უფროსი მასწავლებელი, 2 წლის ბავშვის დედა დიანა მაკალათია გვიყვება, რატომ არის სასარგებლო ბავშვებისთვის მულტფილმების ყურება და გვიზიარებს რამდენიმე შემეცნებით და სახალისო მულტფილმს.
რატომ უნდა უყურონ ბავშვებმა მულტფილმებს?
ყველა ასაკის ბავშვი სიამოვნებით და დიდი ინტერესით უყურებს მულტფილმებს. თუმცა, საყურადღებო საკითხია ის, თუ რომელი ასაკიდან რისი ყურება არის რეკომენდებული.
როგორც წესი, საგანმანათლებლო მულტფილმების ყურება დაკვირვებისა და ფიქრის უნარების განსავითარებლად საუკეთესო საშუალებაა, ბავშვს მულტფილმები ეხმარება შეიცნოს სამყარო, გაეცნოს გეოგრაფიას, მეცნიერულ ფაქტებს და ა.შ. მასში ასახული ამბები არამხოლოდ მორალურ ნარატივს შეიცავენ, არამედ მოგვითხრობენ კულტურულ ხედვებსა და ისტორიულ ამბებზეც. ასე რომ, მათ გართობის გარდა საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვთ.
დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალეს სწავლების გზები. საბავშვო ანიმაციებმა, აპლიკაციებმა თუ თამაშებმა პატარებს მისცა შესაძლებლობა შემეცნებითი უნარების უკეთ განვითარების.
რა სარგებელი მოაქვს საგანმანათლებლო სახის მულტფილმს?
ღირებულებების გადაცემა – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფილმებს შეუძლიათ სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ემოციური ღირებულებების გადაცემა ადამიანებისთვის. თუმცა, მშობელმა სწორად უნდა განსაზღვროს ეს ღირებულებები რამდენად შეესაბამება დღევანდელობას და რამდენად რელევანტურია მისთვის. მაგალითად, ბევრი მულტფილმი შეიცავს ძალადობის ამსახველ სიუჟეტებსა თუ გენდერულ სტერეოტიპებს: გოგოებს პრინცესებად (აქცენტი მხოლოდ გარეგნობაზე), ბიჭებს კი გმირებად წარმოგვიდგენს (აქცენტი გონებრივ და ფიზიკურ სიძლიერეზე). ამიტომ, საჭიროა დაკვირვებით ავარჩიოთ, თუ რას ვაყურებინებთ ჩვენს შვილებს.
სხვადასხვა უნარის განვითარება – მთავარ პერსონაჟთან თავის გაიგივება ეხმარება ბავშვს აღქმითი, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში. ის აძლიერებს ემპათიის, პრობლემის გადაჭრის უნარს. მულტფილმები ინტელექტუალური, კოგნიტიური და ლინგვისტური უნარების განვითარების წყაროსაც წარმოადგენენ. ასევე მნიშვნელოვნად ავითარებენ წარმოსახვისა და შემოქმედებითობის უნარს, რაც დამხმარე საშუალებაა მასალის სწრაფი ათვისებისთვის.
ემოციების კონტროლი – ეს ყველაზე სასარგებლო რამაა, რასაც ფილმებიდან ვსწავლობთ, გმირებთან იდენტიფიკაციით ბავშვი ემოციების აღქმას სწავლობს, რაც მომავალში მათზე კონტროლის საშუალებას მისცემს.
ვიზუალური კულტურის, ხელოვნების გაცნობა – ფილმის ყურებით ბავშვი სწავლობს კადრის აღქმას, ვიზუალურ კომუნიკაციას, რაც ეხმარება მას მხატვრული სიუჟეტის წაკითხვასა და გაანალიზებაში.
სენსიტიურობა – უმეტესობა მულტფილმებისა ვიზუალურ და ხმოვან ეფექტებს შეიცავს, რაც სენსიტიურობას ასტიმულირებს. ფილმისგან მიღებული ემოციური გაკვეთილები ბავშვებს ამახსოვრდებათ და ხშირად ისეთი მოვლენების დაფასებას იწყებენ, რასაც ადრე ინდიფერენტულად უყურებდნენ.
გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – ექსპერტების აზრით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის ეკრანის ყურება სასურველი, რადგან ის იწვევს ეკრანდამოკიდებულებას, ამასთან ერთად ამ ასაკის ბავშვებს შინაარსის გაგება ნაკლებად შეუძლიათ, მხოლოდ ფერებს, ხმებსა და ნახატებს აღიქვამენ. ეკრანის ხშირი ყურებით პატარები ხდებიან პასიურები, კარგავენ ინტერესს გარესამყაროს მიმართ და აკლდებიან იმ ცოცხალ აქტივობებს, რაც მათთვის საჭირო და აუცილებელია ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. ეკრანთან მიჯაჭვულობა მათ ხდის ასევე აგრესიულებს, მიმდინარეობს სოციალური უნარების დაქვეითება. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ პრობლემები ბაღსა თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ ასაკი, ფილმის შინაარსობრივი მხარე და ასევე განვსაზღვროთ დრო, თუ რამდენ საათს გაატარებენ ბავშვები ეკრანებთან. შემოგთავაზებთ მულტფილმებს, რომლებიც სასარგებლო იქნება თქვენი შვილის განვითარებისთვის.
საგანმანათლებლო ტიპის მულტფილმები ბავშვებისთვის 3 წლიდან
- ვინი პუჰის თავგადასავალი (Winnie The Pooh)
ასაკი 3+
მულტფილმიდან ბავშვი სწავლობს, თუ რა არის სიკეთე, როგორ გამოიხატება მისი არსი და როგორ გახდნენ ამ თვისების მატარებელნი.
რას ნიშნავს განსხვავებულის მიმღებლობა და პატივისცემა. პატარები 2 წლიდან იწყებენ იმის დანახვას, რომ ყველა ადამიანი რაღაცით განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ მულტფილმიდან ისინი უკეთ გააცნობიერებენ, რომ განსხვავებულობა ნორმალურია და დასაფასებელი.
- ყოველი დღე შეიძლება იყოს ლამაზი და საინტერესოა, ამიტომ უნდა ვისწავლოთ თითოეული დღის დაფასება, გვქონდეს მადლიერების განცდა – რადგან სწორედ ეს გვასწავლის, თუ როგორ ვიყოთ ბედნიერები.
მულტფილმი ასევე ასწავლის პატარებს იმას, რომ საოცრებები ხდება, ამიტომ რწმენა მნიშვნელოვანია.
რას ნიშნავს იყო კარგი მსმენელი? ეს ნიშნავს მოუსმინო ყურებით, თვალებით, გონებითა და გულით.
2. სნუპის თავგადასავალი ( The Peanuts Movie)
ასაკი +4 წლიდან
ფილმი გვასწავლის თუ რატომ არის ხშირად მოთმინება და შეუპოვრობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამარჯვება?
- რა ჯობია იყო პოპულარული, თუ აკეთო სწორი საქმე?
- რატომ არ უნდა შევაფასოთ ადამიანები ერთი დანახვით?
- რამდენად გამართლებულია ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრი?
- რა არის ბულინგი?
3. დამბო (Dumbo)
ასაკი 4 წლიდან
მულტფილმი ასწავლის პატარებს საკუთარი თავის რწმენასა და მიმღებლობას, მეგობრობას.
4. პონიო (Ponyo)
ასაკი 4+
პონიო 2008 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმია, ფილმის რეჟისორია ცნობილი იაპონელი მულტიპლიკატორი ჰაიაო მიაძაკი. ანიმაცია, რომელიც ალეგორიებითაა დატვირთული 5 წლის ბიჭსა და პრინც ოქროსთევზის მეგობრობაზე მოგვითხრობს. ბავშვები ფილმიდან სწავლობენ პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე გარემოს დაცვისა და მასზე ზრუნვის აუცილებლობაზე. ფილმი გვიჩვენებს თუ როგორი აუცილებელია მზრუნველობა, სხვისი პატივისცემა, დაფასება, პატიება, სიკეთე, სიყვარული.
5. მეფე ლომი (King Lion)
ასაკი 5+
ეს ანიმაციური ფილმი ასწავლის ბავშვებს, თუ როგორ ირწმუნონ საკუთარი თავის და სჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოუვათ. რეჟისორს სურდა ეჩვენებინა, რომ არაფერია სამყაროში შეუძლებელი.
ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს ახასიათებთ სულსწრაფობა, როცა რაღაც უნდათ, ითხოვენ სასწრაფოდ მის დაკმაყოფილებას, მაგრამ ცხოვრება ყოველთვის იმწამსვე არ გვაძლევს იმას, რაც ჩვენ გვსურს და გვჭირდება დიდი მოთმინების გამოჩენა. ანიმაცია სწორედ ამას გვასწავლის. ასევე გვიყვება იმის შესახებ თუ როგორი კანონზომიერებებისგან შედგება სამყარო – ბავშვები ფილმში ასახული მაგალითებისგან ისწავლიან გარემოსა და გარშემომყოფების დაფასებას.
ფილმი ასევე ისეთი მორალური იმპერატივების შესახებ გვიყვება, რაც ბავშვის მომავალი სოციალური თუ კულტურული განვითარებისთვის აუცილებელია.
მნიშვნელოვანი შეგონებები:
თავდაჯერებულობა არ ნიშნავს იყო მჩაგვრელი. თუ გინდა იყავი ლიდერი ისე, რომ სხვა არ დაჩაგრო.
ყოველთვის ვთქვათ სიმართლე და ვიცხოვროთ ტყუილის გარეშე.
6. ბემბი (Bambi)
ასაკი 5+
ბავშვები ამ მულტფილმიდან სწავლობენ ცხოვრების შესახებ. რომ ის სავსეა პრობლემებით, გამოწვევებით. წარმატების მიღწევა მხოლოდ დიდი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგადაა შესაძლებელი.
7. შარლოტის ქსელი (Charlottes Web)
ასაკი 5+
ეს ფილმი დაფუძნებულია ე.ბ. უაითის ეს შესანიშნავ ნოველაზე, რომელიც ქართულ ენაზეც არის თარგმნილი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, წიგნი შეუძლიათ წაიკითხონ ბავშვებმა 7 წლის ასაკიდან. „შარლოტის ქსელი“ ჯადოსნური სამყაროა, რომლის ნაწილიც პატარა გოგონა, სახელად ფერნი ხდება. ის დიდ დროს ატარებს გოჭ უილბურთან და მის მეგობრებთან, რომლებიც ბოსელში ცხოვრობენ. ფილმი მოგვითხრობს ცხოველებისა და ადამიანების მეგობრობაზე და ასწავლის ბავშვებს დააფასონ განსხვავებულობა, ინდივიდუალიზმი. წიგნიც და ფილმიც რამდენიმე რჩევას გვიზიარებს:
• არასოდეს გახდე ამპარტავანი, ნუ შეხედავ სხვას ქედმაღლურად.
• შეეგუე წაგებას, მაგრამ არასდროს დაივიწყო ის.
• გამოიჩინე თანაგრძნობა.
• როცა საჭიროა, მიეცი ადამიანებს შანსი.
8. სუპერ ოჯახი (Incredibles)
ასაკი 6+
ეს ანიმაციური ფილმი სუპერგმირებზეა, რომელიც ბავშვებს ასწავლის ადამიანების, ოჯახის წევრების დაფასებას და იმას, რომ ყოველთვის შეუძლიათ დაეყრდნონ ოჯახს.
რას გვასწავლის ფილმი:
• არასოდეს დაამცირო სხვა
• დააფასე ადამიანები
• ნუ იხედები უკან წარსულში, იყურე წინ, არ შეგეშინდეს რისკების.
• წვრილმანებსაც შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა
• არ შეგეშინდეს იყო ის, რაც ხარ, ყველას აქვს სისუსტეები.
9. სათამაშოების მაღაზია (Toy Story)
ასაკი 6+
ფილმი პატარებს ასწავლის საკუთარი თავის რწმენას, ადამიანების მიმღებლობას მათი განსხვავებულობის მიუხედავად, ასევე გვიყვება მეგობრების შეძენის აუცილებლობაზე.
10. უხსოვარი დროის დედამიწა ( The Land Before Time)
ასაკი 6+
ფილმი უძველესი დროის დედამიწის შესახებ მოგვითხრობს. ბავშვისთვის ეს მულტფილმი საგანმანათლებლო ხასიათისაა, რადგან გაეცნობა გეოგრაფიულ მოვლენებს, მეტს შეიტყობს ვულკანებსა და კატაკლიზმებზე და ზოგადად ჩვენი პლანეტის შესახებ. ფილმი თავისი სიუჟეტით ძალიან საინტერესოა, რადგან მასში წარმოუდგენელი თავგადასავლებია აღწერილი.
ამ ათეულის გარდა თქვენს პატარებს ვურჩევ სხვა მულტფილმებსაც, რომელიც რეკომენდებულია 6 წლიდან.
1. ზვიგენების ამბავი (Shark Tale)
2. დიდი კეთილი გოლიათი ( The BFG)
3. ბეიბი (The Babe)
4. ნემო (Nemo)
5. ჩემი ძაღლი სკიპი (My Dog Skip)
6. ჩემი მეზობელი ტოტორო ( My Neighbor Totoro)
წყარო: https://mumablue.com/
https://www.childeducationplus.com/