“დედამ იცის” წარმოგიდგენთ რუბრიკას “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან”. ჩვენი სტუმარია ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი, რომელიც გაგვიზიარებს 8 წლის ნიასთან ერთად სახლიდან მუშაობის ერთი დღის გამოცდილებას.
- ნია, 10 წუთში გაკვეთილი გეწყება, გაიღვიძე!
- სამი წუთიც რა, დე…
- ორი წუთი და დგები. ჭამა ხომ უნდა მოასწრო?!
- …
- ნია, გაკვეთილის კოდი მოვიდა უკვე.
- ….
- მორჩა, დღეს ადრე წვები.
ასეთი გახდა ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ბოლო ორი თვეა. ნია მეორე კლასშია და მისთვის არ არის მარტივი ამ უცნაურ დროში ცხოვრება გარეთ გასვლის, სკოლაში წასვლის და ეზოში თამაშის გარეშე. კორონავირუსზე პანდემიის დასაწყისში უფრო მეტს ვსაუბრობდით. მეტი კითხვა ჰქონდა. ზედმეტი შიშის ჩანერგვის გარეშე ვაწვდიდი ინფორმაციას. ახლა მხოლოდ ინფიცირებულების და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას მეკითხება. შეეგუა. დგება, შეჰყავს ის გრძელი კოდები ზუმის აპლიკაციაში, უსმენს გაკვეთილებს, ზოგჯერ წუწუნებს. ისე გათამამდა, ერთხელ შატალოზეც კი ვიყავით. შატალო არასდროს ყოფილა ასე მარტივი – უბრალოდ არ შევედით აპლიკაციაში და ჩვენს საქციელზე ჩუმად ვიხითხითეთ. ვის ვუმალავდით, არ ვიცი. მოკლედ, აი ასეთი სკოლაა. დისტანციური. კერასინკას და მშრალ სპირტზე ადუღებულ ჩაის ბევრად სჯობს. ოღონდ სკოლა ძალიან ენატრება. ერთხელ ფორმაში გამოწყობილიც კი დაესწრო გაკვეთილს.
მარტის ბოლოს გუგლმა გადაწყვიტა თვის განმავლობაში ჩემი ვიზიტების რაოდენობა დაეთვალა, დაეჯამებინა და ჩემთვის გამოეგზავნა. არ ვიცი, რატომ მომექცა ასე მაინცდამაინც ახლა. მთელი წელია ვწუწუნებ, რომ ვერ ვერთობი, რომ სამსახური-სახლის რეჟიმში ვცხოვრობ და არც ერთხელ არ მოუწერია გუგლს, რომ მთლად ასეც არ არის. ვსეირნობდი კიდეც, მეგობრებსაც ასე თუ ისე ვნახულობდი, კაფეებშიც კი დავდიოდი. მაინცდამაინც ახლა, მარტში მივიღე გუგლ MAP-ის ანგარიში: Your march visits – 2 places. ასე აღმოვჩნდი მართლა სამსახური-სახლის რეჟიმში.
ხშირად მითქვამს, რომ ჩვენს თაობას ვიღაცის ჩინურმა წყველამ უწია – საინტერესო დროში გეცხოვროსო – ხან 90-იანები თავისი უგაზობა-უშუქობით და ყინვით, ხან აფხაზეთის, ხან სამოქალაქო ომიო, რევოლუციაო, ხან საშინელი წყალდიდობაო. შუალედებში სამთავრობო რყევებს, გადადექი-გადმოდექის და გაუმარჯოს-ჯოს რაოდენობას აღარ ვითვლი. აი პანდემია ჯერ არ გვქონია. პანდემია რაღაც ახალია. სიახლეა კარანტინიც, კლასტერიც და სოციალური დისტანცირებაც და #დარჩისახლშიც. ჩინური წყევლის შემდეგ ჩინური ვირუსის ჯერი დადგა. ასე აღმოვჩნდით ოთხ კედელში მე, დიტო და ნია. ამ ყველაფერს ის დაემატა, რომ პანდემიის გამო ჩვენგან გაურკვეველი ვადით დისტანცირდა ნიას ძიძა, ჩემი მარჯვენა-მარცხენა ხელი, ოჯახის მენეჯერი ნატო. მე კი გავხდი პედაგოგი, მზარეული, დამხმარე ქალი და რაღაც გასართობების მომგონებელი. არ ყოფილა მარტივი. იმედის დილის წამყვანი ვარ. ვიღვიძებ 05:45-ზე, 10:00-ზე ეთერი მთავრდება და სახლში მივდივარ. არა, არა. ზოგჯერ დელისის მეტროსთან ვჩერდები, რომ ხილი და რამე ვიყიდო. ეს რამე ყოველთვის საყიდელი არ არის, მაგრამ მინდა სახლში მისვლამდე ცოტა ფეხით გავიარო, ადამიანები დავინახო, გარემო დავათვალიერო. სახლში შესვლის პროტოკოლის შემდეგ ზუსტად ის დრროა, როცა ნიას პირველი გაკვეთილი უმთავრდება. ვსაუზმობთ. დალაგების და სადილის მომზადების შემდეგ რამე გასართობიც უნდა მოვიფიქრო. ერთი პერიოდი საპნის ბუშტების საბერს ვაკეთებდით და სახურავზე ავდიოდით. ჰაერიც იყო, უზარმაზარი ბუშტებიც და სივრცეც. მერე ბოლო სართულის მეზობელმა გვითხრა, რომ შეიძლება ჩვენი გართობით სახურავზე ახალი დაგებული ე.წ ტოლი დაგვიზიანებინა და უკმაყოფილო ბუზღუნით ჩამოვიძურწეთ სახლში. აივანზე წიგნის კითხვაც მოგვწონს, ხატვაც, კარაოკეთი ვერთობით, დურაკას ვთამაშობთ. მომადგება ხოლმე: დედა, ერთი სამი ხელი დურაკა ხომ არ ჩამოვჭექოთ? ეს სიტყვა მხოლოდ კარტის თამაშისთვის მოიგონა. ამაზე მეცინება და მარტივად ვთანხმდები ხოლმე, მაგრამ ეზოა საჭირო – სირბილი და ხტუნვა.
მომდევნო დღის ეთერზე სახლიდან ვმუშაობ: ამბებს ვეძებ, დისტანციურად ჩასართავ სტუმრებს ვესაუბრები, საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც გავაკეთე. იმედის დილის ანონსის ხმას კარადაში ვწერ ხოლმე. ერთი თარო გადმოვიღე. შევძვრები ჩემს კაბებში, შევიტან ტელეფონს და ვიწყებ ხმის ჩაწერას. როცა კარადიდან გამოვდივარ, ნია და დიტო კართან მხვდებიან აპლოდისმენტებით.
რადგან რვა წლისაა, ანუ როგორც თვითონ ამბობს, საშუალოა(უკვე აღარც პატარა და ჯერ არც დიდი), რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს. ოღონდ მაწუხებს, რომ რაც ეს 8 წელი არ გვიკამათია, ახლა მოგვიწია – ძირითადად ელექტრონული გაჯეტების გამო. ვკამათობთ მსუბუქად და ვრიგდებით მალე. ერთად ველოდებით როდის დასრულდება ეს ყველაფერი. სამომავლო გეგმებს ვაწყობთ – ხან მოგზაურობას წარმოვიდგენთ, ხან უბრალოდ ჩვეულებრივ ცხოვრებას. და ბოლო ორი თვეა, ჩვენს წინადადებებს უცვლელი დასაწყისი აქვს – როცა კორონა დამთავრდება…