პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ოფთალმოლოგი რევაზ ბეზარაშვილი.
რა ასაკშია საჭირო ბავშვებში მხედველობის გეგმიური შემოწმება?
ადამიანი გარემოს 80%-ს თვალების მეშვეობით აღიქვამს. აღქმა არის კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესი, რომლის დროსაც ხდება ფსიქიკაში ობიექტური სინამდვილის ასახვა. ამიტომ საჭიროა მხედველობის ორგანოს ანატომიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროული შემოწმება: დაბადებისთანავე, 3 და 6 თვის ასაკისთვის, 1 წლის ასაკში, 3 წლის ასაკში, სკოლაში წასვლამდე და წელიწადში ერთხელ გეგმურად. რადგან მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებში (დარღვევის ხარისხის შესაბამისად), ვიზუალური აღქმის პროცესები შესაძლოა განვითარდეს ძალიან ნელა, არასრულად ან საერთოდ არ განვითარდეს.
გვესაუბრეთ თვალის ყველაზე ხშირ პრობლემებზე ბავშვებში.
ბავშვებში თვალის ყველაზე ხშირ პრობლემებს წარმოადგენს რეფრაქციული მანკებით (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) გამოწვეული მხედველობის გაუარესება, ამბლიოპია ანუ იგივე ზარმაცი თვალის სინდრომი, სიელმე, თვალის ლორწოვანი გარსის ალერგიული, ვირუსული და ბაქტერიული ანთებითი პროცესები.
რეფრაქციული მანკების დროს, უმეტესად 7-8 წლამდე, ცუდად მხედველი თვალის გაზარმაცების რისკი მაღალია. თვითონ ბავშვი შედარებით უკეთესი თვალის ხარჯზე ვერ ამჩნევს ხოლმე, ან მისი ასაკიდან გამომდინარე ტვინს ჰგონია, რომ ეს მისი ნორმაა, ასე უნდა ხედავდეს და არსებული მხედველობით ახდენს ადაპტაციას გარემოსთან.
სკოლის ასაკისთვის თუ ბავშვს აქვს რეფრაქციული მანკი უნდა მოხდეს მისი კორექცია რაც შეიძლება მალე, რადგან მაღალი რისკია განვითარდეს ზარმაცი თვალი, რაც ზრდასრულ ასაკში გამოსწორებას აღარ ექვემდებარება.
რატომ არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ვიზიტი ოფთალმოლოგთან სკოლაში წასვლის წინ, თუ მშობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვს ამ მხრივ პრობლემა არ აქვს? რა შეიძლება გამოეპაროს მშობელს ასეთ დროს?
როდესაც არის გარკვეული ხარისხის რეფრაქციული მანკი, მაგალითად ჰიპერმეტროპია, ბავშვი შორ და ახლო მანძილზე ყურების დროს ყოველთვის იყენებს თვალში არსებულ ცილიარულ კუნთს. მხედველობა შეიძლება იყოს 100%, (ასაკის მატებასთან ერთად კი მხედველობა დაიწყებს გაუარესებას) მაგრამ სათვალით არაკორეგირებული პრობლემა იწვევდეს მალე დაღლას, თავისა და თვალების ტკივილს, თვალების გახშირებულ ხამხამს, მოსრესვის სურვილს. მათი ნერვული სისტემა ხდება ადვილად აგზნებადი და მარტივად ღიზიანდებიან. რადგან შორ და ახლო მანძილზე კარგად ხედავს ბავშვი, მშობლებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ მათ პატარებს არ აქვთ პრობლემა თვალების მხრივ, მაგრამ სხვადასხვა ჩივილების გამო ხშირად უწევდეთ ბავშვთა ნევროლოგთან და პედიატრთან სიარული.
მიოპიას და ასტიგმატიზმს ასევე აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. არაკორეგირებული მხედველობა ანელებს დასწავლის პროცესს, ასეთი ბავშვები ვერ არიან ფიზიკურ აქტივობებში სრულყოფილად ჩართულნი და ეს უმთავრესი პრობლემა ხდება მოსწავლეებისთვის. ასევე მაღალი ხარისხის რეფრაქციული მანკის მქონე ბავშვები საჭიროებენ მეტ დროს წერა-კითხვის პროცესში, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა მასწავლებელმა.