონის ან წიგნის ხელში აღება, ბედნიერი ვიქნები.
“ოდესმე, ამის გაკეთება აღარ შემეძლება”. როდესაც ბავშვი ჩემს მკერდზე ან კალთაში იძინებს, იმედგაცრუების განცდა მიჩნდება. ვფიქრობ, ოდესმე გავთავისუფლდები ამ პატიმრობიდან? ასეთ დროს ღრმად ვსუნთქავ და თავს ვახსენებ, რომ ეს ეტაპი სამუდამოდ არ გაგრძელდება. სანამ ამას გავიგებ, ჩვენი ცხოვრების ეს დრო გაივლის – და იქნებ ცოტაც კი მომენატროს. ამ ფიქრებში გართული ვიკრავ ჩემს ტკბილ პატარას გულში, ზურგზე ვეფერები და ვტკბები ამ მომენტით.
წყარო: www.babycenter.com