რა არის ტრიპანოფობია?
ტრიპანოფობია არის ძლიერი შიში სამედიცინო პროცედურების მიმართ, რომელიც მოიცავს ინიექციებს (სამკურნალო ხსნარის (ან რაიმე სხვა ნივთიერების) შეყვანა, შეშხაპუნება სხეულის სიღრუეებსა და ქსოვილებში შპრიცის საშუალებით) ან სამედიცინო ნემსებს.
ბავშვებს განსაკუთრებით ეშინიათ ნემსების, რადგან მათი კანი უფრო მგრძნობიარეა ჩხვლეტის მიმართ. მოზრდილ ასაკში ადამიანების უმეტესობას იოლად გადააქვს ნემსის გაკეთება.
თუმცა, ზოგ მოზრდილსაც აქვს ნემსის შიში და ზოგჯერ ის შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი.
რა იწვევს ტრიპანოფობიას?
გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილება ან წარსულში გადატანილი კონკრეტულ საგანთან ან სიტუაციასთან დაკავშირებული ტრავმა;
- ნათესავები, რომლებსაც ჰქონდათ ფობია (რამაც გამოიწვიო გენეტიკურად განპირობებული ან დასწავლილი ქცევა);
- ტვინში ქიმიური ნივთიერებების ცვლილებები;
- ბავშვობის ფობიები, რომლებიც წარმოიქმნენ 10 წლის ასაკისთვის;
- ტემპერამენტი;
- ნეგატიური ინფორმაციის ან გამოცდილების შესახებ დასწავლა.
როგორ ვლინდება ტრიპანოფობია?
ტრიპანოფობიის შემთხვევაში, ნემსებმა შეიძლება გამოიწვიოს:
- გონების დაკარგვა ან ძლიერი თავბრუსხვევა ნემსის ჩხვლეტის შემთხვევაში;
- ნემსის დანახვისას ცუდი მოგონებებისა და შფოთვის განცდა, წარსულში მტკივნეული ინიექციის გამო.
- სხვა მსგავსი შიშები ან იპოქონდრია.
- ტკივილის მიმართ მგრძნობელობა, რომელიც ხშირად გენეტიკურია და იწვევს ძლიერ შფოთვას, წნევის მომატებას, გულისცემის გახშირებას ისეთი სამედიცინო პროცედურებისას, სადაც ნემსის გამოყენებაა საჭირო.
- შეზღუდვების შიში, რადგან ნემსის გაკეთებას ხშირად მოსდევს გარკვეული აკრძალვები.
ტრიპანოფობიის სიმპტომებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი ადამიანის ცხოვრების ხარისხს. სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს ნემსს ან ეუბნებიან, რომ წინ ელოდება პროცედურა, რომელიც მოიცავს მას. ეს სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა;
- გულის წასვლა;
- შფოთვა;
- ინსომნია (უძილობა);
- პანიკის შეტევები;
- მაღალი წნევა;
- გახშირებული გულისცემა;
- ემოციური ან ფიზიკური ძალადობის შეგრძნება;
- სამედიცინო ჩარევისაგან გაქცევა ან თავის არიდება.
ტრიპანოფობიის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა სამედიცინო პრობლემების გამორიცხვა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის კონსულტაცია. მას ხშირად თან ახლავს სტრესული ეპიზოდები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს პანიკის შეტევებს. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის დაგვიანება, რაც განსაკუთრებით საზიანოა, ქრონიკული მდგომარეობების ან გადაუდებელი დახმარების საჭიროების დროს.
როგორ მკურნალობენ ტრიპანოფობიას?
ტრიპანოფობიის მკურნალობის მიზანია თქვენი ფობიის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა. ასე რომ, თქვენი მკურნალობა შეიძლება განსხვავდებოდეს ამ ფობიის მქონე სხვა ადამიანის მკურნალობისგან.
ტრიპანოფობიის მქონე ადამიანების უმეტესობისთვის რეკომენდებულია ფსიქოთერაპია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT). ეს გულისხმობს თერაპიის გზით ნემსის მიმართ შიშის გამოკვლევას და იმ მეთოდების დასწავლას, რომელიც დაგეხმარებათ მასთან გამკლავებაში. თქვენი თერაპევტი გასწავლით, როგორ აღმოაჩინოთ სხვადასხვა გზა, რათა იფიქროთ თქვენს შიშებზე და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ისინი თქვენზე.
ექსპოზიციური თერაპია. ეს CBT–ის მსგავსია იმით, რომ იგი ორიენტირებულია ნემსის შიშისადმი თქვენი გონებრივი და ფიზიკური პასუხის შეცვლაზე. თქვენმა თერაპევტმა შეიძლება გაჩვენოთ ნემსის ფოტოები, ცოტა ხანში დაგიდოთ ნემსი გვერდით, შემდეგი ეტაპი კი იქნება ნემსის ხელში დაჭერა და წარმოდგენა იმისა, რომ იკეთებთ ინიექციას.
მედიკამენტები აუცილებელია მაშინ, როდესაც ადამიანი ისეთ სტრესშია, რომ ის ვერ მონაწილეობს ფსიქოთერაპიაში. შფოთვის საწინააღმდეგო და დამამშვიდებელ მედიკამენტებს შეუძლიათ თქვენი სხეულისა და ტვინის მოდუნება იმდენად, რომ შეამცირონ თქვენი სიმპტომები. მედიკამენტები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლის ტესტის ან ვაქცინაციის დროს, თუ ეს ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.
ტრიპანოფობიასთან გამკლავების გასაღები არის მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. მას შემდეგ რაც დაადგენთ, თუ რატომ გეშინიათ ნემსების, მნიშვნელოვანია მიჰყვეთ თქვენი მკურნალობის გეგმას. შესაძლოა, თქვენ ბოლომდე ვერ გადალახოთ ეს შიში, მაგრამ, სულ მცირე, თქვენ შეძლებთ ისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება.
წყარო: www.healthline.com