Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ოფთალმოლოგი რევაზ ბეზარაშვილი.

რამდენად ხშირია ბავშვებში მხედველობის დარღვევა?

თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ ადამიანი გარემოს 80%-ს თვალების საშუალებით აღიქვამს. დანარჩენს კი სხვა შეგრძნებებით, ესენია: სმენა, გემოვნება, ყნოსვა, შეხება. აქედან გამომდინარე მარტივად მიხვდებით, რამდენად დიდი როლი აქვს ადამიანის განვითარებაში მხედველობას და მით უმეტეს ბავშვებში. მცირედი მხედველობითი პრობლემაც კი ჩვენი პატარებისთვის, გარემოს ადეკვატურად აღქმის, მათი ინტელექტისა და დასწავლის პროცესში მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს.

 ბავშვებში მხედველობითი პრობლემები ძალიან ხშირია. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები 330 მილიონი ადამიანიდან, 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 50 მილიონი ბავშვი და მოზარდია კლინიკებში ოფიციალურად დარეგისტრირებული სხვადასხვა ოფთალმოლოგიური პრობლემით.

 მსოფლიოში კი, 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 1.4 მილიონი ბავშვია ოფიციალურად ბრმა.  ეს რიცხვები სამწუხაროდ ყოველწლიურად იმატებს.

რომელ ასაკში უფრო მეტად ვლინდება მხედველობის პრობლემები ბავშვებში?

უმეტესად პრობლემების  აღმოჩენა სკოლაში სიარულის დაწყების დროს ხდება.  ამ დროს იზრდება მხედველობითი დატვირთვა,  ბავშვი იწყებს წერა-კითხვის სწავლას, უწევს შორს დაფაზე გაარჩიოს ნაწერი, სახლში შეასრულოს დავალებები, რაც ასევე მხედველობით დატვირთვასთანაა კავშირში.  შემდეგ ბავშვის ზრდასთან ერთად თვალიც განაგრძობს ზრდას და პრობლემების უმეტეს მიზეზს ზედმეტი მხედველობითი დატვირთვა წარმოადგენს.
ზოგადად სასურველია ბავშვის მხედველობის წელიწადში ორჯერ შემოწმება. ისე კი  პრობლემების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ოფთალმოლოგს.

 1 წლამდე ასაკში ხშირად მშობლები აწყდებიან საცრემლე არხების  პრობლემას. ეს პრობლემა მოახდენს თუ არა გავლენას ბავშვის მხედველობაზე შემდგომ?

ეს პრობლემა დაკრიოცისტიტის სახელითაა ცნობილი და ბავშვთა დაახლოებით 12-15%-ში გვხვდება.  შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ანუ დაბადებისთანავე გამოვლინდეს, ასევე შემდგომ პერიოდში, ანუ იყოს შეძენილი.  მიზეზი ცხვირ-ცრემლის სადინრის დახშობაა, რადგან ის ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ან გარკვეული მიზეზების გამო, მაგალითად ანთებითი პროცესების შედეგად დაიხშო.
ამ დროს ადგილი აქვს უჩვეულო ცრემლდენას, ჩირქოვან გამონადენს, ცხვირთან შეშუპებას,  შეწითლებას, შეხების დროს ტკივილს და სხვა..
მშობელმა პირველივე ნიშნების დროს ბავშვი აუცილებლად უნდა წაიყვანოს კლინიკაში და გასინჯვის შემდეგ ოფთალმოლოგი გადაწყვეტს, თუ რა მკურნალობის მეთოდი აირჩიოს. 

დაგვიანებული მკურნალობის შედეგად ანთებითი პროცესები, სამწუხაროდ ბავშვის მხედველობაზეც უარყოფითად მოქმედებს.

სასკოლო ასაკის ბავშვებში,  ოფთალმოლოგთან ვიზიტის ყველაზე ხშირ მიზეზს რა წარმოადგენს და როდის არის დაგვიანებული ექიმთან მისვლა?

ეს ასაკი დაახლოებით 6-დან 18 წლამდე მერყეობს, ამ დროს მოგეხსენებათ ორგანიზმი ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესშია.  ყველაზე ხშირ მიზეზს, რეფრაქციული მანკებით (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) გამოწვეული  მხედველობის გაუარესება, ამბლიოპია ანუ იგივე ზარმაცი თვალი, სიელმე, თვალის ლორწოვანი გარსის ალერგიული, ვირუსული და ბაქტერიული ანთებითი პროცესები  წარმოადგენს.
რეფრაქციული მანკების დროს, უმეტესად 7-8 წლამდე,  ცუდად მხედველი თვალის გაზარმაცების რისკი მაღალია.  რასაც თვითონ პაციენტი შედარებით უკეთესი თვალის ხარჯზე ვერ ამჩნევს ხოლმე, ან მისი ასაკიდან გამომდინარე ტვინს ჰგონია, რომ ეს მისი ნორმაა, ასე უნდა ხედავდეს და არსებული მხედველობით ახდენს ადაპტაციას გარემოსთან.  ადრეულ ეტაპზე ასეთი ტიპის პრობლემები მკურნალობას ექვემდებარება, მოგვიანებით კი სამწუხაროდ შედეგი არაკეთილსაიმედოა.
უყურადღებოდ დატოვებული ანთებითი პროცესებიც მალე უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს და მხედველობის სიმახვილეზეც უარყოფითად აისახება.
ცვლილებების გამოვლენისთანავე,  მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს. 

რას ნიშნავს ზარმაცი თვალის სინდრომი?


ამბლიოპია ანუ იგივე ზარმაცი თვალი, ესაა მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს თვალის ფუნქციის  ცვლილებებს,  ანატომიურად პათოლოგიური ცვლილებები შესაძლოა არც კი ვლინდებოდეს.
ბავშვი როდესაც  იბადება მისი მხედველობა ძალიან დაბალია, მისი განვითარება ყოველდღიურად ხდება, აქტიურად კი 7-8 წლამდე მიმდინარეობს. ამ პერიოდში ნებისმიერი დარღვევა, მომენტალურად აისახება ბავშვის მხედველობაზე. პატარები ზრდასრულებისგან განსხვავებით ვერ აღიქვამენ ამას და ასეთი დაბალი მხედველობა ნორმა ჰგონიათ. ამ დროს ვითარდება თავის ტვინის ცენტრალური ანალიზატორის გაზარმაცება.
დროულად გამოვლენილი ზარმაცი თვალის სინდრომი ექვემდებარება მკურნალობას და მშობლებს ვურჩევ ყოველ ექვს თვეში ერთხელ,  შეამოწმონ მათი პატარების მხედველობა.

გვესაუბრეთ სიელმეზე.  რა ითვლება სიელმედ და შესაძლებელია თუ არა თავისთავად მოგვარდეს ეს პრობლემა?

 მარტივად რომ ავხსნა, სიელმე ეს არის მდგომარეობა როდესაც, სხვადასხვა მიზეზების გამო თვალები არ დგას სწორად, მათი ოპტიკური ცენტრები არ არის ერთ წერტილში მიმართული და მოძრაობა არ არის სინქრონული.  შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. 

სიელმის ხსენების დროს, პირველ რიგში ყველას ახსენდება  გამოხატული კოსმეტიკური ცვლილებები.  მაგრამ ვიზუალურის გარდა, ეს პათოლოგია,  პირველ რიგში უკავშირდება  მხედველობის სერიოზულ პრობლემებს.  თუ დროზე არ მოხდა მკურნალობა, აუცილებლად გამოიწვევს ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის სინდრომის) განვითარებას.  ასევე ვერ განვითარდება ბინოკულარული (ორი გამოსახულების შერწყმა და ერთ გამოსახულებად წარმოდგენა) და სტერეოსკოპული (სივრცითი, მოცულობითი, რელიეფური) მხედველობა. 

რაც შეეხება თავისით მოგვარებულ სიელმეს, ბავშვებში ნერვული უჯრედების მიელინიზაცია ერთ წლამდე გრძელდება, კუნთებიც სუსტია, ბავშვები საგნების ფიქსაციას იწყებენ 3-4 თვიდან,  სწორედ ამ დროს იწყება ბინოკულარული მხედველობის ჩამოყალიბებაც.   ამიტომ ექვს თვემდე პერიოდული სიელმე დასაშვებია. ზოგადად, სიელმე არცერთ ასაკში ნორმა არაა და პედიატრის გარდა საჭიროებს როგორც ნევროლოგის, ასევე ოფთალმოლოგის დროულ კონსულტაციას.

როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა სიელმის შემთხვევაში?

თავდაპირველად საჭიროა დადგინდეს სიელმის მიზეზი.  თუ შესაძლებელია, პირველ რიგში ექიმი მიმართავს კონსერვატიულ მკურნალობას, ბოლო ეტაპი კი ქირურგიაა. ოპერაციის შემთხვევაში, რაც უფრო ადრე გაკეთდება უკეთესია, რადგან ნაკლები პრობლემები იყოს ბინოკულარულ და სტერეოსკოპულ მხედველობასთან. ზოგადად სასურველია პრობლემის მოგვარება ბავშვის სკოლაში მისვლამდე. სადაც  გარდა აქტიური მხედველობითი დატვირთვის დაწყებისა, რა დროსაც სიელმე აუცილებლად პრობლემებს შეუქმნის, მაღალია სოციალური ფონი და კოსმეტიკური დეფექტის გამო გამოწვეული უსიამოვნებები თანატოლებთან.  რაც მის ფსიქიკაზე ასევე უარყოფითად აისახება.
მშობლების საყურადღებოდ!  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიელმეს ხშირად თან ერთვის თვალის სხვა პრობლემები, უმეტეს წილად რეფრაქციული მანკები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) შესაძლოა საჭირო იყოს სათვალის ტარება.  აუცილებელია ექიმთან სიარული და მუდმივი კონტროლი.

როგორ მიხვდეს მშობელი,  რომ მის შვილს მხედველობის პრობლემები აქვს და რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება?

თუ პედიატრთან სავალდებულო ვიზიტების დროს, მხედველობის პრობლემები არ იქნება დაფიქსირებული,  მშობელი მაინც  ყურადღებით უნდა იყოს და რაიმე ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოს ბავშვთა ოფთალმოლოგს.  ზოგადად ბავშვები იბადებიან შორს მხედველები და ახლო მანძილზე საგნების დაფიქსირებას დაახლოებით სამი თვის ასაკში იწყებენ.  ამას მარტივად შეამჩნევს მშობელი, რადგან ბავშვი ცდილობს ახლოს მიტანილ საგანს თვალები გააყოლოს.
პირველ თვეებში თუ ბავშვს შეატყობთ მსგავს ცვლილებებს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მაგალითად:  ბავშვი არ რეაგირებს სინათლის შუქზე, თვალებს აელმებს, გუგები არ ვიწროვდება სინათლეზე, ან აქვს უცნაური ფორმა,  ქუთუთოებს აქვს არათანაბარი დგომა,  ვამჩნევთ სიწითლეს, გამონადენს და სხვა..  როდესაც დაიწყებს სიარულს, ლაპარაკს და მისი მხედველობითი დატვირთვაც ნელნელა მოიმატებს, მაგალითად:  ხშირად ეჯახება სხვადასხვა საგნებს, ახლოს მიდის ტელევიზორთან, უჩვეულოდ ახლოს მიაქვს საგნები, როდესაც ცდილობს რამე დაიჭიროს ხელში არასწორი მიმართლებით იქნევს ხელს, შორს როცა უნდა რამის დანახვა ჭუტავს თვალებს, უჭირს ნასწავლი ფერების გამეორება და სხვა… 

როგორ ხდება მხედველობის კორექცია ბავშვებში?

უფრო მეტად ბავშვებში მხედველობის კორექცია ხდება სათვალით.   შედარებით მოზრდილ ასაკში, როდესაც ბავშვს შეუძლია გამოიყენოს ლინზები და დაიცვას მოხმარების წესები, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება.  ასტიგმატიზმის და ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობის) შემთხვევაში,  შესაძლებელია ამ რეფრაქციული მანკების,  ექსიმერ ლაზერული კორექცია, რაც რამდენიმე წამში უსათვალოდ მიღებულ მაქსიმალურ მხედველობას ნიშნავს. მიოპიის (ახლომხედველობის) შემთხვევაში,  კი პაციენტს უწევს ლოდინი იქამდე, სანამ სრულწლოვანი არ გახდება.

მხედველობის რა პრობლემებს იწვევს ეკრანი და რა იქნება თქვენი რეკომენდაცია ასეთ დროს მშობლებთან?

ბავშვის ახლო მანძილზე  ნებისმიერი  ზედმეტი მხედველობითი დატვირთვა, ახლომხედველობის ჩამოყალიბებასა და მის პროგრესირებას უწყობს ხელს.
მინდა იცოდეთ, რომ ადამიანი ჩვეულებრივ  მდგომარეობაში თვალს ახამხამებს წუთში 15-20 ჯერ. როდესაც მზერა გვაქვს ფიქსირებული ახლო მანძილზე 4-5 ჯერ. ამის გამო თვალი მეტხანს რჩება ღია მდგომარეობაში, რაც იწვევს ,,მშრალი თვალის სინდრომის“ ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება ეკრანებს,  ეკრანები ასხივებენ ლურჯ სინათლეს.  თანამედროვე ეკრანებს აქვთ ლურჯი ნათების მაბლოკირებელი ფუნქცია, ეგრეთ წოდებული ყვითელი ფილტრი.  ბავშვის ორგანიზმზე და კერძოდ თვალებზე მის  დამაზიანებელ ფაქტორებს დღემდე აქტიურად სწავლობენ.  რაც ამ დროისთვის დანამდვილებით ცნობილია ლურჯი ნათების ჭარბი ზემოქმედება არა მარტო  თვალის სტრუქტურების ცვლილებებს იწვევს, რის გამოც ნაადრევად შეიძლება განვითარდეს მაკულის დეგენერაცია, ბროლის შემღვრევა და სხვა..  არამედ, მთავარი მიზეზია ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილებების განვითარების.  რაზეც უფრო მეტად მგრძნობიარენი ბავშვები არიან.
საყურადღებოა ეკრანების  ლურჯი ნათება უმეტესად კი საღამოს საათებში, რადგან თვალში არსებული ბადურა გარსი რომელიც პასუხისმგებელია სინათლის აღქმაზე, მისი სინათლით  სტიმულაცის შედეგად ტვინს გონია, რომ დღეა და აქტიურად უნდა იყოს ორგანიზმი. ეპიფიზი ანელებს, ან წყვეტს ძილის ჰორმონის მელატონინის სინთეზს.  შედეგად კი ირღვევა მეტაბოლური პროცესები, ბავშვებს უჭირთ დაძინება ან ერღვევათ ძილის ფაზები, არიან აგზნებულები და ადვილად ღიზიანდებიან.

რაც შეეხება რეკომენდაციებს:
2 წლამდე საერთოდ არ არის რეკომენდებული ეკრანთან ურთიერთობა.  2-5 წლის ასაკში დღეში მაქსიმუმ 1 საათი, ყოველ 10-15 წუთში 2-3 წუთიანი შესვენებით. 6-18 წლამდე დღეში მაქსიმუმ 2 საათი, ყოველ 20-25 წუთში 2-3 წუთანი შესვენებით.  ეცადეთ ბავშვი იჯდეს სწორად, კომფორტულად და არ იყოს დაძაბული. წიგნის მანძილი უნდა იყოს 30-35 სმ.  ეკრანის 50-60 სმ.

დაიცავით ჰიგიენა და  ნებისმიერი მხედველობითი დატვირთვის დროს გამოიყენეთ თვალის უკონსერვანტო დამატენიანებელი წვეთები 2 საათში ერთხელ, ასევე დამატებით დისკომფორტის დროს, თითო წვეთი ორივე თვალში.  ეკრანებს გაუთიშეთ ლურჯი ნათება და არეგულირეთ კონტრასტი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5