მომავალი დედისთვის უმნიშვნელოვანესია ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ბუნებრივი კვების უპირატესობის შესახებ და იმ სირთულეების შესახებ, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან. ნეონატოლოგი და პედიატრი ლიკა ოტიაშვილი, რომელიც 25 წელია ემსახურება ახალშობილების და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობას, გვესაუბრება ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ პროცესის სწორად მართვაზე.
დედის ინფორმირებულობა და ორსულობისას ძუძუთი კვებისთვის მზადება, სავალდებულო და უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება განვითარებულ ქვეყნებში. როდესაც დედამ (და სასურველია მამამაც) იცის ძუძუთი კვების უპირატესობა, ის მოტივირებულია და მზად არის დაძლიოს ყველა სირთულე, რაც შეიძლება წარმოიშვას ამ პროცესში. აქ უპირატესად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დედის რძე არა უბრალოდ საუკეთესო, უსაფრთხო და ახალშობილის ზრდა-განვითარებისთვის იდეალური პროდუქტია, არამედ არის მისი შვილის ჯანმრთელობის თითქმის 100 %-იანი გარანტი და დაცვა მრავალი ინფექციური თუ არაინფექციური დაავადებებისაგან (გრიპი, ალერგია, დისბაქტერიოზი და ა.შ). ის არის ბავშვთა გადარჩენის და უსაფრთხოების, ასევე ინტელექტუალური განვითარების და ჯანმრთელი ფსიქო-ემოციური სტატუსის საწინდარი.
ძუძუთი კვების ემოციურ ფაქტორზეც გვესაუბრეთ, როგორც დედისთვის, ასევე ჩვილისთვის?
ემოციური ფაქტორები არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ახალდაბადებულ ახალშობილს სამშობიარო ბლოკში ვაწვენთ დედასთან ძუძუზე ის მომენტალურად წყვეტს ტირის და მშვიდდება, ძუძუთი კვებისას თვალებში შესციცინებს, სიყვარულით და მადლიერებით შესცქერის მას და ხელის მოძრაობითაც აფიქსირებს თანამონაწილეობას ამ პროცესში. ეს სიკეთე და სინათლე, რაც მისი თვალებიდან მოდის, ის ბედნიერების განცდა, რასაც ძუძუთი კვებისას გამოხატავს ძალიან ძნელი დასათმობია დედისთვის, როდესაც საქმე ძუძუს დანებებაზე მიდგება ხოლმე.
როგორ უნდა გაიგოს დედამ ჰყოფნის თუ არა ახალშობილს რძე?
ხშირად ებადებათ ქალებს კითხვა აქვთ თუ არა რძე და რომ არ ჰქონდეთ, რა უნდა ქნან ამისთვის? ქალების თითქმის 100 % ყოველთვის ექნება იმ რაოდენობის და იმ შემადგენლობის რძე, რომელიც სჭირდება მის ახალშობილს. თუ თქვენ სწორად იცავთ ტექნიკას, სწორად უდებთ ძუძუს ახალშობილს, გამორიცხულია რომ არ მოხდეს შესაბამისად ლაქტაციის ფორმირება. ლაქტაციის ფენომენი არის ხშირ და სწორ წოვაზე დამოკიდებული. არსებობს უიშვიათესი (მილიონიდან ერთ ან ორ ქალში გამოვლენილი) დაავადება, სადინარების ატროფია, ან სადინარის მილაკების პათოლოგიური განვითარება, რაც შეიძლება გახდეს აგალაქტიის მიზეზი.
რა ფაქტორები იწვევს ჰიპოგალაქტიას ანუ რძის შემცირებას და ნაკლებობას?
ორადორი მიზეზი არსებობს ჰიპოგალაქტიის: თუ ჩვენ ახალშობილს ვაძლევთ მატყუარას დღეში ორჯერ მაინც ათი წუთის განმავლობაში და თუ ვაჭმევთ საათობრივი რეჟიმით, ანუ იმ რეჟიმით, რომელსაც ჩვენ მას დავუწესებთ და არა მაშინ, როდესაც მას შია. ეს არის ორი მიზეზი ჰიპოგალაქტიის. ამ შემთხვევაში, რძე უცებ არ გაშრება, ის თანდათან შემცირდება და რამდენიმე კვირაში პრაქტიკულად აღარ იქნება ან იქნება ბავშვისთვის არასაკმარისი რაოდენობის და ბავშვი შეაჩერებს მატებას.
რატომ არ არის რეკომენდებული მატყუარა საწოვრის მიცემა – ძუძუთი კვებისას ახალშობილი ძალიან დიდ შრომას სწევს და დიდ ენერგიას ხარჯავს. ფიზიოლოგები, ახალშობილების მიერ დახარჯულ ენერგიას, უტოლებენ ჩვენს მიერ, ცხელ ამინდში თბილად ჩაცმული, მთის მწვერვალზე არბენისას დახარჯულ ენერგიას და როდესაც მატყუარას ვაძლევთ მტირალ პატარას, რომელიც უპირატესად ტირის შიმშილის გამო, ის წოვს მატყუარას (რადგან ის ძუძუ ჰგონია) იმ ძალით და იმ შრომას, ენერგიას ხარჯავს მასზე , რასაც ხარჯავს ძუძუთი კვებისას. პრაქტიკულად , მთაზე არბის და სანაცვლოდ, არ იღებს არანაირ საკვებ ენერგიას, ის იღლება, იძინებს და შემდგომ კვებასაც წოვს შედარებით სუსტად, უვარდება ერთი კვება , რადგან შიოდა და ჩვენ მივეცით მატყუარა. შემდეგი კვებაც არასრულფასოვანია და რადგან ლაქტაციის (რძის მოყვანის) ერთადერთი საშუალება არის სწორი და აქტიური წოვა, შედეგად ვიღებთ მის შემცირებას ანუ ჰიპოგალაქტიას.
როგორ უნდა მოემზადოს ორსული ფსიქოლოგიურად ძუძუთი კვებისთვის?
ორსულმა პროფესიონალისგან და არა თავის მიერ მოძიებული მედიიდან უნდა მიიღოს სწორი ინფორმაცია, თან აუცილებლად ორსულობისას და არა მშობიარობის შემდეგ, როგორ უნდა ჩაუდოს ახალშობილს სწორად ძუძუ და რამდენად მნიშვნელოვანი და კარგია ახალშობილისთვის და დედისთვის ეს პროცესი. ეს ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო პროცესია, ამ დროს ქალთან ხდება ძუძუს კიბოს პრევენცია, საშვილოსნოდან სისხლდენის პრევენცია და საშვილოსნოს კიბოს პრევენცია, ასევე სხვა მრავალი მნიშვნელოვანი პროცესი.
რა შეიძლება იყოს ლაქტაციის გართულება?
თუ ქალი მკერდს არ გაიციებს, არ ჩაიცვამს მჭიდრო ბიუსტჰალტერს, არ გაიკეთებს მასაჟს „სადინარების გასახსნელად“, პრაქტიკულად გამორიცხულია მას რაიმე გართულება ჰქონდეს მკერდზე. მაგრამ, თუ ადგილი ექნება გაციების და შეგუბების გამო მასტიტს, ამ დროსაც ჩარევა, ძუძუს მასაჟი და გამოწველა კატეგორიულად აკრძალულია. მკერდი, მხოლოდ თავად დედამ უნდა დაიცალოს ცხელ აბაზანაში ან თბილი საფენებით სადინარების გაფართოების შემდეგ, და თბილად შეფუთული ძუძუ მოშიებულ ბავშვს უნდა მოაწოვოს, რაც შეგუბებული რძისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ეს რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული. თუ მაინც მოხდება გართულება და დაიწყება მასტიტი, რომელიც ასევე მკერდის თავიდან შეჭრილი ინფექციის მიზეზითაც შეიძლება გამოვლინდეს, პირველივე რეკომენდაცია არის თბილი საფენები, რა თქმა უნდა მკერდის დაცლა ბავშვის მიერ ისევ და ისევ იმ მეთოდით, რაც აღვწერეთ და მედიკამენტოზური ჩარევა, არასტერეოიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ანტიბიოტიკები და არავითარ შემთხვევაში გამოწველა და მით უმეტეს მასაჟი.
როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის მენიუ?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მეძუძურმა დედამ უნდა მიიღოს ყველა საკვები და რაიმე, კატეგორიული შეზღუდვები არ არის დაწესებული დედის მეძუძურობის პერიოდში. თუმცა, აუცილებელია ეს საკვები იყოს ჯანსაღი პროდუქტი და ლაქტაციისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ფასთ ფუდი და ის პროდუქტები, რომელიც დიდხანს ინახება, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ახალშობილის განვითარებაზე. ასევე, არ უნდა მიიღოს ისეთი პროდქტები, რომელიც იწვევს დედის შებერვას და ნაწლავურ დისკომფორტს, დიდი რაოდენობით ტკბილი, ცხიმი და ეს შეზღუდული უნდა იყოს ზომიერად, მაგრამ არა აკრძალული. ყავა და სიგარეტი უფრო საზიანოა მეძუძურობის დროს ბავშვისთვის, ვიდრე ორსულობის დროს, ეს დადგენილია. ერთი ფინჯანი ყავა შეიძლება დედამ დალიოს დღის განმავლობაში, რადგან ისედაც დაბალი აქვთ წნევა, ბევრ ენერგიას და სითხეს გასცემენ და სასურველია რომ ტონუსში იყვნენ, მაგრამ უფრო რეკომენდებულია უკოფეინო ყავის მიღება.
რას გვეტყოდით ლაქტომასტიმულირებელ (“რძის მომყვან”) საშუალებებზე, რამდენად ეფექტურია?
ლაქტომასტიმულირებელი საშუალებები პრაქტიკულად არ მოქმედებს. არანაირი საკვები არ აძლიერებს ლაქტაციას: ხორბლის ნახარში, უალკოჰოლო ლუდი, შედედებული რძიანი ჩაი, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, ძალიან საზიანოა ბავშვისთვის, რადგან შეიცავს უამრავ შაქარს, ცხიმს და რძეს, რომელიც ყველაზე ნაკლებად რეკომენდებულია ლაქტაციის დროს რძის პროდუქტებიდან. მეძუძურმა დედამ ჯობია მიირთვას ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი, ვიდრე შედედებული რძე. ასევე, მნიშვნელოვანია ცოტა იმაზე მეტი საკვები მიიღოს, ვიდრე მიირთმევდა, რადგან უფრო მეტ ენერგიას, მეტ სითხეს და მეტ ცილას გასცემს და ეს უნდა დაკომპენსირდეს. ქალის ორგანიზმი არანაირად არ დაზიანდება, თუ ის იკვებება სწორად. ლაქტაციის სტიმულატორი მხოლოდ და მხოლოდ ხშირი და სწორი ძუძუთი კვებაა, ხოლო დედის წონაში მატება ლაქტაციისას მითია, ძუძუთი კვება ეს არის ბუნებრივი ლიპოსაქცია და ამ დროს დედა, მნიშვნელოვნად იკლებს წონაში და უბრუნდება სასურველ წონას, თუ ზომიერად მიიღებს კალორიებს.
როგორი უნდა იყოს ძუძუთი კვების პოლიტიკა სამშობიარო სახლებში?
იმისათვის, რომ დედამ შეძლოს ლაქტაციის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია სამშობიარო სახლში, ლაქტაციის ნორმალური ფორმირებისთვის ბავშვმა დაბადების პირველი ნახევარი საათიდან – ერთ საათში მოწოვოს ძუძუ, რადგან ამ დროს არის ძალიან აქტიური მისი წოვის ინსტიქტი. ამის შემდეგ, პირველი 24 საათი მას აქვს ფიზიოლოგიური შიმშილობის პერიოდი, თითქმის სულ სძინავს და იშვიათად ითხოვს ძუძუს. ეს არის საოცარი სანახაობა, როდესაც ახალდაბადებული ჯანმრთელი ახალშობილი მიცოცავს და პოულობს ძუძუს (სპეციფიური სუნის და მომატებული პიგმენტაციის წყალობით) და იწყებს აქტიურ წოვას.
სამშობიაროში ასევე აუცილებელია დედა შვილის განუწყვეტლივ ერთად ყოფნა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვს მიეცეს ადაპტირებული ნარევი, იმ მიზეზით რომ მეორე ან მესამე დღეს დედას რძე არ მოსდის. რა ხდება? როგორც გითხარით პირველი 24 საათი არის ფიზიოლოგიური შიმშილობის პერიოდი, მაგრამ მეორე დღიდან იწყება განუწყვეტელი წოვის ფაზა და ახალშობილი წოვს გაუჩერებლად, დღენახევარი (ღამის ჩათვლით) სანამ არ მოიყვანს დიდი რაოდენობით რძეს, რასაც თან ახლავს 37,5-მდე ტემპერატურა, ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება მკერდის არეში, რაც არ არის მასტიტის ნიშანი, არ საჭიროებს ჩარევას (მასაჟი და „სადინარების გახსნა“) და თავისით ქრება 24-36 სთ-ში.