ორსულობის დროს ალბათ ყველაზე ამაღელვებელია ნაყოფის გადაადგილების, ბრუნვის, სლოკინის შეგრძნებები. ეს შესანიშნავი მტკიცებულებაა იმისა, რომ თქვენს სხეულში ახალი და ენერგიული სიცოცხლე ვითარდება.
მაგრამ ნაყოფის მოძრაობამ ორსულობის დროს ასევე შეიძლება გამოიწვიოს მომავალი დედის შიშები და შფოთვები: საკმარისად მირტყამს წიხლებს ჩემი პატარა? ბევრს ხომ არ მოძრაობას? 4 ფეხი რომ არ აქვს?
მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატარა განსხვავებულად ვითარდება, როდესაც საქმე ეხება ნაყოფის მოძრაობას, არსებობს გარკვეული ნორმები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიაში.
ნაყოფის მოძრაობა პირველ ტრიმესტრში
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფი იმდენად პატარაა და ისე ღრმადაა მოთავსებული თქვენს საშვილოსნოში, რომ მის მოძრაობებს ვერ იგრძნობთ.
ნაყოფის მოძრაობა მეორე ტრიმესტრში
პირველი მოძრაობა შეიძლება იგრძნოთ 18-22 კვირაზე და თუ პირველი ორსულობაა, შესაძლოა 25 კვირამდეც ვერ შეამჩნიოთ. გასათვალისწინებელია პლაცენტის პოზიცია. პლაცენტის წინმდებარეობა აყოვნებს ნაყოფის მოძრაობის შეგრძნებას.
პირველი მოძრაობები შეიძლება ჰგავდეს „მუცელში პეპლების ფრიალის“ შეგრძნებას, ან წყალში თევზის გაფართხალების, ასევე გაზების ან შიმშილის დროს ნაცნობ შეგრძნებებს. ნუ შეადარებთ თქვენი პატარას მოძრაობებს სხვა ორსულების ან თქვენი სხვა ორსულობების გამოცდილებებს, რადგან ეს ინდივიდუალურია.
როდის არის ნაყოფი უფრო აქტიური?
ღამით თქვენი ძილის წინ. როდესაც მოსვენებულ მდგომარეობაში ხართ, უფრო აყურადებთ საკუთარ სხეულს და გრძნობთ ნაყოფის მოძრაობასაც.
წახემსების შემდეგ. სისხლში შაქრის დონის აწევამ შეიძლება ზღვა ენერგია აჩუქოს თქვენს პატარას.
როცა აღელვებული ხართ. ადრენალინი ასევე ენერგიას ჰმატებს ნაყოფს.
ნაყოფის მოძრაობა მესამე ტრიმესტრში
თქვენი პატარა ბევრად უფრო დიდია და მისი დარტმებიც უფრო იგრძნობა.
ბავშვის დარტყმების დათვლა
იმის გასაგებად, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის, თქვენი ექიმი შემოგთავაზებთ, დაითვალოთ ნაყოფის მოძრაობები 28-ე კვირიდან ორსულობის დასრულებამდე.
რა სიხშირით: გამოყავით მშვიდი დრო დღეში ორჯერ დარტყმების დასათვლელად, დილით, როდესაც ნაყოფის ბიძგები უფრო იშვიათია და საღამოს საათებში, როდესაც ჩვეულებრივ იზრდება ბავშვის მოძრაობა.
რა უნდა გააკეთოთ: დაინიშნეთ საათი და დაიწყეთ ათვლა. ითვლით ნებისმიერი სახის მოძრაობას. შეაჩერეთ დათვლა, როდესაც 10-მდე მიაღწევთ და აღნიშნეთ დრო.
დააკვირდით: ნებისმიერი სახის 10 მოძრაობა 1 საათზე ნაკლებ დროში ნორმალურია, თუმცა ზოგჯერ ამას უფრო დიდი დრო დასჭირდება.
თუ ერთ საათში 10 მოძრაობა არ გიგრძნიათ: წაიხემსეთ ან დალიეთ ხილის წვენი, დაწექით და განაგრძეთ თვლა. თუ 10 მოძრაობამდე ორ საათზე მეტი დაგჭირდათ, დაუკავშირდით ექიმს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს რაიმე საშიშს, ზოგჯერ შეიძლება იყოს წითელი ალამი, რომელსაც სჭირდება სწრაფი შეფასება ან დაკვირვება.
გაითვალისწინეთ: რაც უფრო ახლოს ხართ მშობიარობასთან, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ნაყოფის მოძრაობების რეგულარული შემოწმება. მე–9 თვისთვის დღეში რამდენჯერმე დაითვალეთ და დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ მოძრაობის უეცარ შემცირებას შენიშნავთ.
ნაყოფის აქტივობის შემცირება
სექსის შემდეგ: არ იღელვოთ, რადგან საშვილოსნოს რიტმული შეკუმშვას, რაც ორგაზმს მოჰყვება, ხშირად პატარები სიზმრების ქვეყანაში მიჰყავს. თუმცა, ზოგიერთი შეიძლება სექსის შემდეგ უფრო გააქტიურდეს. ასეა თუ ისე, ეს ცვლილებები ნორმალური და ჯანსაღია – და არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ სქესობრივი კავშირი ორსულობის დროს არ არის უსაფრთხო (ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს).
მეორე ტრიმესტრში: ამ ეტაპზე თქვენი ბავშვი ჯერ კიდევ საკმაოდ პატარაა და ნორმალურია არ იგრძნოთ რეგულარული მოძრაობა. ზოგიერთი მოძრაობა შეიძლება გამოტოვოთ ნაყოფის მდგომარეობის ან იმის გამო, რომ თქვენ გეძინათ, როცა ის აქტიურობდა.
მესამე ტრიმესტრში: თქვენს პატარას საკმაოდ ძილის და სიფხიზლის საკმაოდ რეგულარული პერიოდები აქვს და ზოგჯერ მიყუჩება მხოლოდ ღრმა ძილს ნიშნავს (და მალე ძალიან მადლობელი იქნებით მშვიდი ძილის უნარისთვის).
თუ გსურთ, ნაყოფის მოძრაობა გამოიწვიოთ:
- წაიხემსეთ ან ტკბილი წვენი დალიეთ;
- ამოძრავდით;
- მიანათეთ ფანარი თქვენს მუცელს;
- დაელაპარაკეთ თქვენს პატარას;
- ნაზად მიუკაკუნეთ მუცელზე.
P.S. თუ ნაყოფის რიტმულ მოძრაობებს გრძნობთ, ე.ი. თქვენი პატარა ასლოკინებს.
წყარო: www.whattoexpect.com