Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბოლო წლებში უფრო მეტი ყურადღება ექცევა ნაწლავის ჯანმრთელობას, რადგან სულ უფრო მეტად ვაცნობიერებთ ნაწლავის მიკრობიომის მნიშვნელოვან გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ტრილიონობით ბაქტერია, სოკო და ვირუსი, რომლებიც ქმნიან ადამიანის მიკრობიომს, ვითარდება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე და კვლევების თანახმად, ჩვენ პირველად მათ  დედების საშვილოსნოშივე ვხვდებით. რაც უფრო ვიზრდებით, ნაწლავის მიკრობიომა განაგრძობს გამრავალფეროვნებას და ეს მრავალფეროვნება ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

”ნაწლავის მიკრობიოტა მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის იმუნურ და ნერვულ სისტემასთან და გავლენას ახდენს ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მრავალ ასპექტზე”, – ამბობს მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი, პედიატრი უიტნი კასარესი. “ჯანსაღი ნაწლავი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას, რაც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის რეაქციებზე და ტვინის ფუნქციონირებაზე“.

ახალი კვლევის თანახმად, 1 წლამდე ასაკის 10-დან  9 ჩვილს  აქვს  ბაქტერიის იმ ტიპის დეფიციტი (B. Infantis), რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.

„ჩვილების უმრავლესობას ამ საკვანძო ნაწლავის ბაქტერიის დეფიციტი აქვს სიცოცხლის პირველივე კვირებიდან და, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ხშირად გვხვდება, მშობლებმა და პედიატრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ“ – ამბობს კვლევის თანაავტორი რებეკა დუარი.

დეფიციტის გარდა, კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ, ჩვილის ნაწლავის მიკრობიომაში  ბაქტერიების 93% პოტენციურად საშიშია. მოცემული ბაქტერიები კონკრეტულად ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას უკავშირდება. დუარი აღნიშნავს, რომ B. infantis–ის ნაკლებობა შეიძლება საშიში ბაქტერიების არსებობას უკავშირდებოდეს, რადგან ის ჩვეულებრივ იცავს ჩვილთა ნაწლავის ტრაქტს.

ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან, როდესაც ცუდი ბაქტერია ახერხებს ჩვილის ნაწლავში განვითარებას, იზრდება კოლიკის, საფენის გამონაყარის, ეგზემის, ალერგიებისა  და 1 ტიპის დიაბეტის რისკი.

როგორ შევუწყოთ ხელი ნაწლავის ჯანმრთელობას?

ძუძუთი კვება

ბევრი ექსპერტი აღნიშნავს დედის რძეს, როგორც ბავშვის საუკეთესო საკვებს  პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

”დედის რძეს აქვს კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობს დაბალანსებული მიკრობიოტის განვითარებას, მდიდარია ბიფიდობაქტერიებით, მათ შორის პრობიოტიკური ბაქტერიებით და ოლიგოსაქარიდებით”, – ამბობს კასარესი.

ამასთან, თითოეული დედა და შვილი განსხვავებულია, ამიტომ ძუძუთი კვების პრაქტიკაში არ არსებობს ”საუკეთესო” მიდგომა და შეიძლება ბევრი გამოწვევა იდგეს მათ წინაშე. „მიუხედავად იმისა, რომ დედებს ვურჩევთ ძუძუთი კვებას, რათა ბავშვის ნაწლავმა მიიღოს იმუნიტეტის გამაძლიერებელი მეტი ბიფიდობაქტერია, ზოგჯერ დედის სამსახური, სტრესი, რძის წარმოება ან სურვილის არქონა ხელს უშლის ამას.“, – ამბობს მედიცინის დოქტორი, პედიატრი რაშმი ჯაინი.

პრებიოტიკები და პრობიოტიკები

პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის ჯანმრთელობას და ძლიერ იმუნურ სისტემას, ხოლო პრებიოტიკები კვებავს მიკროორგანიზმებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. დედის რძე ორივეს ბუნებრივი წყაროა. მისი შემცვლელი ხელოვნური ნარევი (ფორმულა) ხშირად შეიცავს პრობიოტიკებსა და პრებიოტიკებს.

ჯანსაღი მაგალითის მიცემა

მყარი საკვების შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვანია ბურღულეულის, ხილის, ბოსტნეულისა და პარკოსნების  დაბალანსება მენიუში. ეს ხელს შეუწყობს დაბალანსებული მიკრობიოტის განვითარებას. მოერიდეთ საკვებს დამატებული შაქრით, ასევე დამუშავებულ და დაფასოებულ საკვებს.

„ხშირად, ვფიქრობ, რომ მშობლებს უფრო უჭირთ მაგალითის მიცემა და გზის გაკვლევა”, – ამბობს ჯეინი. „თუმცა, თუ მათ შეეძლებათ ჯანსაღი და დაბალანსებული ცხოვრების წესის დანერგვა საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის, ბავშვები მარტივად მიჰყვებიან ბილიკებს. ისინი სწავლობენ მაგალითებით, რომლებსაც ხედავენ. ბავშვებს ძველი ჩვევები უფრო მარტივად ავიწყდებათ, ვიდრე ჩვენ –  მოზარდებს.”

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5